რა მოიფიქრა განათლების სამინისტრომ ფიზიკის, მათემატიკის და ისტის საგნის მასწავლებლების დეფიციტის აღმოსაფხვრელად
ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის ჯილდოს გადაცემამ და მათ მიერ სკოლის დატოვებამ სისტემაში სხვადასხვა საგნის მასწავლებლების დეფიციტი გააჩინა. თუ მასწავლებლის ვაკანსიების ვებგვერდს გადავხედავთ, თვალში პირველ რიგში, ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიები მოგვხვდება. შემდეგ მოდის მათემატიკის და სხვა საგნის მასწავლებლის ვაკანსიები. ფიზიკის პედაგოგები სჭირდებათ თბილისის სკოლებშიც, თუმცა ყველაზე პრობლემური მაინც რეგიონებია.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომელიც მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნებს ეხება.
უფრო კონკრეტულად, მათემატიკის მასწავლებელს უფლება მიეცა ფიზიკა ასწავლოს, ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა. ხოლო ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ამ ცვლილებას ასე ხსნის:
„გარდა იმისა, რომ ამ ცვლილებით, იზრდება მასწავლებლის მოტივაცია, სამინისტროს მიერ აქცენტი კეთდება საგანთა შორის შინაარსობრივ კავშირზე, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია.
აღსანიშნავია, რომ ანალიზის შედეგად, სკოლებში გამოიკვეთა მასწავლებლის არასაკმარისი რესურსი ფიზიკის, ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების და მათემატიკის სპეციალობების მიმართულებით. შესაბამისად, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული ცვლილების შემუშავება“, – აცხადებენ სამინისტროში.
როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება საათების გადანაწილებაზე და რა შეფასებებს აკეთებენ თავად სკოლებში, EDU.ARIS.GE -მ გადაწყვიტა, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაერეკა, სადაც ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიები ჰქონდათ გამოცხადებული.
როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთ სკოლაში აღნიშნული პრინციპით უკვე გადანაწილებული ჰქონდათ საათები. მაგალითად: მათემატიკის მასწავლებელი ფიზიკის საათებს ატარებდა, ან პირიქით. თუმცა მათ დანამატი მეორე საგნის სწავლებისთვის არ ეძლეოდათ.
ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა, რომელმაც სტატიაში ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა EDU.ARIS.GE -სთან საუბარში აღნიშნა, რომ არ მიაჩნია სწორად ამგვარი გადანაწილებები, ვინაიდან ერთ პედაგოგს ძალიან ბევრი საგაკვეთილო საათი უგროვდება, რაც უარყოფითად მოქმედებს მისი შრომის ნაყოფიერებაზე.
„ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, გადავანაწილეთ ზუსტად მაგ პრინციპით საათები, რა ცვლილებაც ახლა მიიღეს. ძალიან დატვირთულები არიან ჩვენი მასწავლებლები.
არ მიმაჩნია სწორად ასეთი გადანაწილება. ჩემთან ერთ მასწავლებელს კვირაში 25 საათი აქვს, როგორი პროდუქტიული უნდა იყოს ის ახლა? რა ეფექტი, რა ხარისხი უნდა ჰქონდეს? კი, ბატონო, მათემატიკოსმა შეიძლება ჩაატაროს ფიზიკის გაკვეთილები, მაგრამ რაღაც გადამზადება მაინც ხომ უნდა ჰქონდეს გავლილი?
მე პრაქტიკოსი პედაგოგი მყავდა ფიზიკოსი, რომელსაც დიდი ხნის მუშაობის პედაგოგიური სტაჟი ჰქონდა. აიღო ჯილდო და წავიდა. ფიზიკის მასწავლებელი ვეღარ ავიყვანე. ერთი სიტყვით, გვიჭირს ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლები“, – უთხრა EDU.ARIS.GE -ს დირექტორმა.
როგორც ცნობილია, ფიზიკაში ძალიან ცოტა საათია, რაც სპეციალისტის აყვანას სკოლებში კიდევ უფრო ართულებს, ვინაიდან ცოტა საათზე და შესაბამისად მცირე ანაზღაურებაზე, მით უმეტეს, შორ გზაზე, ქალაქიდან სოფელში, ან დედაქალაქიდან რეგიონში იშვიათად თუ მიდის ვინმე.
ვაკანსიების საიტზე ერთ-ერთ სკოლას 7 საათზე აქვს გამოცხადებული ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსია და ანაზღაურება 140/213 ლარია მითითებული. ფიზიკის საათების რაოდენობა ხშირ შემთხვევაში სკოლებში 11 საათია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერტიფიცირებულიც რომ იყოს მასწავლებელი, სტატუსის დანამატი სრულად ვერ მიეცემა, ვინაიდან დანამატს, 15 საათი თუ აქვს პედაგოგს, მაშინ იღებს.
დირექტორთა ნაწილი მიესალმება ამ ცვლილებას. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლის დირექტორის დავით ქათამაძის თქმით, მათი სკოლისთვის დადებითად იმოქმედებს ეს ცვლილება, ვინაიდან ზემო აჭარის სკოლებში ჭირს პედაგოგების მოძიება.
„მათემატიკაში პირველ-მეექვსე კლასებში გვყავს სერტიფიცირებული მასწავლებელი, ვფიქრობთ, რომ ისტი ასწავლოს ამ მასწავლებელმა და დანამატიც აიღოს. ასე რომ ეს ცვლილება ძალიან დაგვეხმარება.
გამოცხადებული გვაქვს ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსია, ჯერ არ ჩაგვიტარებია კონკურსი. თუ ვერ ავიყვანეთ ვაკანსიაზე ვინმეს, ჩვენ ამ ცვლილების საშუალებით არსებულ კადრზე გადავანაწილებთ საათებს.
რაშია იცით, საქმე? გადანაწილებულიც კი მაქვს საათები, მაგრამ დანამატს ვერ იღებენ მასწავლებლები. ფიზიკაში ცოტა საათია, მხოლოდ 11 საათია. 11 საათზე არავინ მოვა. სასურველია, რომ ერთი პედაგოგი დაიტვირთოს. გადაემზადება, ალბათ, კიდევ ის მასწავლებელიც, თავის თავზე იმუშავებს, განვითარდება, ტრენინგებს გაივლის. როცა მოტივაცია ექნება, რომ დანამატს მიიღებს.
ჩვენთან, ზემო აჭარაში, მცირეკონტინგენტიანი სკოლებია, საათები ცოტაა. ვაკანსია კი გამოვაცხადეთ ფიზიკაში 11 საათზე, მაგრამ არავინ მოვიდა, იმიტომ რომ არ უღირს ხარჯი. ტრანსპორტირება უნდა, საცხოვრებელი, ამიტომ ამ ცვლილებას ძალიან დადებითად შევაფასებდი“, – აღნიშნა დავით ქათამაძემ.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლის დირექტორის მურთაზ კუხალაშვილის თქმით, მათემატიკის ვაკანსიაზე მიიღო კადრი, რომელსაც დამთავრებული აქვს მათემატიკური და ამის გარდა, გავლილი აქვს ეროვნული სკოლის კურსი, რომელიც აძლევს უფლებას მაღალმთიან რეგიონში, მცირეკონტინგენტიან სკოლებში ჩაატაროს ფიზიკის გაკვეთილებიც.
„ფიზიკის მასწავლებელიც გვჭირდებოდა. სულ 17 საათი იყო. აქედან გამომდინარე, ფიზიკაზე 5 საათზე ცალკე რომ დამედო ვაკანსია და ცალკე მათემატიკაზე, ფინანსური ინტერესიც არ ექნებოდა მასწავლებლობის მსურველს, ვინაიდან ჩვენ ხონის რაიონიდან 30 კილომეტრით ვართ დაშორებული. ამიტომ გამოვიყენეთ ეს საშუალება და მოვიყვანეთ მათემატიკოსი, რომელსაც უფლება აქვს ჩაატაროს ფიზიკის გაკვეთილებიც.
სულ 10 ბავშვი გვყავს. მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, 17 საათი მქონდა, კანონი მაძლევდა საშუალებას ამეყვანა ერთი მასწავლებელი, რომელიც ფიზიკას და მათემატიკასაც ასწავლიდა და ასეც მოვიქეცი.
ვაკანსიაზე მოვიდა რამდენიმე პრეტენდენტი, რომელთაგანაც 3 თუ 4-ს ეს სკოლა ჰქონდა გავლილი. ასეთ სიტუაციაში გადამზადებულ მასწავლებლებს ეძლევათ უფლება ასწავლონ ორი საგანი ექსტრემალურ სიტუაციაში“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მურთაზ კუხალაშვილმა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის დირექტორი რამინ ბერიძეც დადებითად აფასებს ამ ცვლილებას:
„ძალიან დამეხმარება ეს ცვლილება ჩემს სკოლაში. უფლება მაქვს, მათემატიკის მასწავლებელს მივცე ფიზიკის საათები. მე ვასწავლიდი ფიზიკას, გავხდი სერტიფიცირებული მასწავლებელი სპორტში და სპორტის საათები ავიღე და ამიტომ დავდე ფიზიკის საათები ვაკანსიაზე. ახლა კი შიდა გადანაწილებას გავაკეთებ და მათემატიკოსს მივცემ ფიზიკის საათებს. ძალიან დადებითად შევაფასებს ამ ცვლილებას“, – აღნიშნა სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის დირექტორმა.
განათლების მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები, პირველ რიგში, გაუნაწილოს და შეუვსოს სრულ დატვირთვამდე კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და შემდგომ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს.
რაც შეეხება დანამატის საკითხს, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლების შემთხვევაში, როდესაც პედაგოგს ერთ-ერთ საგანში უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსი აქვს, დანამატი სრულად მიეცემათ თუ 15-საათამდე მეორე საგნით შეივსებს საათებს. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზზე უპასუხეს.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება