GE

რა დაუჯება განათლების სამინისტროს დამატებით 2 500-ზე მეტი პირველკლასელის სკოლაში მიღება

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის სექტემბერში სკოლაში შესვლა უნდა შეძლონ იმ პირებმა, რომლებსაც 2022 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი, უკვე მზად არის და კანონმდებლები მას დაჩქარებული წესით განიხილავენ, რადგან პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ვისაც აღნიშნული ცვლილება ეხება, უნდა მოასწრონ სკოლაში დარეგისტრირება. კანონპროექტში, რომლის დამტკიცებისთვის ყველა პროცედურა პარლამენტმა დღეს, 14 აპრილს უნდა დაასრულოს და მის განმარტებით ბარათშიც არაფერია ნათქვამი იმ ოპტიმალურ ასაკზე, რომელიც ამავე კანონში საბოლოოდ უნდა გაიწეროს და ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრა, ხოლო პარლამენტის 13 აპრილის სხდომაზე თქვა, რომ 2-3 წელი დასჭირდება, რომ კანონში უკვე 1-ელი ოქტომბრის ნაცვლად 31 დეკემბერი ჩაიწეროს.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტენსიურად განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და გაჩნდა შესაძლებლობა, მოსწავლეთა დამატებითი რაოდენობის დაკმაყოფილებისა და 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა, საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას – საუბარია 2500-ზე მეტ პირზე.

“სასკოლო ასაკის პირველ ოქტომბრამდე გადაწევის შემთხვევაში გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა 2540 ერთეულით”,- ვკითხულობთ განმარტებით ბარათში, თუმცა ამ რაოდენობის მოსწავლეებისთვისაც, მათი სკოლაში შესვლისთვის სახელმწიფომ კონკრეტული ხარჯები უნდა გაწიოს როგორც სკოლების, ისე, თავად პირველკლასელების საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ამ ცვლილების მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება დაიწყება 2022 წელს და გაგრძელდება შემდგომ წლებშიც.

საბოლოო თანხად, რაც ცვლილების პირველ წელს 2 540 ბავშვის სკოლაში მიღებას დასჭირდება განათლების სისტემას, 3 644 600 ლარია დასახელებული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებებში.

რა მიმართულებით დაიხარჯება თანხები:

  • საჭირო გახდება როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც ჯამში 720.0 ათასი ლარია.

განათლების სამინისტროს საჯარო სკოლებისათვის სხვა ხარჯების გაწევაც მოუწევს:

  • 2540 ბუკი მოსწავლეებისთვის, 100 კომპიუტერი პირველი კლასის დამრიგებლისთვის;
  • 2540 სახელმძღვანელოების კომპლექტი და მერხი და სკამი.

ცალკეული კომპიუტერის ღირებულებად განმარტებით ბარათში 800 ლარია მითითებული, რაც საერთო კამში 2 112 000 ლარი გამოდის.

სახელმძღვანელოების კომპლექტი 2 540 პირველკლასელისთვის 101 600 ლარი დაჯდება, ხოლო პირველი საფეხურის მერხი და სკამი 711 000 ლარი.

15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების სკოლაში მიღება „გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან პირები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, სწავლას დაიწყებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებებში/სკოლებში. აღნიშნული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება ბავშვების რაოდენობაზე რომელთაც 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ ექვსი წელი“.

კერძო სკოლებისა და ბაღების წილი:

“კერძო სკოლის შემთხვევაში პირველკლასელთა რაოდენობა საშუალოდ მთლიანი ოდენობის (2540) 10%-ია (2021 წლის მონაცემებით), ხოლო სახელმწიფო დაფინასება ერთ პირველკლასელ მოსწავლეზე შეადგენს 300 ლარს. ამასთან კერძო სკოლებს მოუწევთ გარკვეული ხარჯების გაღება დაახლოებით 254 მოსწავლისათვის. თავის მხრივ, მათ გაეზრდებათ შემოსავალი მოსწავლეების მიერ სწავლის საფასურის გადახდით.

“კანონპროექტი გავლენას მოახდენს კერძო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებზე, რომლებსაც მოაკლდებათ შემოსავალი, ვინაიდან ბავშვების გარკვეული ოდენობა სწავლას გააგრძელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე იხილეთ:

„ეს არის საშიში იდეოლოგია“ – მეგრელიშვილი განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს

მშობელი პარლამენტში: მივცეთ კერძო სკოლებს საშუალება, რომ 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშები მიიღონ სკოლაში

სკოლაში შესვლის ასაკი ისევ შეიცვლება და 1-ელი ოქტომბრის მაგივრად 31 დეკემბერი იქნება – გიორგი ამილახვარი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური