GE

მასწავლებლებს ტრენინგები მხოლოდ შაბათ-კვირას და არდადეგების პერიოდში ჩაუტარდებათ

მასწავლებლებისთვის ტრენინგები სასწავლო პერიოდის განმავლობაში აღარ ჩატარდება. პედაგოგებს ტრენინგების ნაწილი შაბათ-კვირას ჩაუტარდებათ, ნაწილი კი საზაფხულო არდადაგების პერიოდში, გარდა ამისა, ტრენინგებზე აქცენტი მასწავებელთათვის პრაქტიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე გაკეთდება.

„პროცედურულად ჩავთვალოთ, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო. სამინისტროსგან გვაქვს მკაფიო ინსტრუქცია, რომ ტრენინგები შაბათ–კვირას და არდადეგების პერიოდში ჩატარდეს. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ასე გადავანაწილებთ ყველაფერს.

„აქამდეც, ტრენინგების ძირითადი ნაწილი მაინც შაბათ-კვირას ტარდებოდა. რადგან მასწავლებლებს, როდესაც რამდენიმე დღით უწევდათ ტრენინგზე ჩამოსვლა სამუშაო დღეებს ნაკლებად აცდენდნენ ხოლმე, ვერ აცდენდნენ. ამიტომ შაბათ-კვირას ვანაწილებდით, მეტი მოქნილობისთვის ზოგჯერ ეს იყო პარასკევი, შაბათი, კვირა. ამჯერად გადავეწყობით მთლიანად შაბათ-კვირაზე.

„რაც შეეხება არდადაგების პერიოდს, აქ, ალბათ, მოგვიწევს ისეთი ტრენინგების გამოყენება როგორიც არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგები, როდესაც საჭიროა, რომ დიდი რაოდენობით მასწავლებლები გადამზადდნენ. ვინაიდან, ყოველდღე შეგვიძლება ეს ტრენინგები ჩავატაროთ დღეში არაერთი საათი და უფრო დიდ მასშტაბზე გავალთ. შაბათ-კვირას ტრენინგების ჩატარება კი უკვე დაწყებულია“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აღნიშნული ცვლილების მიზეზს ხსნის და ამბობს, რომ დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მასწავლებლებისთვის აუცილებელია პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენა და რომ ასეთი ტიპის ტრენინგების დანერგვა ზაფხულიდან დაიწყება.

„როცა ვსაუბრობთ განათლების ხარისხის ამაღლებაზე, ვსაუბრობთ რომ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ხარისხი. ამ მხრივ პროფესიული წინსვლა მნიშვნელოვანია. სიტუაცია კი შემდეგნაირია, გვყავს ბრწყინვალე მასწავლებლებიც და გვყავს მასწავლებლები, რომლებსაც მთელი რიგი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა მიაღწიონ იმ საფეხურს, რომელიც  მისაღები იქნება განათლების ხარისხიდან გამომდინარე.

„როგორც იცით, მასწავლებლები ტრენინგის ფორმატში გადიოდნენ კურსებს, რომ თავიანთი კვალიფიკაცია აემაღლებინათ. მაგრამ ტრენინგებთან დაკავშირებით არის მთელი რიგი სიახლეები, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ უკვე და ამის შესახებ გეტყვით: პირველი – ჩვენ გავაუქმეთ ტრენინგები სასწავლო წლის განმავლობაში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სასწავლო წლის განმავლობაში, როცა გაკვეთილები ტარდება მასწავლებელი და დირექტორი უნდა იყოს სკოლაში, ვინაიდან, არც დირექტორი უნდა მოწყდეს თავის საქმეს და არც მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესს. შესაბამისად, ტრენინგები შესაძლებელია ჩატარდეს ან შაბათ-კვირას ან არდადაგების დროს. ყველაზე მთავარი, ლომის წილი ამ ტრენინგებისა ჩატარდება ზაფხულში, როცა დიდი არდადაგებია სკოლაში. ეს ტექნიკური, თუმცა მნიშვნელოვანი ტიპის ცვლილებაა, რადგან სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებელმა მთელი თავისი ენერგია უნდა მოახმაროს გაკვეთილების მომზადებას, იმაზე ფიქრს სხვა როგორ ასწავლოს, რა ასწავლოს და ა.შ.“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

„რაც შეეხება თავად ტრენინგის შინაარსს, ძირითადად იყო თეორიული საგნები, ეს, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა ტიპის გამოწვევებიც რეალურად გვაქვს სკოლებში, აუცილებელია პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ამის დანერგვას ზაფხულიდან დავიწყებთ.  რას ვგულისხმობ ამაში? – პედაგოგიური ილეთები, პედაგოგიური უნარ-ჩვევების განვითარება, ანუ ის, რასაც მასწავლებელი ამ ტრენინგის შემდეგ საკლასო ოთახში მიიტანს. რადგან თუ ტრენინგზე შეძენილი ინფორმაცია და ცოდნა მასწავლებელმა ბავშვამდე და საკლასო ოთახამდე არ მიიტანა, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ამის გაკეთებას – არავითარი“, – განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე:

რა სიახლეებს ითვალისწინებს გარე დაკვირვების პროცესი – მნიშვნელოვანი დეტალები პედაგოგებისათვის

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის

გიორგი მაჩაბელი: ჩვენი მიზანია, სქემა მასწავლებლის უფლებებს არ ზღუდავდეს

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური