GE

რა მიმართულებებით გამოვლინდებიან ლაურეატი მასწავლებლები „მასწავლებლის ეროვნულ დღეს“ და რა ინფორმაციას აწვდის სკოლა კომისიას

„მასწავლებლის ეროვნული პრემია ლაურეატს გადაეცემა საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში“, – წერია მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესების შესახებ გამოქვეყნებულ დადგენილებაში და ვიცით ისიც, რომ ამ ღირსშესანიშნავი ღონისძიების პირველ წელს (2023) სახელმწიფო 600 ათასი ლარიდან ასი ათასს 10 მასწავლებლის ეროვნულ პრემიებს, ხოლო ხუთასი ათასს სამკერდე ნიშნების დამზადებისა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებას მოახმარს. მომდევნო წლებში კი უკვე მილიონები დაიხარჯება.

მასწავლებლის ეროვნულ პრემიას 10 000 ლარის ოდენობით 10 მასწავლებელი მიიღებს – რაზე დაიხარჯება მილიონი

მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი პირველი საზეიმო ღონისძიება 27 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უკვე დააანონსა. მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარსადგენ პედაგოგებს კი თავად სკოლები არჩევენ. ეს პროცესი, როგორც EDU.ARIS.GE-მ დღეს, 22 სექტემბერს გაარკვია, მიმდინარე თვის განმავლობაში აქტიურად ხორციელდებოდა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების პირობების თანახმად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად, ლაურეატთა გამოვლენის მიზნით, კანდიდატურები მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას წარედგინება.

სკოლას უფლება აქვს რამდენიმე მასწავლებელიც წარადგინოს და თითოეულის შესახებ კომისიისთვის დეტალური წარმოდგენა შექმნას სხვადასხვა მიმართულებით.

სკოლა წარადგენს მცირე ისტორიას/ამბავს, რომელიც მისცემს კომისიას საფუძველს, განიხილოს წარდგენილი მასწავლებელი ეროვნული პრემიის კანდიდატად.

ისტორიის შექმნისას კი ყურადღება უნდა გამახვილდეს სხვადასხვა მიმართულებებით, რაც, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კონკრეტული ნომინაციის დატვირთვას შეიძენს და ღონისძიების ფარგლებში მასწავლებლები წარმატებულად სხვადასხვა მიმართულებებში გამოვლინდებიან.

წარმოგიდგენთ, რაზე ამახვილებს ყურადღებას სკოლა მასწავლებლის ან მასწავლებლების წარდგენის შესახებ ისტორიაში და რას გულისხმობს თითოეული:

ნდობასა და ავტორიტეტზე: აქვს თუ არა მასწავლებელს გამორჩეული ნდობა და პატივისცემა მოსწავლეებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის და რა კონკრეტული ქმედებები და თვისებები აქცევს მას ასეთ მასწავლებლად. რა სტრატეგიებს იყენებს რათა შექმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი სასწავლო გარემო.

მოსწავლეთა მიღწევებისა და მათი პიროვნული ზრდის მხარდაჭერაზე: რა სტრატეგიებს მიმართავს რომ მისმა მოსწავლეებმა შეძლონ სწავლის პროგრესის დანახვა და სწავლის პროცესის მართვა და როგორ წაახალისებს მოსწავლეებში საკუთარი თავის რწმენისა და კეთილდღეობის განცდას.

მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის შექმნაზე: რა სტრატეგიებით შეუძლია მას გახადოს სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესო და როგორ ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ სწავლის ღირებულება.

საგანმანათლებლო რესურსების, პროფესიული პრაქტიკის შექმნასა და გაზიარებაზე: რამდენად ქმნის და აზიარებს მასწავლებელი საგანმანათლებლო რესურსებს და რამდენად უწყობს ხელს თანამშრომლობითი გარემოს შექმნას გამოცდილების გაზიარებისა და თანაშემოქმედებითი პროცესების რეალიზებისთვის.

ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელების ინიციტივაზე: რამდენად ქმნის მასწავლებელი ნაყოფიერ ნიადაგს და მხარდამჭერ გარემოს სასკოლო საზოგადოებისათვის აქტიურად შეიმუშაონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტუალური პროექტი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე: როგორია მისი საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა და რა მაგალითს აძლევს მოსწავლეებს სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით. როგორია მისი პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები ზრუნვის, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის პერსპექტივიდან. როგორ შეცვალა წარდგენილი მასწავლებლის ქმედებებმა ან თვისებებმა მოსწავლის, სასკოლო საზოგადების თუ სასკოლო თემის ცხოვრება.

სასკოლო საზოგადოებაში შემოქმედებითი იდეების წახალისებაზე: როგორ ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი თავის შემოქმედებითად გამოხატვაში და რამდენად შეუძლია, შექმნას სივრცე, სადაც მოსწავლეები, კოლეგები და სასკოლო თემი უსაფრთხოდ იგრძნობს თავს ნოვატორული იდეებისა და ექსპერიმენტებისთვის.

ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვაზე: რამდენად ორიენტირებულია მასწავლებელი კრიტიკული აზროვნების წახალისებასა და პრობლემების გადაწყვეტაზე დაფუძნებული ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის შექმნაზე და როგორ წაახალისებს მოსწავლეებს დაინახონ მოვლენები და სიტუაციები სხვადასხვა პერსპექტივიდან, შეძლონ პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ძიება.

სკოლის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე: რამდენად არის მასწავლებელი სასკოლო საზოგადოების ლიდერი სკოლაში პოზიტიური კულტურის განვითარების თვალსაზრისით. რა როლი აქვს მას სასკოლო საზოგადოებაში „ჩვენ“ განცდის ჩამოყალიბებასა და სკოლის მისიისა და ხედვის გაზიარებაში.

ადამიანების კეთილდღეობასა და ზრუნვაზე დაფუძნებულ აქტივობების/ღონისძიებების მხარდაჭერაზე: რამდენად არის მასწავლებელი სოციალურ სამართლიანობასა და ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული, სკოლის მიღმა რა აქტივობებითა და ღონისძიებებით წაახალისებს სასკოლო საზოგადოებაში უნივერსალურ ეთიკურ ღირებულებებსა და უსაფრთხო, სამართლიანი და მზრუნველი გარემოს შექმნაზე პასუხისმგებლობას.

განათლების სისტემაში შეტანილ განსაკუთრებული წვლილზე: რა არის მასწავლებლის ყველა ის მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც განათლების სისტემის განვითარებასა და მომავლის განათლების ფილოსოფიის შექმნას ემსახურება.

„დაასრულეთ თქვენი ამბავი მასწავლებლის გავლენის შეჯამებით მოსწავლეთა სწავლაზე, სასკოლო საზოგადოებას, სკოლის ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაზე. რატომ გჯერათ, რომ წარდგენილი მასწავლებელი იქნება საუკეთესო კანდიდატი ეროვნული პრემიისთვის?
ისტორია უნდა იყოს ლაკონური (საშუალოდ 3-4 თაბახის გვერდი), კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული და უნდა ასახავდეს იმ ძირითად იდეას/გზავნილს, რომელიც თქვენი, როგორც განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლის როლს წარმოაჩენს. გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმას დაურთოთ წარდგენილი მასწავლებლის რეზიუმე (CV)“, – წერია სააპლიკაციო განაცხადში, რომელსაც სკოლა ავსებს.

ამავე თემაზე:

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური