გრამატიკის (არ) არსებობა სკოლებში – რატომ ვერ აბარებენ მოსწავლეები ეროვნულ გამოცდას ქართულში რეპეტიტორის გარეშე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გვიმტკიცებს, რომ მათი „მიზანი ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნაა, რომელშიც რეპეტიტორი საჭირო აღარ იქნება“. მეორეს მხრივ კი, არავითარი გეგმა, რომ სკოლაში ქართული ენის გრამატიკის სწავლება გაძლიერდეს, რომელიც უმაღლესში მისაღები გამოცდის ჩაბარებისას გადამწყვეტია, არ არსებობს. აბიტურიენტებიც, გარდაუვლად, სწორედ რეპეტიტორის დახმარებით ახერხებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდის ჩაბარებას. მოკლედ, მიხეილ ჩხენკელის ფიცი და იდეა გვწამს და გვახარებს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებს.
„განათლების იდეალური ხარისხიც რომ გვქონდეს, რეპეტიტორთა სისტემა მაინც იარსებებს“ – შალვა ტაბატაძე
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, ხშირად, ღიად აფიქსირებენ პოზიციას, რომ სკოლებში ქართულ გრამატიკის სწავლებას იმაზე უფრო მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს, ვიდრე ეთმობა. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა იმაზე რეალურია, ვიდრე ვფიქრობდით. თუ ეროვნულ სასწავლო გეგმას გადავხედავთ და საგნის სტანდარტს გავეცნობით, აღმოვაჩენთ, რომ ამ პედაგოგებს მართლაც აქვთ საფუძველი ასეთი პირდაპირი განცხადებებისთვის. საბაზო საფეხურის წლიურ პროგრამაში გრამატიკის საკითხები საერთოდ არ გვხვდება, თუმცა თითოეული იმ თემის ცნებათა გრაფაში, რომელიც მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ, შემდეგ ჩანაწერს ვხედავთ: „გრამატიკის საკითხები (საჭიროებისამებრ, კონკრეტული კონტექსტის შესაბამისად)“, რაც ადასტურებს, რომ გრამატიკის საკითხები საბაზო საფეხურიდან სავალდებულოდ აღარ ისწავლება, როგორც ეს ხდებოდა დაწყებითი კლასების შემთხვევაში.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, არის თუ არა ქართულ სკოლებში გრამატიკის სწავლების საჭიროება და რა გზებს იყენებენ პედაგოგები იმისთვის, რომ „საჭიროებისამებრ, კონკრეტული ტექსტის შესაბამისად“ საბაზო თუ საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა არ იგრძნონ, რომ გრამატიკის სწავლა მათთვის სავალდებულო არ არის.
გრამატიკის სწავლების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ვესაუბრეთ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ქალბატონ რუსუდან მურღულიას.
სპეციალისტი ამბობს, რომ ქართულმა სკოლებმა აუცილებლად უნდა შეუწყონ ხელი როგორც მშობლიური ლიტერატურის, ისე გრამატიკის სწავლებას, რადგან ამის საჭიროება დღეს ნამდვილად არსებობს.
„არათუ მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლიტერატურასთან ერთად, გრამატიკის სწავლება. პირადად მე, როგორც პედაგოგი და მოქალაქე, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები გრამატიკის გაძლიერებულად სწავლების საჭიროებაში, რადგან ახალგაზრდა თაობას და არა მხოლოდ მათ, აქვს სირთულეები, როგორც წერით, ისე ზეპირ მეტყველებაში. ეს საქმე სწორედ ქართული ენის გრამატიკის ცოდნის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული და აუცილებლად საჭიროებს მეტ ყურადღებას”, – გვეუბნება რუსუდან მურღულია.
პედაგოგის თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნის სტანდარტის მიხედვით, მე-7 კლასიდან გრამატიკის საკითხები ცალკე აღარ ისწავლება, რის გამოც მისი კოლეგებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ გრამატიკას არ ექცევა საკმარისი ყურადღება.
„რადგან გრამატიკის საკითხები საბაზო საფეხურის საგნის სტანდარტშიც არაა მოცემული, მასწავლებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ასწავლის თუ არა გრამატიკას. მოგეხსენებათ, ქართული გრამატიკა რთულია, შრომატევადია მისი სწავლებაც, ამიტომ, თუ არ მოსთხოვე მოსწავლეს, არ ისწავლის. მასწავლებელიც, თუ ვალდებული არაა, თავს აარიდებს და რადგან არ ავალდებულებს სტანდარტი, არ გაირთულებს საქმეს. ვფიქრობ, პედაგოგი, იმის მიუხედავად, რა წერია საგნის სტანდარტში, აუცილებლად უნდა ასწავლიდეს გრამატიკას”, – აღნიშნავს მასწავლებელი.
ჩვენი რესპონდენტი ასევე გვიყვება, რამდენად მნიშვნელოვანია გრამატიკის სწავლების საკითხი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისთვის.
„მისაღებ გამოცდაზე პირველი დავალება ტექსტის რედაქტირებაა. რედაქტირება ნიშნავს შეცდომით დაწერილი ტექსტის გასწორებას. გასწორებას კი ცოდნა სჭირდება. ასევე, აბიტურიენტებმა თემის წერისას უნდა დაიცვან მართლწერისა და სასვენ ნიშანთა ხმარების წესები. როგორ შეასრულებენ ისინი ამ და სხვა დავალებებს, თუ არ იციან გრამატიკა. შესაბამისად, თუ მოსწავლეებს საბაზო საფეხურიდან აღარ მოეთხოვებათ გრამატიკის საკითხების სწავლა, ისინი ვერ შეძლებენ ეროვნული გამოცდის ჩაბარებას რეპეტიტორის გარეშე და ასეც არის, აბიტურიენტები მშობლიურ ენაშიც საჭიროებენ რეპეტიტორს”, – გვიხსნის რუსუდან მურღულია.
ქართულის სპეციალისტმა საკუთარი სკოლის გამოცდილებაც გაგვიზიარა და სხვა სკოლებსა და პედაგოგებს მოუწოდა, რომ გრამატიკის სწავლის საჭიროება შესაბამის საფეხურზე დააყენონ.
„ჩვენს სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლებას. მეხუთე კლასიდან მეცხრე კლასამდე, კვირაში ორი საათი გვაქვს გამოყოფილი გრამატიკისთვის. ძირითად სახელმძღვანელოსთან ერთად, არჩეული გვაქვს აკაკი შანიძისა და ლეო კვაჭაძის ქართული ენა. კვირაში ერთი საათი ეთმობა ძველ ქართულ ენას, საბაზო და საშუალო საფეხურზე კი პედაგოგები სტანტდარტში გაწერილ თემებს გრამატიკის საკითხებთან ერთად გავდივართ. რა თქმა უნდა, ეს შრომატევადი პროცესია, მაგრამ, ვფიქრობ, ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს სურვილი, უფრო მეტი ცოდნა მისცეს მოსწავლეს.
„კოლეგებს ვურჩევდი, რომ საბაზო საფეხურიდან აუცილებლად შეიტანონ სასწავლო გეგმაში გრამატიკის საკითხებიც, რადგან მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებით გიპასუხებთ: „ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა, თავისი ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა-შესწავლა უპირველეს ვალად გაიხადოს“. მე ვისურვებდი, ყველა პედაგოგი იზიარებდეს ამ მოსაზრებას”, განუცხადა EDU.ARIS.GE-ს სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, რუსუდან მურღულიამ.
EDU.ARIS.GE-მ, კითხვით, ჩააბარებდით თუ არა ეროვნულ გამოცდას მშობლიურ ენაში დღეს, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი გაუქმდეს, თბილისელ აბიტურიენტს, ელენე მჭედლიძეს მიმართა, რომელიც სკოლაში საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრებითა და შეფასებებით გამოირჩევა.
ელენემ გვითხრა, რომ ზღვარის გადალახვას შეძლებდა, თუმცა იმ შედეგებზე ვერ გავიდოდა, რომელიც მისთვის სასურველ და „კარგ“ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე მოსახვედრად იქნებოდა საჭირო:
„დაწყებითი კლასიდან კარგად ვსწავლობ ქართულს, თუმცა მაინც ვემზადები, რადგან ვფიქრობ, რომ სკოლის ცოდნით გამიჭირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარო. ალბათ, ამ ცოდნით თავისუფლად მოვიპოვებდი ქულას იქ, სადაც არ არ იქნებოდა მაღალი კონკურენცია, თუმცა ასეთ მიმართულებაზე მოხვედრა ჩემი ინტერესი არ არის“, – აგვიხსნა აბიტურიენტმა.
ელენე ფიქრობს, რომ თუ აბიტურიენტებს რეპეტიტორის გარეშე მოუწევდათ ჩაბარება, მათი შედეგები მეტ-ნაკლებად თანაბარი და საგანგაშო იქნებოდა.
„არავინ ისურვებდა რეპეტიტორის ინსტიტუტის გაუქმებას, რადგან ამ შემთხვევაში ყველას ექნებოდა ერთმანეთთან დაახლოებული ქულები. დღეს ყველა უნივერსიტეტი არ ითხოვს ზღვარგადალახულ სტუდენტებს და შესაბამისად, ვფიქრობ, იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც დღეს მაღალქულიან სტუდენტებს იღებენ, დარჩებოდა თავისუფალი ადგილები და პირიქით, გაიზრდებოდა მოთხოვნა იმ სასწავლებლებში, სადაც დაბალი თუ საშუალო ქულებით ირიცხებიან. საბოლოო ჯამში, იქნებოდა მაღალი კონკურენცია და აბიტურიენტები ისწავლიდნენ იქ, სადაც მოხვედრას არც გეგმავდნენ და არც ისურვებდნენ, ამ ყველაფრით კი არავინ დარჩებოდა კმაყოფილი, მითუმეტეს განათლების სისტემა“, – განგვიცხადა ელენე მჭედლიძემ.
რეალობა ასეთია. ახლა ჯერი განათლების სისტემის მმართველებზეა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და მინისტრის ზემოთ ხსენებული განცხადება რიტორიკის ნაწილად არ ჩაითვალოს.
ასევე იხილეთ:
„დღევანდელი სკოლადამთავრებულების დიდმა ნაწილმა ქართული ენა უბრალოდ არ იცის“
მოამზადა მზეო შველიძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება