GE

რა პრინციპით უნდა გაუშვას სისტემამ არაკვალიფიციური პედაგოგები სკოლიდან – მინისტრის პასუხი

მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არაერთი საკითხი დახვეწას საჭიროებს და უმთავრესი საკითხი სკოლაში ახალი, ახალგაზრდა კადრების შესვლაა, თუმცა რა პრინციპით უნდა გაუშვას სისტემამ არაკომპეტენტური პედაგოგები სკოლიდან, მინისტრი ვერ აკონკრეტებს.

–თქვენმა წინამორბედმა მინისტრმა არაკვალიფიციური კადრების სკოლიდან გასვლის პრინციპი გააუქმა. დღეს მოქმედი პრინციპით, მოქმედი მასწავლებელი, რომელიც სამი წლის განმავლობაში პროფესიულ გამოცდას ვერ აბარებს ისევ სკოლაში რჩება; როგორ აპირებთ ასეთი მასწავლებლების ჩანაცვლებას, სწორია გამოცდაჩაუბარებელი მასწავლებლის სისტემაში დარჩენა? – ამ კითხვით მიმართა EDU.ARIS.GE-მ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.

ჩხენკელის თქმით, როგორ მოხდება კომპეტენციის დადასტურების გამოცდის რამდენჯერმე ვერ ჩაბარების შემთხვევაში პედაგოგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, გადაწყვეტილება მიღებული არაა, პრინციპი კი არის ის, რომ „უნდა გვყავდეს მაღალი ხარისხის მასწავლებლები“.

ამბობს, რომ ყველა პედაგოგს ექნება შანსი, აიმაღლოს კვალიფიკაცია.

„ახლა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს მასწავლებლის სქემასთან დაკავშირებით.  მრავალი საკითხი დახვეწას საჭიროებს და მალე გავაჟღერებთ ჩვენს მოსაზრებებს სქემასთან დაკავშირებით. აქ განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო პროფესიაში შესვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ახალი კადრები, ახალგაზრდა პედაგოგები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ჩაერთვებიან ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში. შესაბამისად, პროფესიაში შესვლის საკითხები დასარეგულირებელია და, ზოგადად, არის მთელი რიგი კომპონენტები ამ  სქემაში, რომლებიც დახვეწას მოითხოვს. ჩვენ საზოგადოებისა და მასწავლებელთა ჩართულობით, ასევე, პროფესიული ორგანიზაციების ჩართულობით ვიმსჯელებთ, რომ მოხდეს სქემის დახვეწა“, –  განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა მასწავლებელთა გადამზადებისთვის დაგეგმილი გრძელვადიანი ტრენინგებიც კიდევ ერთხელ ახსენა და თქვა, რომ ეს პირდაპირ უნდა აისახოს ხარისხზე.

„ჩვენთვის მთავარი არის ხარისხი. ყველა მასწავლებელს ექნება შანსი, რომ ხარისხი აიმაღლოს,  ყველას ექნება ეს შესაძლებლობა. ამ ზაფხულიდან იქნება სპეციალური ტრენინგები მასწავლებლებისთვის. ამ ტრენინგების მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ფოკუსირება მოხდება და აქცენტი გაკეთდება პროფესიულ პედაგოგიურ უნარჩვევებზე, რომლებიც პირდაპირ უნდა აისხოს ხარისხზე, ამის მონიტორინგი განხორიცელდება. ტრენინგები იქნება უფრო გრძელვადიანი. ინფორმაციის მიღებასა და თეორიული ტიპის ტრენინგებს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამ ზაფხულიდან დაწყებული აქცენტი გაკეთდება  პრაქტიკული და პედაგოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე“, –  განაცხადა ჩხენკელმა.

ამავე თემაზე:

თამარ მოსიაშვილი 3 წელს, 2015-დან დღემდე, არაკვალიფიციური კადრები რომ უნდა გაეშვათ სკოლიდან, დაკარგულად მიიჩნევს

რომელ კომპონენტებს შეეხება ცვლილებები მასწავლებლის სქემაში

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური