GE

რა მიზნები და ვალდებულებები აქვს ახალგაზრდობის სააგენტოს – დებულება დამტკიცდა

საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმოწერით, დამტკიცდა განათლების სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი დებულება, სადაც გაწერილია სააგენტოს ფუნქციები, უფლებამოსილება და ვალდებულებები.

იხილეთ, რა უნდა იცოდს ახალგაზრდობამ სააგენტოს ფუნქციების შესახებ:

სააგენტოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოს ახალგაზრდულ პოლიტიკაზე დაყრდნობით, შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება, მათი აღსრულება და შესრულების კოორდინირება სხვადასხვა შემსრულებელ და ჩართულ სუბიექტებს შორის;

ბ) ახალგაზრდული სერვისების შემუშავება და განხორციელება;

გ) ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სტანდარტების, ხარისხის კონტროლის მექანიზმების, სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და ტრენინგ-მოდულების შემუშავება;

დ) ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებული საკვანძო კომპეტენციების გასავითარებლად, შესაბამისი არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და ამ პროგრამებით მიღებული გამოცდილებისა და შედეგების აღიარების მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) სხვადასხვა მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების განხორციელება და კვლევების შედეგად გამოვლენილ საკითხებზე შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

თ) ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების, მათი დასაქმებისა და სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშემწყობი სხვადასხვა კომპეტენციის განვითარების, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით დოკუმენტების, რეკომენდაციებისა და პროგრამების მომზადება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა და აღნიშნულ პროგრამებში ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების (შშმ პირები, „NEET“ ჯგუფები, ანუ ის ახალგაზრდები, რომლებიც არც დასაქმებულნი არიან, არც განათლების სისტემაში არიან და არც ტრენინგს გადიან, დევნილები და სხვა) ჩართულობის ხელშეწყობა;

ი) ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საზოგადოებისთვის სასიკეთო ან/და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა;

კ) სტუდენტური თვითმმართველობების, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აგრეთვე ამ ტიპის ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების, ორგანიზაციული გაძლიერებისა და ახალგაზრდობის განვითარების სფეროში მათი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდული კავშირების განვითარებას;

ლ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ინსტიტუციური მონაწილეობის შესაძლებლობების, ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განვითარებისა და ახალგაზრდებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

მ) ახალგაზრდული მოხალისეობის სფეროს განვითარების ხელშემწყობი პროგრამ(ებ)ის შექმნა, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების პროცესში მონაწილეობა, საერთაშორისო მოხალისეობის ხელშეწყობა და მოხალისეთა საქმიანობის პოპულარიზაცია;

ნ) ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების, რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობისა და კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და შემოქმედებით ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართვის ხელშემწყობი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებისა და სხვა მხარდამჭერი და წამახალისებელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება (მათ შორის, ახალგაზრდული ბანაკების და ფესტივალების მოწყობა);

ო) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

პ) ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად, ახალგაზრდული (არაფორმალური განათლების) ცენტრების, ახალგაზრდული სივრცეებისა და პროფილური კლუბების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა;

ჟ) ახალგაზრდების განვითარებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;

ს) ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შესაძლებლობების ერთიან ონლაინსივრცეში განთავსება; ახალგაზრდობის შემეცნებითი განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახის პუბლიკაციის გამოცემა;

ტ) ახალგაზრდული თემატიკის, სტრატეგიის, პროექტების, საქმიანობის ცნობადობის უზრუნველყოფა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

უ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ფ) სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური