GE

რომელ კომპონენტებს შეეხება ცვლილებები მასწავლებლის სქემაში

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა უფრო მოქნილი ხდება. შესაბამისად, პედაგოგებს ნაკლები ბიუროკრატიული პროცედურების გავლა მოუწევთ სქემაში საკუთარი აქტივობების დასადასტურებლად. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული ცვლილებები უკვე შეიმუშავა და განსახილველად განათლების სამინისტროს გადაუგზავნა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბლის თქმით, ცვლილებები სქემაში შეეხება იმ კომპონენტებს, რომელიც  პროფესიული განვითარების კურსის გავლის შემდეგ იმ დოკუმენტების ატვირთვასთანაა დაკავშირებული, რომელიც საჭიროა პედაგოგთა განხორციელებული აქტივობების შეფასებისთვის.

„აქამდე თუ პედაგოგს უხდებოდა ჩვენი ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგის დამადასტურებელი საბუთების თვითონ ატვირთვა eschool -ის სისტემაში, ეს იცვლება და ახლა უკვე ჩვენი ცენტრი ატვირთავს ამ დოკუმენტაციას. მასწავლებელს შეუმსუბუქდება ეს კომპონენტი.

ზოგადად, ყველა ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუროკრატიული ბარიერები, რომელიც ამ სქემას აქვს და დავეხმაროთ მასწავლებლებს, მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინონ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და ნაკლებად მოუწიოთ წერითი კომპონენტის გამოყენება“, – აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ცვლილებები მომზადებულია და გადაგზავნილია სამინისტროში. სამინისტრო შესაბამისად ამ ცვლილებების პაკეტს ამზადებს მთავრობის სხდომაზე გასატანად. როგორც კი გავა მთავრობის სხდომაზე, დაამტკიცებს მთავრობა და მეორე დღესვე შევა ძალაში.

„სქემის ძირითადი კომპონენტები რჩება იგივე. საუბარია გარკვეულ ცვლილებებზე, რომლებიც აადვილებს პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარების კურსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოებას“, – განაცხადა მაჩაბელმა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანის განცხადებით, ეს იყო ყველას სურვილი, შემცირებულიყო სქემაში, თუკი რაიმე ბიოროკრატიული იყო.

„თუკი მასწავლებლებს აქამდე ჰქონდათ 32 აქტივობისთვის მოსაგროვებელი 72 მტკიცებულება, ამ მტკიცებულების რაოდენობა 40-მდე მცირდება. ანუ ნაკლები მტკიცებულება დასჭირდება მასწავლებელს, რომ დაადასტუროს მის მიერ განხორციელებული აქტივობები“, – განაცხადა მანანა რატიანმა.

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, ძირითადი ცვლილება მასწავლებლის სქემაში ისაა, რომ სქემა გახდება უფრო მოქნილი და  მასში აისახება სპეციალური მასწავლებლების განვითარება. ასევე თითოეულ მასწავლებელს უფრო მარტივად შეეძლება პროფესიული წარმატების დამტკიცება და რაც ყველაზე მთავარია, უფრო ნაკლები იქნება დოკუმენტებთან მუშაობის საჭიროება და ბიუროკრატიული მექანიზმები.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში სპეციალური მასწავლებლის განვითარება აქამდე არ იყო ინტეგრირებული. ცვლილებების შემდეგ ასახული იქნება სპეციალური მასწავლებლის განვითარების გზაც.

სპეციალური მასწავლებლის განვითარების სქემა განსხვავდება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მასწავლებლის პროფესიული ზრდის სქემისაგან, თუმცა ეს იქნება ერთი სქემა, რომელშიც იქნება ასახული როგორც მასწავლებლების, ასევე სპეციალური მასწავლებლების განვითარების შესაძლებლობები, მათი მხრიდან კრედიტების მიღების შესაძლებლობები და დადასტურების საშუალებები.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შედის ცვლილებები, სადაც განისაზღვრება სპეციალური მასწავლებლის პროფესია. ასევე ალტერნატიული გეგმების მნიშვნელობა და სხვადასხვა საკითხები, რომელიც ინკლუზიური განათლების დასარეგულირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

ცვლილებების თანახმად, ასევე სკოლას უფლება ექნება, მოწვეული მასწავლებლი დაასაქმოს დროებით. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბლის თქმით, მოწვეული მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ ასწავლის სკოლაში, არც აქვს სურვილი დიდი ხანი დარჩეს პედაგოგად სკოლაში.

„სკოლას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მაღალი რანგის პროფესიონალი, აკადემიკოსი, პროფესორი, მეცნიერი დროებით მიიწვიოს სკოლაში ბავშვისთვის გაკვეთილის ჩასატარებლად.

მოწვეულ მასწავლებელს ამ შემთხვევაში არ სჭირდება სქემაში ჩართვა და კრედიტების დაგროვება. თვითონ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, ვის მოიწვევს. მოწვეული მასწავლებელი სკოლას შეიძლება დასჭირდეს დამატებითი გაკვეთილების  ან კლასგარეშე აქტივობების ჩასატარებლად“, – აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მანანა რატიანის თქმით, მოწვეული მასწავლებლის საჭიროება გაჩნდა იმიტომ, რომ არასრული დატვირთვით როცა მიდის სკოლაში პირი, მას აქვს თავისი სამსახურიც და ვერ ახერხებს სქემაში სრულად ჩართვას.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ესენი არ არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ პროფესიული ზრდა, ისინი უკვე არიან პროფესიონალები. შესაბამისად, სკოლას უნდა მიეცეს მათი მოწვევის საშუალება.

„მოწვეული მასწავლებლის სტატუსი არის გამომდინარე იმ რეგულაციებიდან, რომელიც ამ ბოლო ხანებში სქემის ფარგლებში შეიქმნა. გარკვეული დეფიციტი გაჩნდა მასწავლებლების. დეფიციტი არის როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი. პროფესიონალები, რომლებიც არიან სისტემის გარეთ, თანახმა არიან შევიდნენ სკოლაში და თავისი გამოცდილება გაუზიარონ მოსწავლეებს სქემით გათვალისწინებული აქტივობების გარეშე. ამისგან ისინი თავისუფლები არიან.

მათი შერჩევის კრიტერიუმებში ჩვენ ნაკლებად ჩავერევით. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებას მიიღებენ საგაზაფხულო სესიაზე და სექტემბრიდან უკვე შეძლებენ სკოლები მათ მიწვევას. ეს შეეხება, პირველ რიგში, იმ სკოლებს, რომელთა სასწავლო ბადე მრავალფეროვანია“, – აღნიშნა მანანა რატიანმა.

ამავე თემაზე:

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის

სპეცმასწავლებლის სტატუსის განსაზღვრა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება

„კანონი აღიარებს ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას!“

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური