„რა დროს გამოცდებია?!“ – გამოცდების დანიშვნით უკმაყოფილო სტუდენტები და ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პასუხი
კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების ონლაინ რეჟიმზე არიან გადასული, თუმცა დღემდე არ წყდება საუბრები იმის შესახებ, უნდა გამოცხადდეს თუ არა მიმდინარე წელი აკადემიურად. არსებობს კითხვები შედგება თუ არა უნივერსიტეტებში შუალედური და შემაჯამებელი გამოცდები და რა ფორმით ჩატარდება ის. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი შუალედური და შემაჯამებელი გამოცდების თარიღები უკვე განსაზღვრა და გამოაქვეყნა კიდეც, რასაც სტუდენტების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.
”გაცნობებთ შუალედური და ფინალური გამოცდების ჩატარების თარიღებს. შუალედური გამოცდები ჩატარდება 22-31 მაისის პერიოდში, ხოლო ფინალური გამოცდები დაიწყება 8 ივნისიდან“, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტუდენტების ნაწილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არსებული სიტუაციის გამო, გამოცდების ჩატარება წარმოუდგენელია და არც ონლაინ ლექციებით მიღებული ცოდნაა საკმარისი.
„როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ეპიდემიის კუთხით, მაისის თვეში იქნება ყველაზე ცუდი სიტუაცია და ასეთ დროს ჩვენ, მინიმუმ ათას სტუდენტს მოგვიწევს ერთად თავშეყრა, რაც არა მგონია, რომ ჰიგიენური და მისაღები იყოს“, – ამბობს სტუდენტი ანა ბაღდავაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
„მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ონლაინ ლექციების, მოგეხსენებათ, ახლა უმრავლესობა სოფლებშია წასული და სოფლებში ინტერნეტის ამბავი როგორ არის გექნებათ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ბევრი ვერ ახერხებს ჩართვას ამ ელემენტარული მიზეზის გამო. ასევე, ცალკე საკითხია ლექციების ხარისხი, ძალიან ჭედავს ტრანსლაცია, ხმა ცუდად ისმის და ცუდი ინტერნეტის გამო ვიდეოს დანახვა თითქმის შეუძლებელია. ვხედავთ ვირუსი როგორი სისწრაფით ვრცელდება და დიდი ალბათობით, შუალედური გამოცდების ჩატარება არ მოხდება, როგორც დაგეგმილია. ასეთი ცუდი ხარისხის ლექციების გამო, უმრავლესობას პრობლემა შეექმნება გამოცდებზე. მე მაგალითად არაფერი მომმატებია ცოდნის მხრივ ონლაინ ლექციებით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უბრალოდ ალტერნატივა იყო ხალხის დასანახად, რომ რაღაც კეთდება“,- ამბობს კიდევ ერთი სტუდენტი ლუკა მეტრეველი ჩვენთან საუბარში.
გამოცდების თარიღების განსაზღვრის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ სოციალური ქსელის მომხმარებელი სტუდენტებიც და ამბობენ, რომ ონლაინ ლექციებში ბევრი სტუდენტი ვერ ერთვება და მათთვის გამოცდების დანიშვნა უსამართლობაა.
„რომელ რეკომენდაციებზე გვესაუბრებით? სტუდენტებს რომლებსაც პურის ფული არ აქვთ და დენის ფულს ძლივს იხდიან ისინი ინტერნეტის ფულს გადაიხდიდნენ, რომ ონლაინ ლექციებზე შემოსულიყვნენ? მით უმეტეს, ამ პერიოდში, როცა ბევრი სამსახური გაჩერდა?”.
“მაისში ელოდებიან პიკს და თქვენ აპირებთ, რომ ამდენი სტუდენტი ერთად შეუშვათ გამოცდებზე? თუ იმას დაუშვებთ ონლაინ იყოს გამოცდა? ეგ ხომ ყველამ ვიცით გამოცდა ნაკლებად იქნება”
“ძაან დიდი ბოდიში, მაგრამ ნახევარი საქართველო ლამის სრულ კარანტინში მოაქციონ რა დროს გამოცდებია? ხალხი გადარჩენაზე ფიქრობს! კარგით რა…“, – წერენ სტუდენტები.
არიან სტუდენტები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, მათი აზრით ონლაინ სწავლებით ლექციების ხარისხი არ გაუარესებულა და გამოცდის ჩაბარებაც რთული არ უნდა იყოს.
„ჩემი აზრით, შესაძლებელია გამოცდის ჩაბარება ონლაინ ლექციების ფონზე, რადგანაც ასე თუ ისე კარგად ავითვისეთ სტუდენტებმა დისტანციური სწავლების პრინციპები. რატომაც არა, თუ ლექტორი აქამდე უნივერსიტეტში გვაძლევდა მასალებს, ახლაც ჩვეულებრივად გვაძლევს დავალებებს და სასწავლ მასალას ოღონდ ამჯერად დისტანციური სწავლების ფორმატის გამოყენებით”, – ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვერონიკა ფორჩხიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
„ყველას გვაქვს უფლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი, ამდენი უმადური სტუდენტი სად იყო ერთად? მგონი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს და გვიწყობს ხელს, რომ 2 თვის გამო, მთელი წელი არ ჩავარდეს. ლექციები და მეცადინეობები მედიცინის ფაკულტეტზე არის საკმაოდ გამართული, რისთვისაც მადლობა ჩვენს დეკანს და ყველა თანამშრომელს. ვისაც არ მოგწონთ ეგეთი სწავლება, ამ ეტაპზე აიღეთ აკადემიური!”, – წერს ერთ-ერთი სტუდენტი სოციალურ ქსელში.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარკეტინგის, პროექტების და ღონისძიებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეა ვალიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ უნივერსიტეტი გამოცდებს ქვეყენაში არსებული ეპიდემიური სიტუაციის მიხედვით ჩაატარებს.
„ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული გამოცდების ფორმასთან დაკავშირებით, თუკი ამის საჭიროება იქნება და არ იქნება საგანგებო მდგომარეობა მოხსნილი, ბუნებრივია გამოცდები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ანუ ამისთვისაც ვემზადებით, თუკი აუცილებლობა დადგება. ჩვენ არ გაგვიცდენია სასწავლო კვირა, მალევე ჩავერთეთ ონლაინ სწავლებაში, შესაბამისად ჩვენმა სემესტრის განრიგმა განიცადა მოდიფიცირება, შუალედურების კვირა ჩატარდება ისე, რომ არც ფინალურ გამოცდებს შეუშალოს ხელი, ამავდროულად მაქსიმალურად გადავწიეთ თარიღები როგორც შეიძლებოდა. თუკი ქვეყანაში მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა, გამოცდები ჩატარდება ჩვეულებრივ რეჟიმში, თუ არა, გადავალთ ონლაინ ფორმატზე“, – აცხადებს თეა ვალიშვლი.
მისივე თქმით, ონლაინ ლექციებში სტუდენტების დაახლოებით 50%-ზე მეტი ახერხებს მონაწილეობას და აკადემიური პერსონალიც მზადაა, სტუდენტებს პროგრამის დაძლევაში დაეხმაროს.
„ზოგადად, სტატისტიკაზე საუბარი გამიჭირდება, თავადაც ვასწავლი და პირობითად რომ ვთქვა, 6 ადამიანიდან 4 ესწრება. ონლაინ სწავლებაში ყველა ფაკულტეტია ჩართული, სტუდენტების დაახლოებით 50% მაინც ერთვება ონლაინ რეჟიმში. ჩვენ აუდიტორიული მეცადინეობის დროსაც არ გვქვს დასწრების აუცილებლობა მკაცრად განსაზღვრული, ჩვენ ეს შეზღუდვა არ გვაქვს. აქტივობის ქულასაც იღებენ პრაქტიკულ მეცადინეობებზე. ვერ ვიტყვი, რომ რეალურად მოიკლო სტუდენტების რაოდენობამ. პირიქით, ბევრი, ვინც მუშაობს, ონლაინ ერთვება სამსახურიდან. ბუნებრივია არის ხარვეზები, ჩვენც გვიკავშირდებიან, მაგალითად არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, ან ტექნიკა. ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას და დახმარებას. ამაზეც იყო საუბარი, რომ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მზად არის, რომ როდესაც მოიხსნება ეს შეზღუდვები, გარკვეულწილად დაეხმარონ სტუდენტებს, ვისაც ლექციების რაღაც ნაწილი გაუცდა, რომ წელი არ გამოცხადდეს აკადემიურად“, – ამბობს თეა ვალიშვილი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება