GE

რა პასუხი აქვს განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ხელფასის ნახტომისებურ მატებაზე საბავშვო ბაღებში

საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების დაბალი მაჩვენებელი ის საკითხია, რომელსაც სხვა არაერთ გამოწვევასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში მისი ავტორები გამოკვეთენ. მეტიც, ბაღების ნაწილში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები პერსონალის დაბალი ანაზღაურებითაც არის გამოწვეული.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაღების პერსონალისთვის, დამლაგებლებისთვის საჭიროა ხელფასების ნახტომისებური მატება: “ჩვენ ნახტომისებურად მოვუმატეთ ხელფასი პედაგოგებს და ეს სასწაული გადაწყვეტილება იყო. და იქნებ ამ ნაწილში, ამ საკითხის განხორციელების დროს ერთი ნახტომისებური დაგვჭირდეს – არა 100-ლარიანი, არა 12, 20პროცენტიანი, არამედ ერთი წამოწევა ამ საკითხის. ამის მერე ყველა საფუძველი შეიქმნება, რომ სუსტი რგოლი წინა პლანზე წამოვწიოთ”.

ამ თემას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე კომიტეტის სამუშაო ფორმატში პირველ თებერვალს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, როგორც კი რესურსი გაჩნდება ბიუჯეტში ეს საკითხი გადაიჭრება.

“ეს საკითხი ბიუჯეტში ყოველთვის დგას იმიტომ, რომ აქტუალური საკითხია. განათლების სექტორზე რა საბიუჯეტო მატებაც არის – ორნახევარმილიარდ ლარზეა საუბარი და ნაერთი ბიუჯეტი, თითქმის სამი მილიარდ ლარამდე ადის. ეს არის ოთხნახევარჯერ მეტი, ვიდრე 2012 წელს იყო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოწვევაა, ბევრი საკითხია, რომელიც დაფინანსებას საჭიროებს, მაგრამ ეს საკითხი არის ერთ-ერთი აქტუალური და როგორც კი მცირედი რესურსიც გაჩნდა, მთავრობამ მიიღო ასლარიანი მატების გადაწყვეტილება… სკოლის პედაგოგები კი პირველი ივლისიდან 500 ლარითა და მეტით მომატებულ ხელფასს მიიღებენ”, – თქვა გივი მიქანაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური