რა გავლენა მოახდინა გამოცდების ჩატარებაზე კორონავირუსმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ვის რა გეგმა აქვს
მსოფლოს სხვადასხვა ქვეყანამ პანდემიის პრევენციის მიზნით განსხვავებული ღონისძიებები ჩაატარა, თუმცა ყველა შემთხვევაში კორონავირუსმა მნიშვნელოვნად შეცვალა 2019-2020 სასწავლო წელი და დიდი დარტყმა მიაყენა განათლების სისტემას. განსხვავებული აღმოჩნდა სახელმწიფოების ხედვა გამოცდების განრიგთან დაკავშირებითაც.
ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის შესახებ ინფორმაციას კვლავ ელიან აბიტურიენტები საქართველოში. დეტალები აღნიშნულის თაობაზე ივნისში უნდა გახდეს ცნობილი.
EDU.ARIS.GE -შეეცადა ყველა ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოეძიებინა და გაერკვია რა გეგმა აქვთ მთავრობებს ან როგორ შეიცვალა გამოცდების განრიგი და ჩატარების ფორმატი ზოგიერთ ქვეყანაში:
1.ავსტრალიის განათლების მინისტრმა წლევანდელი NAPLAN-ის ( მოსწავლეთა შეფასების ეროვნული პროგრამა) ყოველწლიური გამოცდები გააუქმა. პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის თქმით, კორონავირუსის გამო ისედაც გაზრდილია სტრესის დონე და უმჯობესია, გამოცდებზე ფიქრის ნაცვლად პედაგოგებმა ფოკუსირება ბავშვებისთვის სწავლის მიცემაზე მოახდინონ. ავსტრალიაში სკოლები დისტანციურ რეჟიმზე არიან გდასულნი, თუმცა როგორც ჩანს, პედაგოგები ახალი რეალობით არც ისე კმაყოფილები არიან. ავსტრალიის განათლების კავშირმა, რომელიც საჯარო სკოლების პერსონალითაა დაკომპლეტებული, პრემიერს მისწერა წერილი, სადაც პედაგოგები ონლაინ სწავლების განსახორციელებლად დამატებით რესურსებსა და რჩევებს ითხოვდნენ. ამავე წერილში დისტანციური სწავლება მოხსენიებული იყო, როგორც „არარეალისტური“ და „უთანასწორო“.
2.ჩინეთში უნივერსიტეტებში ჩარიცხვები ურთულესი გამოცდების (ცნობილია , როგორც GAOKAO) ჩაბარების შემდეგ ხდება, რომელის შედეგებმა შეიძლება გაანადგუროს ან შექმნას სტუდენტის მომავალი. ეს გამოცდები წელს დადგენილ წესზე ერთი თვით გვიან ჩატარდება და 7-8 ივლისს დაიწყება. განათლების სამინისტროს წარმომადგენლის ვანგ ფუის თქმით, ამ გამოცდებს 10. 7 მილიონი მოსწავლე აბარებს. ჯერ კიდევ უცნობია, როგორ და სად ჩატარდება გამოცდები.
3.მაისის დასაწყისში იაპონიის განათლების მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ სკოლების ნაწილობრივ გახსნაზე ისაუბრა. მისი თქმით, სასწავლო პროცესი სრულად უნდა აღადგინონ იმ კლასებმა, რომლებსაც წლის ბოლოს გამოცდების ჩაბარება უწევთ. ასევე, სამინისტრომ გასცა რეკომენდაცია გაკვეთილების მცირე ჯგუფებად ჩატარების შესახებ.
4.გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის რეკომენდაციით, 4 მაისიდან სკოლების გახსნა დაიწყო. პრიორიტეტი ენიჭებათ მაღალკლასელებს, რომლებსაც გამოცდის ჩაბარება უწევთ.
5.ირლანდიის განათლების მინისტრმა ჯონ მაკჰაგიმ გასულ კვირაში განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თავად აირჩიონ გამოიყენებენ თუ არა ქულის „გამოთვლის“ მეთოდს თუ ჩააბარებენ გამოცდებს „მაშინ, როცა ვირუსის საშიშროება აღარ იქნება“. ამ გადაწყვეტილებამდე მთავრობამ სხვა განცხადება გააკეთა, რომლის მიედვითაც გამოცდები 29 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, ხოლო მოსწავლეებს გამოცდებისთვის მოსამზადებლად სკოლაში სიარული ორი კვირით ადრე უნდა დაეწყოთ. მაკჰაგის თქმით, გადაწყვეტილება მედიკოსთა რჩევების საფუძველზე შეიცვალა.
6.გამოცდები საერთოდ გაუქმდა ბრიუსელის დაწყებით და საშუალო სკოლებში. ამის შესახებ განცხადება სკოლების გაერთიანების წარმომადგენელმა ქერინ სტრუიმ ჯერ კიდევ აპრილში გააკეთა:
„ჩვენ მივედით შეთანხმებამდე, რომ წელს სკოლებში დასკვნითი გამოცდები არ ჩატარდება. ამ ფორმით ვიყენებთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდს. მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ უკვე ჩამორჩენა სკოლაში, არ უნდა დარჩნენ სკოლის მიღმა.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოსწავლე ავტომატურად გადავა შემდეგ საფეხურზე. სკოლები უწყვეტი შეფასების სისტემით ხელმძღვანელობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ დავალებები, რომლებსაც ბავშვები სახლში ასრულებენ, ფასდება ქულით. წლის ბოლოს სწორედ ამ ქულების დაჯამების საფუძველზე მიიღებენ შეფასებებს“, – განაცხადა სტრუიმ.
7.ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე სკოლები 15 მაისამდე იმყოფებოდნენ. შემდეგ კი იმ მე-12 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთათვისაც ონლაინ სწავლებამ საკმარისი შედეგი ვერ გამოიღო დამატებითი მეცადინეობები დაიგეგმა. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება მათი შემდეგ საფეხურზე გადასვლის გამოცდები.
8.ინდოეთში მე-10, მე-12 კლასის გამოცდების ჩატარება 3000 საგამოცდო ცენტრში იგეგმებოდა, თუმცა მოსწავლეებს შორის დისტანციის დაცვისა და სხვა შეზღუდვების გამო, ისინი 15000 საგამოცდო ცენტრში გადანაწილდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გასულ ორშაბათს კვლევის განვითარების კავშირის მინისტრმა რამეშ ნიშანკმა დააანონსა. მისივე თქმით, მოსწავლეები იმ სკოლებში უნდა გამოცხადდნენ, სადაც ჩარიცხულები არიან. ინდოეთში გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება და 15 ივლისამდე გასტანს.
2020 წლის ეროვნული გამოცდები შესაძლოა აგვისტოში ჩატარდეს – როდის გახდება უფრო მეტი დეტალი ცნობილი?
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
წყაროები: scmp.com, bloombergquint.com, smh.com.au, japantimes.co.jp, cnbc, brusselstimes, hm.ee
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება