რა საკითხები შეხვდათ ქართული ენის გამოცდის მეოთხე დღეს აბიტურიენტებს – მათ საგამოცდო საკითხების გახსენება გაუჭირდათ
მე-4 დღეა, რაც 2020 წლის აბიტურიენტები გამოცდას ქართული ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან დღეს გმოცდაზე 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.
წინა დღეებისგან განსხვავებით, დღეს გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს ჩვენთან საუბარში საგამოცდო საკითხების გახსენება გაუჭირდათ, თუმცა საკითხების გარკვევა მაინც მოვახერხეთ. მათი თქმით, დღევანდელი, მე-4 ვარიანტის საკითხები, წინა ვარიანტებთან შედარებით, უფრო რთული იყო.
აბიტურიენტი ქ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: ,,გამოცდა საკმაოდ მარტივი იყო, ტექსტის რედაქტირების შინაარსი არ მახსოვს, ნაწარმოები იყო ლორთქიფანიძის მოთხრობა ,,შელოცვა რადიოთი” და არაპროგრამულიდან იყო გივი გეგეჭკორის ლექსი, სათაური არ მახსოვს. ესეს თემა იყო ინტელექტუალი ადამიანები იყენებენ თუ არა ბოროტად თავის ცოდნას. ვფიქრობ, რომ წინა ვარიანტებს უფრო ადვილი საკითხები შეხვდათ და დღევანდელი უფრო რთული იყო.”
იოსებ ჯაბანიშვილი, ქ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: ,,არ იყო რთული გამოცდა, ნამდვილად. ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა დავწერე ,,შელოცვა რადიოთი”. არაპროგრამულიდან მოვიდა ლექსი, არ მახსოვს რომელი. არგუმენტირებული ესე იყო ასეთი – აძლევს თუ არა ინტელექტი ადამიანს უფლებას ბოროტად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და დაჩაგროს სხვა ადამიანები. ტექსტის რედაქტირება მიჭირს ხოლმე, მაგრამ ეს ადვილი იყო, თავსაბურავსა და ქუდს ეხებოდა შინაარსი და ძირითადად პუნქტუაციური შეცდომები იყო. საგამოცდო გარემო ძალიან კარგი იყო, გრილოდა და დაძაბულობაც არ იყო.”
აბიტურიენტი ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “არაპროგრამულიდან გივი გეგეჭკორის ნაწარმოები “მეცხრამეტე საუკუნის პოეტები” მოვიდა და “შელოცვა რადიოთი”. ესე კი ასეთი – არსებობს მოსაზრება, რომ ინტელექტუალ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი ცოდნა სხვების ჩაგვრისთვის გამოიყენონ. მე უარვყავი ეს მოსაზრება და მგონი, კარგი არგუმენტები მოვიყვანე. ესეს კმაყოფილი ვარ, კარგი სამსჯელო იყო. ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა. საკმაოდ დიდიც გამომივიდა. მთლიანად ტესტიც ნორმალური სირთულის იყო. არ გამჭირვებია. უფრო რთულად წარმომედგინა გამოცდა, თუმცა წინა დღეებში გამოსულები რომ წერდნენ არაფერია საშიშიო, მეც შედარებით დამშვიდებული გავედი.”
აბიტურიენტი ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “გარემო, რაც მთავარია, ნორმალური დაგვხვდა. ჩვენთან კონდინციონერი იყო ჩართული, ამიტომ პირბადეები გვეკეთა. სირთულეს რაც შეეხება, ცოტა არამომგებიანი ტექსტები შეგვხვდა”შელოცვა რადიოთი” და “მეცხრამეტე საუკუნის პოეტები”. მე “შელოცვა რადიოთი” ავირჩიე. ტექსტები არამომგებიანი იყო იმ მხრივ, რომ ნაკლებად შეგიძლია გაშალო, ვიდრე, მაგალითად, “შუშანიკი” და “აბო”. არის ტექსტები, სადაც ბევრი რამის თქმა შეგიძლია, აქ კი ყველაფერი უკვე ნათქვამია და ბევრს ვერაფერს დაამატებ, ახალს ვერაფერს დაასკვნი. ესე კი საინტერესო იყო – შესაძლებელია თუ არა ინტელექტისა და განათლების ხარჯზე სხვა დაჩაგრო. პრინციპში ძალადობაზეა და კარგად გაშლიდი. რედაქტირება არ იყო რთული, აშკარა შეცდომები იყო – პუნქტუაცია, მრავლობითი ფორმები, სიტყვების ბოლოს “დ” არის საჭირო თუ “თ” და ა.შ.
მე მეორედ ვაბარებ, პირველად სამი წლის წინ ჩავაბარე და უკვე დავასრულე. იმ სამი წლის წინანდელთან შედარებით ადვილი იყო ნამდვილად. არადა ახლა უფრო ვნერვიულობდი, რადგან ისე კარგად მომზადებული არ ვიყავი. რომ გამოვედი, მერე გამახსენდა, რომ რაღაცები გამომეპარა. რაღაცების აღნიშვნა დამავიწყდა. უფრო კარგი მაგალითების მოყვანა შემეძლო, თუმცა ადრე გამოვედი. ამდენი ხანი ჯდომა არ შემიძლია. სამი საათი ვერასოდეს დავჯდები. აზრი არ აქვს. ზოგი ნელა მუშაობს, ზოგი – ჩქარა. მე რაც ვარ, დაახლოებით ამ დროში ვიწურები. მერე ახალი არაფერი მომაფიქრდება. გამოსვლის მერე კი მომაფიქრდა, მაგრამ ეს ყოველთვის ასე ხდება, ყველაფერს ვერ დაწერ. ”
გიორგი ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ვწერე “შელოცვა რადიოთი”, ძალიან გამიხარდა რომ ეს შემხვდა, არაპროგრამულიდან ლექსი იყო და არ წამიკითხავს, სიმართლე გითხრათ. ესეს თემა იყო როგორ ეხმარება ადამინს ინტელექტი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. რედაქტირების ტექსტი ქუდებზე იყო, 12 შეცდომა აღმოვაჩინე.”
მედეა თავართქილაძე, ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “პროგრამულიდან “შელოცვა რადიოთი” იყო დასაწერი და არაპროგრამულიდან ლექსი მე-19 საუკუნის შესახებ. ეს ლექსი არც მე ავირჩიე და არამგონია ბავშვების უმეტესობას აერჩია. ესე იყო ცოდნასა და ინტელექტზე – რამდენად შეიძლება ის ადამიანმა გამოიყენოს ბოროტად. რედაქტირების ტექსტი იყო ქუდებზე და თავსაბურავებზე, უმარტივესი ტექსტი იყო და შეცდომებიც ადვილად ვიპოვე. ძალიან კარგი გარემოა საგამოცდო ცენტრში. ბავშვები, ვინც ჩემს ირგვლივ იყო ყველა კარგად გრძნობდა თავს.”
გიორგი ბაღდავაძე, ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “პროგრამული იყო თემა დასაწერი სათაურით “შელოცვა რადიოთი” რაც ვფიქრობ კარგად დავწერე. ლექსი იყო კიდე მაგრამ არ წამიკითხავს საერთოდ ასევე ითხოვდნენ პერსონაჟების დახასიათებას. ესე მოცემული იყო იმის შესახებ, რომ ადამიანები ცოდნას ადამიანი ზოგჯერ სხვის ხელში ჩასაგდებად, არაკეთილსინდისიერად იყენებს. რედაქტირებას რაც შეეხება, ადვილი იყო ძალიან.”
ქვეყნის მასშტაბით, დღეს გამოცდაზე სულ სამმა აბიტურიენტმა დაიგვიანა.
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება