GE

„ორ-სამ წელიწადში სასკოლო და უმაღლეს განათლებაში ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება უნდა გვქონდეს“ – მთავრობის გეგმა

ეროვნული სასწავლო გეგმა და სასკოლო სახელმძღვანელოები ფუნდამენტურად გადაიხედება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 27 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის მოხსენება წარმოადგინა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ზოგადი განათლების სფეროში რადიკალური ცვლილებები განხორციელდება და უახლოეს წლებში დღევანდელთან მიმართებით, სრულიად განსხვავებული ვითარება გვექნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა წინა ხელისუფლების პირობებში, რასაც მკაცრად იდეოლოგიური მიზნები ჰქონდა – ძალიან მანკიერი იდეოლოგიური მიზნები.
„ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანაა, რადიკალური ცვლილებები შევიტანოთ ამ სფეროში, მათ შორის ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს. ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება შემდეგი წლების განმავლობაში. ჩვენ ორ-სამ წელიწადში, უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო განათლების, ისე უმაღლესი განათლების სფეროში და ამას უზრუნველყოფს ის გეგმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული. დეტალებზე მეტ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე განათლების ბიუჯეტის ზრდის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი, კონკრეტულად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 2 მილიარდ 43 მილიონი ლარიდან 2 მილიარდ 462 მილიონ ლარამდე.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მასწავლებლებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლის მასწავლებლების შრომის ანაზღაურება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 30 მილიონი ლარით, 145 მილიონიდან 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ასევე 30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი განათლების ბიუჯეტი – 171 მილიონიდან 201 მილიონ ლარამდე.

„მეცნიერების ბიუჯეტი გაიზარდა 6,65 მილიონი ლარით, დაახლოებით 79,6 მილიონი იყო ბიუჯეტი და გაიზარდა დაახლოებით 86 მილიონ ლარამდე. ახალგაზრდული პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 5 მილიონი ლარით, 8,9 მილიონიდან 13,8 მილიონ ლარამდე. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდა უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ:

„ერთ თვეში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციას წარმოგიდგენთ“ – ირაკლი კობახიძის განცხადება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური