რა ფუნქციები აქვს რესურცენტერებს და როგორ განისაზღვრება იქ დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს გარკვეული უფლებები გაუზარდა, მაგალითად სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, გამონაკლისის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საჯარო სკოლა თუ აქამდე სამინისტროსთან ათანხმებდა, ამიერიდან რესურსცენტრთან შეთანხმებით გადაწყვეტს. გარდა ამისა, რესურსცენტრებში გაჩნდა ახალი შტატი სკოლამდელი განათლების მიმართულებით, რაც აქამდე არ არსებობდა.
2019 წლის 19 ივნისის, მთავრობის განკარგულების თანახმად, რესურსცენტრების საშტატო ნუსხა განსაზღვრულია რესურსცენტრის უფროსის და სხვადასხვა რანგის და კატეგორიის სპეციალისტებისგან. ამავე დოკუმენტის თანახმად, რესურსცენტრის უფროსის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1200 ლარს, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 900 ლარს, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ანაზღაურება კი -700 ლარს.
რაც შეეხება საგანმანათლებლო რესურსცენტრების კონკრეტულ მიზნებს, რომელიც სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს წარმოადგენს, ამის შესახებ რესურსცენტრების ტიპურ დებულებაშია საუბარი. დოკუმენტის თანახმად, განსაზღვრულია ყველა ის მოვალეობა რაც სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ უნდა განახორციელოს.
„საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი:
ა) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – საჯარო სკოლა) მიმდინარე პროცესების ზედამხედველობას და თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მხარდაჭერას და კონსულტირებას;
ბ) უზრუნველყოფს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგს, შეფასებას და შესაბამისი ანგარიშების შედგენას, ასევე, შედგენილი ანგარიშების საფუძველზე სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას და შესაბამისი საჯარო სკოლისათვის და სამინისტროსათვის წარდგენას;
გ) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში მონიტორინგს უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდეგში – მინისტრი) მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვას, ხელშემწყობი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით და საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი და სხვა პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;
დ) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უწევს კონსულტირებას ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილთან დაკავშირებით
ე) ხელს უწყობს მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ;
ვ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მოიძიებს, შეაგროვებს და მიაწვდის კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ;
ზ) განსაზღვრავს შესაბამის წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მასწავლებლის შეფასების პროცესში;
თ) ხელს უწყობს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის დანერგვასა და გაძლიერებას;
ი) თვალყურს ადევნებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულებას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია;
კ) უფლებამოსილია გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის შესაბამისად;
ლ) ხელს უწყობს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე;
მ) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით;
ნ) მონაწილეობს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) თვალყურს ადევნებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან;
პ) გასცემს თანხმობას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლის შესახებ;
ჟ) დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახების თაობაზე;
რ) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ს) ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების დანერგვას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ტ) სამინისტროსთან შეთანხმებით თანამშრომლობს მულტიდისციპლინურ გუნდთან და ხელს უწყობს: ტ.ა) საჯარო სკოლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესში სსსმ პირების ჩართვას და მათთვის საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობას; ტ.ბ) მულტიდისციპლინურ გუნდს, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სსსმ მოსწავლეების საჭიროების იდენტიფიცირებაში და აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას;
უ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენინგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზრუნავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ხელს უწყობს მათთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდებას;
ფ) ხელს უწყობს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას როგორც საგნობრივი, ისე – სკოლის მართვის მიმართულებით;
ქ) ახორციელებს სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტების კონსულტირებას და მხარდაჭერას სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით;
ღ) ახორციელებს მუნიციპალიტეტებისა და მათ მიერ დაფუძნებული შესაბამისი იურიდიული პირებისათვის სკოლამდელი განათლების სტრატეგიისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ყ) სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე, მუნიციპალიტეტებთან;
შ) იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რესურსცენტრში წარდგენილ კორესპოდენციებს;
ჩ) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტების რეგისტრაციას;
ც) ხელს უწყობს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას;
ძ) ხელს უწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო შეფასების პროცესის ორგანიზებას;
წ) ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მისაღებად სტუდენტთა რეგისტრაციას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტირების ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- ზოგი უცხო სიტყვის დაწერილობის პრობლემები ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების შედგენისას და არამხოლოდ by გრამატიკული ცნობარი