უცხოელი სტუდენტებისთვის ენობრივი ბარიერის ცენზი წესდება, სწავლისთვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას კი მთავრობა დაადგენს
საქართველოში სწავლის მსურველი უცხოელი სტუდენტებისთვის დასაწესებელი წინაპირობების შესახებ მომზადებული კანონპროექტის თაობაზე დღეს დამატებითი განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, რეფორმა რამდენიმე რეგულაციას ითვალისწინებს: სასწავლო ბინადრობების არამიზნობრივი გამოყენების აღსაკვეთად წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი, დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის მიზნით, ხოლო არალეგალური მიგრაციის ოპერატიულად გამოვლენის მიზნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლებამოსილება ემატება.
“ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.
გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას. დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.
მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით.
იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ამავე თემაზე:
-
როგორ დახარჯა განათლების სამინისტრომ 2025 წლის ბიუჯეტი – ათვისება 96.6%-ია
by ARIS.GE-განათლება
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება