რა ახალი დავალება მიიღეს დირექტორებმა სამინისტროსგან – პირველი და მეორე კლასები სკოლაში, სხვები ონლაინ
ჯანდაცვის სპეციალისტები მიმდინარე წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღას პროგნოზირებენ. ამ ფონზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პანდემიის პირობებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება და სწავლების სხვადასხვა ვარიანტს აქტიურად განიხილავს. როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი სამინისტრო გეგმავს, რომ პირველი და მეორე კლასების მოსწავლეებს გაკვეთილები სკოლაში ჩაუტარდეთ და მათი ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდეს.
ამის შესახებ საუბრობენ მშობლები, რომლებმაც მსგავსი სახის ინფორმაციები მასწავლებლებისგან მიიღეს და ამას მოწმობს სხვადასხვა სკოლების დახურულ ჯგუფებში გავრცელებული დირექტორების წერილები (რესურს ცენტრებისგან მიღებული), სადაც ისინი დამრიგებლებს მოუწოდებენ მაქსიმალურად სწრაფად შეაგროვონ ინფორმაცია მოსწავლეების საჭიროებების შესახებ, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პირველი და მეორე კლასები გამოუვალი სიტუაციის გარდა ონლაინ არ ისწავლიან.
„დავალება სკოლის დირექტორებს… სკოლებს მოგეცათ შემდეგი დავალებები და რეკომენდაციები: მოახდინოთ მოსწავლეთა იდენტიფიცირება საჭიროებებზე (კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი, სხვა) და მოიძიოთ გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზები (ადგილობრივები, სპონსორები, არსებული ტექნიკის – ბუკების – შეკეთებაში დახმარება და ა.შ.) უმოკლეს დროში! ყოველივე ამის საფუძველზე უნდა მოგვაწოდოთ გეგმა-ხედვა, თუ როგორ წარიმართება ახალი სასწავლო წელი თქვენს სკოლაში. გაწერილი რაც შეიძლება დეტალურად. გაითვალისწინეთ, რომ გარდა გარდაუვალი საჭიროებისა, 1 და 2-ე კლასი არ ისწავლის ონლაინ“, – ნათქვამია წერილში.
პანდემიის პირობებში სამინისტრო სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ განახლებისთვის სხადასხვა ვარიანტს განიხილავს. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა, მოუწოდებს სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში აქტიურად ჩაერთონ.
„ძვირფასო დირექტორებო, გაცნობებთ, რომ ყოველკვირეული შეხვედრები მაქვს რესურსცენტრების უფროსებთან. ამჟამად ყველა რესურს ცენტრს დავალებული აქვს, რომ იმუშაოს თქვენთან ახალი სასწავლო წლის უსაფრთხოდ განახლების დაგეგმვაზე. პირველ რიგში ეს ეხება სწავლების ორგანიზებას: სხვადასხვა მოდელის დამუშავებას (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურებისთვის), რომელიც, ცხადია იქნება ყველა სკოლაში განსხვავებული. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მოსწავლეთა რაოდენობაზე, ფართის სიდიდეზე, მასწავლებლების კომპენტენციაზე, საგნის ბუნებაზე, კლასისა და მშობლების მიმღებლობაზე და ა.შ. ყველა რესურს ცენტრს გადაგზავნილი აქვს ალტერნატივები/მოდელები, რომლებიც გამოიყენეს სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა საჭიროა, თქვენი მზაობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე დაგეგმოთ სწავლა-სწავლების პროცესი კონკრეტული საათობრივი ბადით და საგაკვეთილო ცხრილებით.
„და კიდევ, რესურსცენტრების უფროსებთან ერთად ასევე ვიხილავთ მოსწავლეთა შეფასების სისტემის ცვლილებას. ეს იდეაც პრეზენტაციის სახით (თავისი სამსჯელო კითხვებით) მიწოდებული აქვთ რესურსცენტრებს და გთხოვთ, თქვენც იაქტიურეთ, იკითხეთ, მოითხოვეთ და იმსჯელეთ და მოგვაწოდებთ მოსაზრებები რისკებთან და ბენეფიტებთან დაკავშირებით. თქვენზე უკეთ ვერავინ გვეტყვის, რა და როგორ სჯობს. დაბოლოს, რა თქმა უნდა, კიდევ იქნება ინსტრუქციები სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ განახლებასთან დაკავშირებით (ვგულისხმობ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს: თერმოსკრინინგი, რეფერირება, სანიტარული წერტილების დასუფთავება, ქცევის წესები და სხვა). თუმცა, სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების დაგეგმვაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია და გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ თქვენს რესურსცენტრთან ერთად“, – წერს მარიამ ჩიქობავა სოციალურ ქსელში.
კორონავირუსის მერე ტალღის რისკებიდან გამომდინარე განათლების სამინისტრომ ასევე საუბრები განაახლა ელექტრონულ სახელმღძვანელოებზეც. ეს იდეა ჯერ კიდევ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ჰქონდა და მოგვიანებით მის დანერგვაზე კიდევ ერთი მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი საუბრობდა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული არ ყოფილა. პანდემიამ და დისტანციური სწავლების საჭიროებამ აჩვენა, რომ ელექტრონულ რესურსებზე მოთხოვნა გაიზარდა. იმ შემთხვევაში თუ გამომცემლებთან შეთანხმებას მიაღწევენ არ არის გამორიცხული მოსწავლეებმა გრიფირებული სახელმძღვანელოები მატერიალურთან ერთად ელექტრონული სახითაც მიიღონ.
„პანდემიის პირობებში, მოგეხსენებათ, კიდევ უფრო გაძლიერდა მოთხოვნა, რომ შეიქმნას კიდევ უფრო მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები. შესაბამისად, ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება გამომცემლებთან შეხვედრას და დავიწყეთ დიალოგი. ეს სამუშაო პროცესია და ჩვენ ამ შეხვედრებს ეტაპობრივად გავაგრძელებთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი ანუ მატერიალური სახით. თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ რესურსები, გამომცემლებს ვესაუბრეთ და შევთავაზეთ, წარმოადგინონ წინადადებები, რა პირობით მოგვცემდნენ სამინისტროს უფლებას, რომ არსებული გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელთაც ვბეჭდავთ, არსებობდეს ელექტრონული – PDF ფაილის სახით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საუბარია ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად, PDF ფაილის ხელმისაწვდომობაზე, რაც არ ანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს“, – აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.
ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება და ამ ეტაპზე არსებული სიტუაცია ხელს არ უშლის ქვეყანაში არც არჩევნების ჩატარებას და არც სასწავლო პროცესის დაწყებას. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ უცნობ ვირუსზე პროგნოზის გაკეთება რთულია.
„დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და, რა თქმა უნდა, ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს. მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, თუ რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, რადგან დღეს გლობალურად ხედავთ, რომ ყოველდღიურად ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში იმატებს, გასაგებია, ეს რამდენიმე ქვეყნის ხარჯზე ხდება, მაგრამ ზოგადად სიტუაცია არ მშვიდდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება