GE

რა გამოწვევების წინაშე დგანან მასწავლებლები 2022 წლის ზაფხულში ჩასატარებელი გამოცდისა და სტატუსის ამაღლების მოლოდინში

ავტორი: თიკო ლობჯანიძე, ტრენერი, პედაგოგი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.

მასწავლებლის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიცავს შემდეგი დოკუმენტი: „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილება“ (მასში შესული ცვლილებებით დადგენილება N714, 27.11.2020 და N628, 30.12.2021).

ცვლილებების თანახმად, მასწავლებლის კარიერული საფეხურები აღარ მოიაზრებს პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგს. მასწავლებლის სტატუსებიდან იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ცვლილების თანახმად, მასწავლებლის სტატუსის სახეებია: უფროსი მასწავლებელი; წამყვანი მასწავლებელი; მენტორი მასწავლებელი.

არსებული სქემის მიხედვით, თუკი მასწავლებელს სურს, რომ წამყვანის სტატუსი მიიღოს და მზადაა ამისთვის, ის ჩააბარებს სტატუსისთვის განკუთვნილ გამოცდას პროფესიული უნარების მიმართულებით – უფროსი წამყვანისთვის განსაზღვრულ გამოცდას, ხოლო წამყვანი – მენტორის გამოცდას.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანი და ამოცანა

1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა არეგულირებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებს, შესაბამისი სტატუსის მინიჭების, დადასტურების, შეჩერების/აღდგენის წესებს. სქემა აგრეთვე არეგულირებს მასწავლებლის შეფასების წესს და ელექტრონულ საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო კადრების შენარჩუნებას, არსებული მასწავლებლების მოტივაციისა და სტატუსის ამაღლებას.

3. სქემის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სქემაში ჩართული კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებზე, ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებზე.

მასწავლებლის სტატუსის სახეები

მასწავლებლის სტატუსის სახეებია:
ა) უფროსი მასწავლებელი;
ბ) წამყვანი მასწავლებელი;
გ) მენტორი მასწავლებელი.

მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს ამ მუხლით განსაზღვრული მხოლოდ ერთი სტატუსი.

მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია დაევალოს ამ მუხლით განსაზღვრული სხვა სტატუსის მასწავლებლის ფუნქცია, რაც არ ითვალისწინებს გაკვეთილის ჩატარებას.

4. მასწავლებლის სტატუსებიდან იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო შედარებით მაღალი სტატუსია მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

მასწავლებლის სტატუსის მოქმედების ვადა

სქემის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირისათვის მომდევნო, მაღალი სტატუსის მინიჭება.

როგორ მიენიჭება მასწავლებელს სტატუსი ახალი სქემის მიხედვით?

სტატუსის შეცვლისთვის გასავლელი იქნება შემდეგი ეტაპები – მასწავლებელს 50 %-ზე მეტი შეფასება უნდა ჰქონდეს საგნის გამოცდაში; თუ ეს დაკმაყოფილებული აქვს, გადის პროფესიული უნარების გამოცდაზე (აქ ბარიერს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით ბარიერი წამყვანისთვის 60%, ხოლო მენტორისათვის 80% შეიძლება რომ იყოს), შემდეგ კი სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელშიც შედის რესურსენტრის, მასწავლებლის სახლის, ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების ცენტრის თანამშრომელები, მასწავლებელს სთხოვს, გაუგზავნოს პორტფოლიო. შეისწავლიან მასწავლებლის საქმიანობას, ოღონდ არა ერთ გაკვეთილზე დაკვირვებით, მასწავლებელს მოუწევს ამ პორტფოლიოს დაცვა და მთავარი კრიტერიუმი იქნება – რა გააკეთა მან მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე და როგორ გავიდა შედეგებზე.

ახლა ვისაუბროთ, თუ როგორ მოიპოვებს თითოეული საფეხურის სტატუსს პედაგოგი?

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გამოცდაში მიღებული ქულა) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ, რის შესახებაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას;

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ან სხვა მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომ ელექტრონულ პორტფოლიოში, ასევე შესაძლებელია პარალელურად მატერიალურადაც მოხდეს პოტფოლიოს შექმნა.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ა) მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს;

ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს. პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი. მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა

1. უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის მიერ შესაბამისად წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის (გამოცდების) ჩაბარების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში ახორციელებს მასწავლებლის გარე დაკვირვებას, ატარებს სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრებას და აფასებს მასწავლებლის პორტფოლიოს.

2. მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასებას ახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არანაკლებ 2 პირი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით შეფასებიდან ორი კვირის ვადაში ელექტრონულად/მატერიალურად წერილობითი ფორმით წარმოადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელს ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ პორტფოლიოში.

4. პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. მასწავლებლისთვის სტატუსის (მენტორი, წამყვანი) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის ბოლოს, იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მასწავლებლის შეფასების ტიპები

მასწავლებლის შეფასების ტიპებია:

ა) გარე შეფასება:

ა.ა) საგნის გამოცდა და წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა;

ა.ბ) კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს წამყვანი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისად უფროსი და წამყვანი მასწავლებლების შეფასებას და შედგება თეორიული (სტატუსის შესაბამისი პროფესული უნარების გამოცდა) და პრაქტიკული ნაწილებისაგან;

ბ) შიდა შეფასება, რომელიც წარმოადგენს დირექტორის მიერ დამოუკიდებლად ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით და სქემის მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების მონიტორინგის შედეგად გაცემულ უკუკავშირს.

მასწავლებლის პორტფოლიოში არსებული მტკიცებულებების შეფასება

მასწავლებელი ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პორტფოლიოში განათავსებს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

ახლა კი შემოგთავაზებთ სრეკომენდაციას, თუ რა აქტივობები შეგვიძლია შევიტანოთ პორტფოლიოში.

  • საკუთარ გაკვეთილზე კოლეგების მიწვევა და მათი გამოხმაურების ანალიზი; ტრენინგში/სემინარში მონაწილეობა;
  • სასწავლო გეგმის/ების შედგენა;
  • საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა;
  • ელექტრონული მიმოწერა საკითხის პრეზენტატორთან;
  • პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და მათ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;
  • წიგნის განხილვაში მონაწილეობა;
  • გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა;
  • კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება;
  • პროფესიული ჟურნალებისა და წიგნების გაცნობა;
  • ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა; საზაფხულო კურსებში მონაწილეობა;
  • დისტანციური პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; საუნივერსიტეტო კურსის მოსმენა;
  • აუდიო პრეზენტაციების მოსმენა;
  • საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი და შეფასება;
  • სამოდელო გაკვეთილების ჩატარება;
  • სტატიების დაწერა;
  • სასწავლო რესურსების შექმნა;
  • პრეზენტაციები და დისკუსიები მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფებში; თანმდევი სესიები და საქმიანობები ახალი იდეების წარმატებული დანერგვისთვის; დაკვირვება/შეფასება;
  • განვითარება/გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობა;
  • სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა და ა.შ. პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება; სამუშაო შეხვედრებში (ე.წ. ვორქშოფებში) მონაწილეობა;
  • სხვა პედაგოგის მენტორობის ქვეშ ყოფნა;
  • სხვა მასწავლებლის მენტორობა;
  • პედაგოგების მიერ ურთიერთსწავლება;
  • კოლეგებისათვის სამუშაო შეხვედრის ჩატარება;
  • პარალელური კლასების მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობა;
  • მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
  • საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკისა და სკოლის საჭიროებების კვლევა;
  • კვლევაში მონაწილეობა; ექსპერტთან კონსულტაცია;
  • „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი – სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება, დაკვირვება და ეფექტური უკუკავშირის მიცემა
    და კიდევ მრავალი სხვა…

აქ კი იხილეთ:

ვალდებულებები რაც უნდა შეასრულოს წამყვანმდა და მენტორმა მასწავლებელმა და ფლობდნენ ასევე შესაბამის კომპეტენციებს

ახლა ორიოდ სიტყვით შევეხოთ პროფესიული უნარების გამოცდას, რომელიც როგორც უკვე გაჟღერდა ჩატარდება 2022 წლის ზაფხულში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, უკვე წინასწარ არის შემუშავებული საგამოცდო პროგრამა და ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს (რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ), რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები.

საგამოცდო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

1. სკოლის/თემის და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
2. ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა
3. სასწავლო პროცესის ეფექტიანი წარმართვისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობა
4. მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გაზიარება

ტესტის მოკლე აღწერა კი ასეთია:

საგამოცდო ტესტისათვის განსაზღვრული იქნება მინიმალური კომპეტენციის ორი ზღვარი – წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსების შესაბამისად. მინიმალური კომპეტენციის ზღვრები განისაზღვრება საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ შეფასების სტანდარტის დადგენის პროცედურის საშუალებით. საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება:

• არჩევითპასუხებიანი;
• შესაბამისობის;
• ღია (პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და სხვ.);
• კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი;
• ფუნქციური/ანალიტიკური წერა.

მოდით ახლა წავიდეთ ბოლოსკენ და შევაჯამოთ:

სქემა სამ ნაწილად გავყოთ – პროფესიაში შესვლა, სტატუსის შენარჩუნება და სტატუსის ცვლილება. მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ სტატუსის შეცვლა – უფროსი გახდეს წამყვანი და წამყვანი გახდეს მენტორი – შემდეგი პირობები ექნებათ შესასრულებელი:

  • აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდა 50%-ზე ან მეტ ქულებზე. ვისაც 50%-ზე დაბალი შეფასებით აქვს გამოცდა ჩაბარებული და სურვილი აქვს, აიმაღლოს სტატუსი, მას აუცილებლად მოუწევს გამოცდის თავიდან ჩაბარება, რადგან მასწავლებელი, რომელმაც კარგად არ იცის საგანი, რომელსაც ასწავლის, ვერ გახდება წამყვანი ან მენტორი.
  • ამის შემდეგ კი, გამოცდა უნდა ჩააბაროს დიდაქტიკაში – დიდაქტიკის გამოცდა განსხვავებულია უფროსი და წამყვანი მასწავლებლისთვის.
  • თუ ამ გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს, ის გამოაგზავნის თავის პორტფოლიოს, რომელსაც სამინისტროს, მასწავლებლის სახლის, რესურსცენტრის, ესგ-ეს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს.
  • სწორედ ამ პორტფოლიოში უნდა იყოს ატვირთული მასწავლებლის მიერ განხორციელებული ის აქტივობები, რომელმაც გავლენა იქონია მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე და, მათ შორის, კვლევაც. როგორც გითხარით, მასწავლებლის პორტფოლიოს შეაფასებს ჯგუფი, რომელიც შემდეგ მიდის სკოლაში მასწავლებელთან გასაუბრებაზე, რათა თავის თვალით ნახოს, როგორია მასწავლებლის იმპაქტი საკლასო ოთახში ან მოსწავლეებთან. აბა, სხვაგვარად როგორ შევაფასოთ მასწავლებელი, თუ არ ვიცით როგორია ის მოსწავლეებთან მიმართებაში. რაც შეეხება კვლევას, პრაქტიკის კვლევა კონკრეტულ საკლასო ოთახზე დაწერილი პრაქტიკული კვლევაა. ეს არის ფუნდამენტური კვლევა და მისი გამოყენება შეუძლებელია, მაგალითად, პარალელურ კლასში, რადგან კონკრეტული მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. ძალიან ეფექტური კვლევის ტიპია და კონცენტრირდება მხოლოდ ერთ საკლასო ოთახზე ან სკოლის რომელიმე საჭიროებაზე.
  • მასწავლებლის მიერ გადმოგზავნილ პორტფოლიოში ატვირთული კვლევის წარდგენა მას სკოლაში მისულ შეფასების ჯგუფთან მოუწევს. 3-5-კაციანი ჯგუფი საფუძვლიანად შეისწავლის, რამდენად ეფექტურია მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში, ოღონდ ეს არ იქნება აქამდე არსებული გარე დაკვირვება. ჯგუფის წევრები მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობას შეაფასებენ, მაგრამ თუ პედაგოგი სათანადო შეფასებას ვერ დაიმსახურებს, მას ამის გამო არავინ დასჯის. ჯგუფი მას განვითარების გეგმას დაუწერს, შემდეგ ეს პედაგოგი ტრენინგებს გაივლის და მდგომარეობას გამოასწორებს. ანუ ყველა ღონისძიება, რომელიც მასწავლებელთა სახლიდან იქნება წამოსული, ფოკუსირებულია მასწავლებლის განვითარებაზე – როგორ გავხადოთ კონკრეტული მასწავლებელი უკეთესი, რათა საქართველოს საჯარო სკოლებში ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე.

თიკო ლობჯანიძე – განათლების ექსპერტი, თბილისის კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკური N199-ე და ბოლნისის N5 საჯარო სკოლების ისტორია, მოქალაქეობის პედაგოგი, Key Consalting-ის ორგანიზაციის და IQ+ ინოვაციური განათლების ცენტრის მიწვეული ტრენერი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდისთვის დაგეგმილი საგამოცდო ტრენინგ-მოდულების ავტორი, ვენის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ასევე იხილეთ:

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის საგამოცდო ლიტერატურა

„ნაეკი“ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისთვის ტესტის აღწერასა და საგამოცდო პროგრამას აქვეყნებს

სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა 2022 წლის ზაფხულში ჩატარდება – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური