სკოლაში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ – ცვლილება წელსვე ამოქმედდება
„მშობლები ბავშვების სასკოლო ასაკის გამო ხშირად მოგვმართავენ და გადავწყვიტეთ, ვიმსჯელოთ“ – უთხრა ჯერ კიდევ 2022 წლის 9 თებერვალს EDU.ARIS.GE-ს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც მაშინ არ ამტკიცებდა, რომ კანონი აუცილებლად შეიცვლებოდა. საკითხი კომიტეტის სამოქმედო გეგმაში შეტანილია, თუმცა მისი შიდა საკომიტეტო განხილვა საჯაროდ არ ყოფილა.
აი რა უთხრა გიორგი ამილახვარმა მაშინ EDU.ARIS.GE-ს, აქ საუბარი არ ყოფილა ახალი კანონპროექტის მომზადებაზე: “გვინდა შევისწავლოთ ეს საკითხი კარგად. ისედაც დიდი ხანია, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა. ამიტომ, კომიტეტის სურვილია, დაინტერესდეს ამ საკითხით და დარგის ექსპერტებისგან, ფსიქოლოგებისა და სხვებისგან მოვისმინოთ, თუ რა არის პრობლემა, რა შეიძლება იყოს უკეთესი გამოსავალი, რომ შემდგომი რეაგირება მოვახდინოთ ამ საკითხზე. ამ ყველაფრის გამო, ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრის გაკეთებას და მოსმენას ვფიქრობთ”.
დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე კი გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ უკვე კანონპროექტზე მუშაობენ და აღნიშნულს დაჩქარებული წესით დააინიცირებენ.
განათლების კომიტეტი მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც ბავშვებს, რომელთაც სასკოლო – ასაკი 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყებას შეძლებენ.
“რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, სამინისტროსთან ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლების დაწყების ასაკი და განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება ოქტომბრამდე. აღნიშნული ცვლილებით, შესაძლებლობა ექნება უკვე წელსვე 2500-მა პირმა მიმართოს სკოლას. რადგან ელექტრონული რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რომ ყველამ ვინც ამ პერიოდამდეა დაბადებული, მყისიერად შეძლოს სარგებლობა”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა, თუმცა განმარტა, რომ მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით მომავალში გაგრძელდება და ეს მიბმულია სასკოლო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე.
“აღნიშნულის პარალელურად ჩვენ შევიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ სისტემური ხედვა საზოგადოებისთვის, ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკს. კარგად მოგეხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას, დამატებითი ადგილები შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის სკოლებში. ამიტომ, ჩვენი მიდგომა, პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით, აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც, შესაბამისი წესით, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად”, – აღნიშნა ამილახვარმა.
დღეს მოქმედი კანონით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, მაგრამ პირველ კლასში რეგისტრაცია იმ პირს შეუძლია, რომელსაც 6 წელი სწავლის დაწყების დღის ჩათვლით უკვე შესრულებული აქვს.
როგორც ამილახვარმა EDU,ARIS.GE-ს ბრიფინგის დაწყებამდე განუცხადა, ამ საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს.
ასევე იხილეთ:
პირველკლასელთა რეგისტრაციაში მონაწილე პირთა წრე გაფართოვდა – სამინისტროს განცხადება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება