GE

რა რეგულაცია უნდა გაატაროს სკოლამ, თუ მასწავლებელი რისკჯგუფშია – მინისტრის მოადგილის განმარტება

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლას შეუძლია გარკვეული რეგულაცია გაატაროს თუკი მასწავლებელი არის რისკჯგუფში კოვიდინფიცირების შემთხვევაში და ამბობს, რომ სამინისტრომ ორი მიმართულებით იმუშავა:

„პირველ რიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვასთან დაკავშირებით სამინისტრომ გარკვეული ღონისძიებები გააკეთა. მეორე არის უკვე განათლების მიმართულება, როგორ დაორგანიზდეს ეს პროცესი. როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეხებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის მდგომარეობა, ეს სასწავლო პროცესთან კავშირშია. თუ ფაქტებით დადასტურდა, რომ მასწავლებელი რისკჯგუფშია, რა თქმა უნდა, სკოლამ ამ მიმართულებითაც გარკვეული რეგულაცია უნდა გაატაროს, ან არსებითი საგანი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, მასწავლებლის უფლებაც არ დაირღვეს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, კონკრეტული საგნის სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

რომელი საგნები იგულისხმება “არსებით საგნად” მინისტრის მოადგილისგან, გაურკვეველია. EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტრომ მხოლოდ ასეთი დაზუსტება მისცა:

“იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ მასწავლებელი რისკჯგუფს წარმოადგენს, სკოლას აქვს ორი შესაძლებლობა, ან კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან ჩაანაცვლოს სხვა მასწავლებლით. მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს მასწავლებლის უფლება, ამიტომ ეს პროცესი მასთან შეთანხმებით უნდა წარიმართოს”.

ამირან გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მინისტრის მოადგილემ განმარტა მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება-არტარების საკითხიც და თქვა, რომ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით არსებობს ბრძანებით დამტკიცებული რეგულაცია, რომელიც შესაძლოა, გადაიხედოს. კერძოდ, ამ დროისთვის სკოლის სივრცეში პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის სავალდებულო არ არის, თუმცა, დგებუაძის განმარტებით, ახლა განიხილება, ხომ არ შეიცვალოს რეგულაცია.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური