რა საგნები გაძლიერდება სექტემბრიდან და რა მოეთხოვებათ მოსწავლეებს – სკოლებში საშუალო საფეხურის ახალი მოდელის დანერგვა იწყება

2025-2026 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში გაძლიერებული აკადემიური მიმართულების პილოტირებაა დაგეგმილი. რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეები მათ მიერ არჩეულ მიმართულებებს გაძლიერებულად ისწავლიან. საპილოტე სკოლებისა და მასწავლებლების შერჩევისთვის კი ახლა განათლების სამინისტრო სკოლებიდან უკუკავშირს ელის.
მიმდინარე პროცესზე, არსებულ პრობლემებსა და საკითხის მნიშვნელობაზე EDU.ARIS.GE-ს მენტორი მასწავლებელი, ნატალია თურქაძე ესაუბრა და სკოლებისთვის სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად, განათლების სამინისტროს მიმართ კონკრეტული კითხვები დასვა.
რა ინფორმაცია მიიღეს სკოლებმა და რა სამუშაოები აქვთ შესასრულებელი
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლებს განუმარტავს, 2024-2025 სასწავლო წელს წარმატებით განხორციელდა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების დანერგვა სკოლებში, რამაც კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა პროფილური სწავლების მნიშვნელობა და მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება.
უწყება ხსნის, რომ გაძლიერებული აკადემიური მიმართულება ემსახურება ორ მიზანს: მოსწავლისთვის სასურველი საგნის შესწავლას გაძლიერებულად ან მოკლევადიანი კურსების შეთავაზებას და მის თვითგამორკვევას.
„შესაბამისად, ყველა მოსწავლე გაივლის სავალდებულო ძირითად კურსს, რომელიც მისი დატვირთვის დაახლოებით 40%-ს მოიცავს, ხოლო დარჩენილი 60%-ს შეადგენს მოსწავლის მიერ არჩეული საგნები, რასაც ირჩევს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე“, – განმარტავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
სავალდებულო კურსი მოიცავს შემდეგ საგნებს: ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ინგლისური ენა, სპორტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (STEAM), საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული სწავლება.
არჩევითი გაძლიერებული კურსი მოიცავს – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გაღრმავებულად სწავლებას ან/და მოკლევადიანი კურსების აღებას, როგორიცაა: ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სამართალი, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება და სხვა.
საშუალო საფეხურის ახალი მოდელის დანერგვა დაიწყება 2025-2026 სასწავლო წლიდან და განხორციელდება ეტაპობრივად პილოტირების შედეგების გათვალისწინებით. შესაბამისად, პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება დიდკონტინგენტიანი სკოლები, რომლებსაც თეორიულად უფრო მაღალი მზაობა ექნება, როგორც ადამიანური რესურსის, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე.
სამინისტროს მხრიდან განხორციელდება გაძლიერებული საგნის მასწავლებელთა პირველადი ტრენინგი და უწყვეტი პროფესიული მხარდაჭერა სწავლა-სწავლების პროცესში მთელი წლის განმავლობაში.
ტრენინგების დასრულების შემდეგ მოხდება იმ მასწავლებლების და სკოლების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩაერთვებიან პილოტირებაში.
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს სკოლამ
– სკოლამ გაძლიერებული საგნების შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით. რასაც თანხვედრაში მოიყვანს სკოლის ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან;
– გაძლიერებული საგნების მასწავლებლების შერჩევისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მასწავლებელს, რომელსაც საბაზო-საშუალო საფეხურზე დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია.
– მასწავლებელთა შერჩევის შემთხვევაშიც მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული მოსწავლეთა სურვილი.
– ერთი მასწავლებელი შესაძლებელია, ასწავლიდეს როგორც სავალდებულო, ისე, არჩევით კურსზე. სკოლას შეუძლია კონკრეტულ საგანზე 1-ზე მეტი მასწავლებლის წარმოდგენა;
– სკოლა არ არის შეზღუდული შერჩეული გაძლიერებული საგნების რაოდენობაში;
– არ არის სავალდებულო ორივე არჩეული საგანი ერთ საგნობრივ ჯგუფს წარმოადგენდეს.
– გაძლიერებული კურსის არჩევის შემთხვევაში, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს არაუმეტეს 2 საგნისა;
– მოკლევადიანი არჩევითი საგნები დამატებით წარმოდგენილი იქნება სექტემბრისთვის.
როგორია ვითარება სკოლებში სამინისტროს ახალი დავალების შემდეგ და რა კითხვები აქვს მენტორ მასწავლებელს.
EDU.ARIS.GE-ს კითხვებს ნატალია თურქაძე, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 და მე-17 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორი მასწავლბელი პასუხობს:
– ქალბატონო ნატალია, ამ საკითხზე ახლა ბევრს საუბრობს. როგორ ეხმიანება თქვენი პროფესიული ჯგუფი მიმდინარე პროცესს?
ჩვენს „მოტივირებულ პედაგოგთა ჯგუფში“ ყოველდღიურად შემოდის შეკითხვები გაძლიერებული აკადემიური მიმართულების თემაზე. ვცდილობთ, თითოეულს სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ — ვუპასუხოთ ფაქტებზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე და სკოლების პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესს არ ვუპასუხოთ ემოციური ფონის გავლენით, არამედ მივცეთ პროფესიული, გააზრებული რეაქცია.
ჩვენი მიზანია: დავეხმაროთ კოლეგებს პროცესის უკეთ გააზრებაში; გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, რაც პილოტირების ეტაპზე განსაკუთრებით ღირებულია; და რაც მთავარია, შევაგროვოთ ის კითხვები და რეკომენდაციები, რაც ფართო და სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს.
– მოდით, პრაქტიკულ მხარესაც შევხედოთ: როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი სკოლების მაგალითზე?
– განათლების სამინისტროს მითითებით, სკოლებს დაევალათ, რომ გაძლიერებული აკადემიური მიმართულებების დანერგვის პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე და ჩართულობაზე დაფუძნებული.
კონკრეტულად კი, თითოეულ სკოლას დაევალა: სასკოლო საზოგადოების — მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების ინფორმირება იმაზე, რას გულისხმობს ეს მოდელი; ინტერესებისა და საჭიროებების გამოვლენა — მოსწავლეებმა უნდა დააფიქსირონ, რომელი საგნის გაძლიერებას ისურვებდნენ; სკოლის მზაობის ანალიზი — ადამიანური რესურსები (პედაგოგები, მათი კომპეტენცია), მატერიალური პირობები (საბაზო ინფრასტრუქტურა, ტექნიკა და ა.შ.); და ამ ყველაფრის საფუძველზე — პრიორიტეტების განსაზღვრა და გადაწყვეტილების მიღება.
პროცესი საჭიროებს თანამონაწილეობას, გააზრებას და სამართლიან მიდგომას. როცა ყველა მხარე – მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და ადმინისტრაცია – არის ჩართული, შედეგი გაცილებით ეფექტური და სანდოა.
– თქვენი ჯგუფის ფარგლებში გიგროვდებათ სკოლების პრაქტიკული გამოცდილება. რას გვეტყვით ამ ეტაპზე – როგორ გამოიყურება სურათი ქვეყნის მასშტაბით?
ნამდვილად გვაქვს მაგალითები, სადაც პროცესი წარიმართა ღია, გონივრულად და თითოეული მხარის ჩართულობაზე დაფუძნებულად. ასეთ სკოლებში გამოიკვეთა მოლაპარაკებაზე და თანამონაწილეობაზე ორიენტირებული მიდგომა. მაგალითად:
1. სკოლის ადმინისტრაციამ მოიწვია პედაგოგიური საბჭო, სადაც დეტალურად განიხილეს განათლების მინისტრის რეკომენდაციები და დაგეგმეს მოქმედების სტრატეგია;
2. მოსწავლეებსა და მშობლებს წარუდგინეს სრულფასოვანი ინფორმაცია — რა არის გაძლიერებული მიმართულება, რას მოიცავს, როგორ შეირჩევა საგანი და რა ცვლილებებს უნდა ელოდონ;
3. მოსწავლეებმა გამოკითხვის გზით დააფიქსირეს ინტერესები — რომელი საგნის გაძლიერება იყო მათთვის პრიორიტეტული;
4. მასწავლებლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა — ვის ჰქონდა შესაბამისი კომპეტენცია და მოტივაცია ამ პროცესში ჩასართავად;
5. და ბოლოს, შეფასდა სკოლის რეალური შესაძლებლობები — ადამიანური რესურსი, საკლასო სივრცე, ტექნიკური პირობები, და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმ საგანზე, რომელიც რეალურად შეიძლება გაძლიერებულად ისწავლებოდეს.
ასეთ სკოლებში პროცესი ნამდვილად აღქმულია როგორც შესაძლებლობა — დემოკრატიულად, პასუხისმგებლობით და კოლაბორაციულად მართული ცვლილება, სასიამოვნოა ის, რომ ეს პროცესი რიგ სკოლებში განხორციელდა სამართლიანად, მოსმენაზე და თანხმობაზე დაფუძნებით. მოსწავლეებმა შეიგრძნეს, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია და ამ პროცესში არიან არა დამკვირვებლები, არამედ თანაშემქმნელები.
სამწუხაროდ, ჯგუფში შემოსულ შეტყობინებებში არაერთი სკოლაა დასახელებული, სადაც საქმე სხვაგვარად მიდის:
– გადაწყვეტილება მიიღება დირექციის მიერ ერთპიროვნულად
– მშობლებისა და მოსწავლეების აზრი უგულებელყოფილია
– პედაგოგებს არ მიეწოდათ სრული ინფორმაცია ან საერთოდ არ ჩაურთავთ პროცესში.
ასეთი პრაქტიკები აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ სკოლას, არამედ მთლიანად პილოტის იდეასაც, რადგან მთავარი მიზანი — მოსწავლეზე მორგებული და სამართლიანი განათლების მოდელის შექმნა — ფორმალურ გადაწყვეტილებებს ეწირება.
სწორედ ამიტომ არის ჩვენი ჯგუფის მიზანი — გამოვავლინოთ როგორც კარგი გამოცდილებები, ისე პრობლემური შემთხვევები, დავაფიქსიროთ ისინი და გადავცეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რათა პროცესი სრულფასოვნად და თანასწორად წარიმართოს.
– მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა სკოლამ პროცესი სწორად და ღიად დაიწყო, რა შეკითხვები რჩება ყველაზე მწვავედ ამ ეტაპზე?
– მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ზოგიერთ სკოლაში დადებითად, გააზრებულად და თანამონაწილეობით წარიმართა, საკითხის ირგვლივ ჯერ კიდევ უამრავი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი — და ეს ბუნებრივია, რადგან პილოტის ეტაპზე სწორედ ასეთი დაუზუსტებელი წერტილების გამოკვეთა და ანალიზი არის საჭირო.
ძირითადი კითხვებია:
- როგორ შეფასდება მოსწავლე, ვინც სწავლობს გაძლიერებულად? იქნება თუ არა ეს შეფასება განსხვავებული ფორმატით წარმოდგენილი?
- იქნება თუ არა ამ მიმართულებას გავლენა მოსწავლის სტატუსზე, შიდა და გარე შეფასებაზე ან მის მომავალი სასწავლო არჩევანზე?
- რა ვალდებულებები დაეკისრებათ იმ მოსწავლეებს, ვინც აირჩევს გაძლიერებულ საგანს? მაგალითად — როგორ აისახება ეს მოლოდინებში, ტესტირებასა თუ ეროვნულ გამოცდებზე
- როგორ ჩატარდება წლის ბოლოს მონიტორინგი? იქნება ეს მოსწავლის ინდივიდუალური მიღწევების ანალიზი, თუ სკოლის მთლიანად შეფასება?
- როგორ დაფიქსირდება და შეფასდება პედაგოგის სამუშაო დატვირთვა? მიეცემა თუ არა შესაბამისი შეფასება იმ მასწავლებელს, ვინც დამატებით იღებს ჯგუფთან მუშაობის პასუხისმგებლობას?
სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემადაც არის საჭირო ჩვენი ერთობლივი ჩართულობა — შეკითხვების დაფიქსირება, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი.
დასასრულს — გაძლიერებული აკადემიური მიმართულება არ არის ფორმალური ცვლილება. ეს არის შანსი, რომ მოსწავლემ იპოვოს საკუთარი ინტერესის გზა სკოლაში, მასწავლებელმა იმუშაოს მოტივირებულ ჯგუფთან და სკოლამ შექმნას შედეგზე ორიენტირებული, განვითარებაზე მორგებული გარემო.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, რომ ჩვენ, პედაგოგებმა, ვიმოქმედოთ არა მოლოდინით, არამედ მონაწილეობით. რაც უფრო აქტიურები ვიქნებით, მით უფრო სწორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილებებიც.
ხშირად დასმული კითხვები და პასუხები სკოლებისთვის:
-რამდენად იზრდება გაძლიერებულ კლასებში მოსწავლის კვირეული დატვირთვა?
– “კლასიკურებთან” შედარებით “გაძლიერებულები” სასწავლო პროცესს უფრო გვიან ხომ არ დაასრულებენ?
გაძლიერებულში მოსწავლის კვირეული დატვირთვა იქნება მაქსიმუმ 30 საათი, რომელიც განსხვავებული პრინციპით გადანაწილდება და არ გამოიწვევს დამატებითი დროის დამატებას.
– საპილოტე სკოლებში კლასიკური მოდელით სწავლება აღარ განხორციელება?
მოსწავლეებისგან, რომლებიც აირჩევენ გაძლიერებული მოდელით სწავლას (განსხვავებული საგნების არჩევის მიუხედავად) დაკომპლექტდება ახალი პარალელი/პარალელები, რომლებიც სწავლას გააგრძელებენ ახალი მოდელით (სავალდებულო(40%)+გაძლიერებული(60%));
დანარჩენი მოსწავლეები, რომლებსაც არ სურთ ახალ მოდელში ჩართვა, სწავლას გააგრძელებენ “კლასიკური” (აქამდე არსებული) მოდელით.
– მინიმუმ რამდენმა ბავშვმა უნდა აირჩიოს ერთი კონკრეტული საგანი, რომ წარმოვადგინოთ შესაბამისი საგნის მასწავლებლის კანდიდატურა?
ამ ეტაპზე სკოლებმა წარმოადგინეთ მოსწავლეებისგან წამოსული ნებისმიერი დაკვეთა, რომელიც თანხვედრაშია სკოლის ადამიანურ და ინფრასტრუქტურულ რესურსთან. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო მოახდენს გადარჩევას.
– თუ არის შესაძლებელი, რომ წარმოვადგინოთ ყველა საგნის მასწავლებლის კანდიდატურა, რომ სამომავლოდ საჭიროების შემთხვევაში გვყავდეს კადრი.
ამ ეტაპზე, უნდა წარმოადგინოთ იმ მასწავლებლების კანდიდატები, რომლებიც მოსწავლეების ინტერესებისა და სკოლის შესაძლებლობების შეჯერების შედეგად გამოიკვეთებიან.
– გაძლიერებული სწავლება მოიცავს თუ არა ისეთ საგნებს როგორიცაა ფიზიკური აღზრდა(სპორტი), მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება?
დიახ, მოიცავს.
– შესაძლებელია თუ არა გაძლიერებული სწავლების საგნების არჩევის შემდეგ კლასები დავყოთ პარალელებად არჩეული საგნების მიმართულებებით, მაგ: STEAM საგნები, ჰუმანიტარული მიმართულება, სახელოვნებო მიმართულება, ზოგადი მიმართულება, სადაც ეს ბავშვები სავალდებულო (ე.წ. ქორი) საგნებს გაივლიან ერთად და გაძლიერებულ საგნებზე განაყოფების სახით გადანაწილდებიან კონკრეტულ საგნებზე?
გაძლიერებულ კლასში, ისევე როგორც კლასიკურში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 29-ით. შესაბამისად, თუ გაძლიერებულ სწავლებას მოისურვებს 29-ზე მეტი მოსწავლე დადგება 2 დამატებითი პარალელის გახსნის საჭიროება. პარალელები არ იქმნება მიმართულებების მიხედვით. გაძლიერებული კლასის მოსწავლეები სავალდებულო პროგრამას გადიან ერთად და “განაყოფებად” იყოფიან არჩეული გაძლიერებული საგნების მიხედვით.
– არსებულმა გაძლიერებულმა სკოლებმა (მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკის სკოლები) უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა პილოტირებაში?
საპილოტე რეჟიმში ასეთი სკოლების ჩართვა არ არის რეკომენდებული.
– ამ ეტაპზე დააფიქსირონ თუ არა სკოლებმა მოკლე კურსების არჩევანი?
ამ ეტაპზე სკოლები აფიქსირებენ მხოლოდ ძირითადი საგნების გაძლიერებულად სწავლების არჩევანს. მოკლევადიან კურსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიიღებთ სექტემბრისთვის.
– რას გულისხმობთ ინტეგრირებულ კურსში? საგნების მონაცვლეობით სწავლებას? ერთი მასწავლებელი ასწავლის ინტეგრირებულ კურსში შემავალ საგნებს?
STEAM-ის და საზოგადოებრივი მეცნიერებების შემთხვევაში სწავლება ხდება პროექტებით. პროექტული სწავლების პრინციპი გავს კომპლექსური დავალებების პრინციპს. ის არ ცვლის საგნობრივ მიზნებს-ამყარებს და აძლიერებს მათ. პროექტის თემა ისე იქნება არჩეული, რომ საჭიროებდეს სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის გამოყენებას და გავრცობას. ამიტომ პროექტის მზადების პროცესში ყველა შესაბამისი მასწავლებელი იქნება ჩართული წინასწარ გაწერილი განრიგით.
– თუ მოსწავლე აირჩევს გაძლიერებული სწავლების კურსიდან ისტორიას და მას სურს კიდევ დამატებით მოქალაქეობის არჩევა, ამ დროს ირჩევს საზოგადოებრივი მეცნიერებების მთლიან ჯგუფს თუ მასში შემავალ კონკრეტულ საგნებს? იგივე კითხვა გვაქვს საბუნებისმეტყველო საგნებზეც.
ახალი მოდელი არ არის გათვლილი მიმართულებებზე, იგი მოსწავლეს უფრო მეტ თავისუფალ არჩევანს აძლევს და ეს არჩევანი კეთდება საგნების მიხედვით და არა მიმართულებების მიხედვით. შესაბამისად, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს საგნები განსხვავებული მიმართულებებიდან.
– ლაბორატორიის არქონა თუ ითვლება იმ პრობლემად, რის გამოც სკოლა ვერ აწევს ქიმიის და ბიოლოგიის გაძლიერებას?
არ ითვლება პრობლემად, ვინაიდან ყველა სკოლა შეძლებს ჰარვარდის ვირტუალურ ლაბორატორიის გამოყენებას.
– თუ მოსწავლეს მხოლოდ მათემატიკის გაძლიერება უნდა?
მარტო ერთი საგნის არჩევით ვერ შეძლებს 60%-ის შევსებას.
– კლასიკურ მოდელში დარჩენილია, მაგალითად 10-10 ბავშვიანი პარალელები, შეინარჩუნოს სკოლამ თუ აუცილებლად გააერთიანოს?
გაძლიერებული სწავლების მოდელის პილოტირებისას სკოლებს მიეცემათ ასეთი კლასების შენარჩუნების შესაძლებლობა.
– სად ისწავლება ესთეტიკური მიმართულებები?
STEAM-ში, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება:
S-Science (მეცნიერება)
T-Technology (ტექნოლოგიები)
E-Engineering (ინჟინერია)
A-Arts (ხელოვნება/მუსიკა)
M-Mathematics (მათემატიკა)
ასევე იხილეთ:
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ოთხ საგანში (დაწყებითი კლასები) – გამოცდები 2025 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ისევ ახალი მინისტრის, გივი მიქანაძის იმედად ვართ“ – რა აქტივობით წარიმართა სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები და როგორია მისი ლეგიტიმაცია? by ARIS.GE-განათლება