GE

რა გახდა შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების შეწყვეტის მიზეზი – სანიკიძის განმარტება

შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების შეწყვეტის შესახებ მიღებულ ბრძანებას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ სანიკიძე გამოეხმაურა. ბრიფინგზე, რომელიც თამარ სანიკიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართა, თქვა რომ ავტორიზაციის საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა, რათა მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი და უნივერსიტეტისათვის ოპტიმალური ყოფილიყო.

“ვერ დავეთანხმები ვერანაირად უნივერსიტეტის მხრიდან ამ განცხადებას, იმიტომ რომ საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა, იმისათვის რომ მიეღოთ კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ოპტიმალური იქნებოდა თავის მხრივ უნივერსიტეტისათვის. მათ უკვე რამდენიმე წელია დავა აქვთ სახელმწიფოსთან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. მათი მდგომარეობა რომ შევამოწმოთ სრულად არის დაყადაღებული ყველა უძრავი მოძრავი ქონება და შპს-ის მფლობელების წილები. ჩვენ არ გვქონია რომელიმე შემთხვევა რომელიმე დაწესებულებას მსგავსი პრობლემა ჰქონოდეს, განგვეხილა და დადებითი გადაწყვეტილება ყოფილიყო. არსებულ სტუდენტებს არავითარი პრობლემა არ აქვთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

ამასთან, თამარ სანიკიძე ამბობს, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი ინფორმაცია, რომ დაწესებულებას ყადაღა მოეხსნა სიცრუეა.

„სამწუხაროდ, უნივერსიტეტის მიერ საბჭოსთვის წარმოდგენილი წერილი არ დადასტურდა, რადგან რეესტრში ბოლო განახლება გაკეთებულია 21 ივნისს, მათ მიერ წარმოდგენილი წერილი მანამდეა გაცემული, თუმცა მათ მიერ ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაცია რეესტრში არ არის ასახული. შესაბამისად, გადახდის ვალდებულებაც ჯერჯერობით არ არის დადასტურებული“, – აცხადებს სანიკიძე.

ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დადებითი დასკვნა, რომელიც ბრიტანელმა ექსპერტმა დადო ძირითადად უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ეფუძნებოდა.

„უნივერსიტეტი ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ფინანსური დავალიანება, ჰყავს პოტენციური მყიდველი, რომელიც აპირებს დავალიანების გასტუმრების პირობით უნივერსიტეტის შესყიდვას. ეს მოლაპარაკება უნდა დასრულებულიყო 2-3 კვირის განმავლობაში, თუმცა მას შემდეგ თვეები გავიდა და გასხვისება არ შემდგარა. საქმე ის არის, რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით როგორ აპირებს ინსტიტუტი ამ პრობლემების მოგვარებას“, – აცხადებს სანიკიძე და როგორც EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავს, არც იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომელსაც უნივერსიტეტი სასამართლო დავის მიმდინარეობასთან დაკავშირებით აცხადებს.

„ის ფაქტობრივი მდგომარეობა რომელსაც დავეყრდენით, მასთან დაკავშირებული სარჩელები საქმეში წარმოდგენილი არ არის. მიზეზი რის გამოც უნივერსიტეტს წელს აბიტურიენტების მიღება შეეზღუდა ეს არის ფინანსური დავალიანება, რომელიც წარმოიშვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების თავიდან არიდების გამო და ვფიქრობ ინსტუტუტისთვის ესეც შეუსაბამო საქციელია. შესაბამისად ამ დავალიანების გამო დაყადებულია მთელი ქონება, მფლობელთა წილები და ის საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და ყველა აქტივი, რომელიც დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებასთან“,- განაცხადა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირად არ ეხება სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ისინი ისევე გააგრძლებენ სწავლას როგორც აქამდე. აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ მხოლოდ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტებს. აღნიშნულიშ შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ამავე თემაზე:

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადება

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018 წლის აბიტურიენტებს შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით აფრთხილებს!

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური