რა კავშირშია ავტომანქანისა და ზაფხულში ღია ფერის ტანსაცმლის ტარება ხარისხიან განათლებასთან – ექსპერტის ორიგინალური პასუხი მშობლებს
„მანქანის ტარება ადამიანმა იცის მაშინ, თუ მისი ტარება ქუჩაში შეუძლია, როდესაც ადამიანმა იცის საგზაო ნიშნები, აბარებს თეორიულ ტესტს, ფლობს მანქანის ტარების პროცედურებს, მაგრამ მანქანას ქუჩაში ვერ ატარებს. ასეთ ადამიანზე ვერ ვიტყვით, რომ მან მანქანის ტარება იცის“ – ასეთი შედარებით პასუხობს ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფის ექსპერტი მშობლის მიერ დასმულ კითხვაზე, რას ნიშნავს ცოდნა და ხარისხიანი განათლება.
ექსპერტის პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა, რომელსაც მოსწავლე იძენს სკოლაში – წესები, ფაქტები, მოვლენები და პროცედურების ფლობა, – მაგ. მრავლობითი რიცხვის წარმოება, არითმეტიკული მოქმედებები ცოდნად ვერ ჩაითვლება. „მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ საკუთარ გამოცდილებას დაუკავშიროს და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს ის ფაქტობრივი ცოდნა, რომელსაც სკოლაში იძენს“.
განათლების ექსპერტი საკმარისად არ თვლის რომელიმე უცხოურ ენაში ბევრი სიტყვის ცოდნას ან პროცედურული ბუნების გრამატიკული სავარჯიშოების შესრულების შესაძლებლობას. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ლექსიკური და გრამატიკული ცოდნა გამოიყენო და ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით უცხოურ ენაზე კომუნიკაცია მოახერხო.
„ასევე, არ არის საკმარისი, თუკი იცი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან რომელიმე მუხლი, ან მსჯელობ ამ მუხლის შინაარსზე; მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამოიცნო ის დილემები, რომელიც ამ კონკრეტული მუხლის დარღვევას უკავშირდება“, – ამბობს ექსპერტი, რომელიც თვლის, რომ ფიზიკის კანონებსაც ადამიანი მაშინ იაზრებს, როდესაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირებს და ასეთი მაგალითები მოჰყავს:
რატომ არ უნდა მოვრწყოთ მცენარე შუადღისას (შუადღით მცენარეების მორწყვისას, მათ ფოთლებზე დარჩენილი წვეთები ლინზის ფუნქციას ასრულებს, რამაც შესაძლოა მზის სხივები შეკრიბოს და მცენარის ფოთლები დაწვას)?
რატომ სჯობს ნიადაგის სასუქით გამდიდრდება წვიმიანი მინდის შემდეგ (რადგან თხევად ნივთიერებაში დიფუზია უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მყარში)?
რატომ სჯობს ზაფხულში ღია ფერის ტანსაცმლის ტარება (მუქი ფერის სხეულები უფრო კარგად შთანთქავს სითბოს, ვიდრე ღია ფერის)?
„განათლების რეფორმა მიზნად ისახავს მოსწავლისთვის ისეთი განათლების მიცემას, რომელიც ფაქტობრივ და პროცედურულ ცოდნასთან ერთად მისი გამოყენების კომპეტენციებსაც შესძენს. სწორედ ასეთია ცოდნა, რომელიც „თან დასდევს მცოდნელსა“, ასეთი ცოდნა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსწავლის მსოფლმხედველობაზე, მის ემოციურ, სოციალურ, კოგნიტურ (გონებრივ) განვითარებაზე. სკოლას კი, რომელიც ასეთი განათლების მიცემას უწყობს ხელს, შეგვიძლია ვუწოდოთ ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული სისტემა“, – პასუხობს განათლების ექსპერტი მშობელს.
ასევე იხილეთ:
„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს