GE

რა დროს შეუძლია სკოლის ექთანს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება – სკოლაში დასაქმებული ექთნის კომპეტენციები განისაზღვრა

სკოლის ექთნის კომპეტენციაა, მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, – ასეთი ჩანაწერია საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ერთობლივ ბრძანებაში, რომელიც სკოლებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტს და სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებას განსაზღვრავს.

ორი მინისტრის ბრძანებაში, რომელიც 22 მარტს გამოქვეყნდა, დეტალურადაა გაწერილი როგორც ექიმის, ისე ექთნის კომპეტენცია და მოვალეობები.

ახალი ბრძანების მიხედვით, სკოლის ექთანს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლება და ახორციელებდეს სკოლის ექიმის დამხმარე საქმიანობას დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. სკოლის ექთნად შესაძლებელია დასაქმებულ იქნეს „სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის“ შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების ექთნად დასაქმების უფლების მქონე პირი.

სკოლის ექთნის კომპეტენციაა:

  • გაუწიოს დახმარება სკოლის ექიმს მისი ფუნქციების შესრულებაში;
  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სკოლის ექიმის მითითებით მოსწავლეს აღმოუჩინოს პირველადი დახმარება. ექიმის არყოფნის შემთხვევაში, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ, ჩაატაროს საჭირო მანიპულაციები და მომხდარის შესახებ აცნობოს სკოლის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
  • მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისცეს საჭირო რეკომენდაცია მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეებს საჭირო პროცედურის ჩატარებაში (დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეს – ინსულინის მიღებაში, ასთმით დაავადებულ მოსწავლეს – ინჰალაციის ჩატარებაში, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს და ა.შ);
  • იმ სკოლებში, სადაც სკოლის ექთანი დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას, მონაწილეობას იღებს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენურ ზედამხედველობაში, მოსწავლეთა ჯანმრთელობითი განათლებისა და პირადი ჰიგიენის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

ასევე იხილეთ:

სკოლის ექიმმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მოსწავლის დღის რეჟიმის შემუშავებაში – ექიმის ფუნქციები ორი მინისტრის ბრძანებაში გაიწერა

განათლების კომიტეტში მედიკოსების ინიციატივა დაიწუნეს – „სკოლებში ექიმებს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები დაადგენენ“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური