GE

რა საკითხები შეხვდათ ქართულის პირველ სესიაზე გასულ აბიტურიენტებს – პირველი შეფასებები

2017 წლის ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან პირველი აბიტურიენტები უკვე გამოვიდნენ. გლდანის 173–ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ გამოცდა არ გასჭირვებიათ.

“არანაირი შეფერხება არ ყოფილა, ყველაფერი მარტივად დავწერე, თემებზე ვერაფერს გეტყვით, იმდენად სწრაფად დავწერე, რომ აღარ მახსოვს”, – გვითხრა პირველმა გამოსულმა აბიტურიენტმა.

რაც შეეხება გამოცდაზე მოსულ საკითხებს, როგორც მეორე გამომსვლელი ჩვენთან ამბობს, საკითხებში იყო კითხვები ტიციანის და გალაკტიონის ლექსებიდან.

“ესეს თემა იყო: ,,შესაძლებელია თუ არა ერთი კულტურის შედარება მეორესთან”. ასევე იყო ტიციანის და გალაკტიონის ლექსებიდან კითხვები. საერთო ჯამში ძალიან ადვილი იყო და არ გამჭირვებია. მე პირადად მეოთხედ გამოვდივად ეროვნულ გამოცდებზე და არ აქვს მნიშვნელობა სად მოვხვდები”, – გვითხრა გლდანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

“ერთი თემა იყო შუშანიკის წამება. კატის გამოცდების ფონზე, ქართულის მისაღები გამოცდა ძალიან ადვილი იყო და, წესით, არავის არ უნდა გაუჭირდეს, სულ დოლ–გარმონით ჩავაბარე”, – ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გამოსული გიორგი.

“პირველი ვარიანტის საკითხები იყო: თემები – შუშანიკის წამება ტრაპეზობის ეპიზოდი, ვარსქენი რომ მიიწვევს შუშანიკს, ჯოჯიკს და მის ცოლს სავახშმოდ, და გალაკტიონის ლექსი. ესე შესაძლებელია თუ არა ერთი კულტურის მეორესთან შედარება”, – გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.

“ლექსი იყო მურმან ლებანიძის – ლეგენდად დარჩეს, რომელიც ეძღვნებოდათ გალაკტიონსა და ტიციანს”.

“მხატვრული ტექსტებიდან ერთ–ერთი მოვიდა შუშანიკის წამებიდან – პურობის ეპიზოდი. ამ ეპიზოდის მიხედვით, უნდა გვემსჯელა ვარსქენის და იაკობ ხუცესის მხატვრულ სახეებზე, ასევე ავტორის მიერ გამოყენებულ მხატვრულ ხერხებზე”, – გვითხრა საბა ბეგიაშვილმა, რომელიც მუხიანის 175–ე საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა.

ბათუმის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ამბობს, რომ თემა გაუჭირდა და საერთოდ არ დაწერა.

რაც შეეხება ტექსტის რედაქტირებას, აბიტურიენტების ნაწილმა 18 შეცდომა გაასწორა, ნაწილმა კი 20 შეცდომა იპოვა. მათი თქმით, შეცდომების ზუსტი რაოდენობა დავალებაში მითითებული არ არის.

აბიტურიენტები ამბობენ, რომ ტექსტის გასწორების დავალება არ გასჭირვებიათ და მარტივად შეასრულეს.

2017 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულთა რაოდენობა ასეთია:

  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 4 000-მდე სტუდენტი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა – 13 500-მდე კანდიდატი;
  • მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება – 27 000-ზე მეტი აპლიკანტი;
  • აბიტურიენტები – 39 000-მდე აპლიკანტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება, საქართველოს მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, აქედან 10 თბილისში მდებარეობს. ცენტრები მოქმედებს: ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავასა და ხულოში.

საგამოცდო ნაშრომების გასწორება საგამოცდო პროცესების პარალელურად დაიწყება. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი სასწავლებელების არჩევისა თუ შეცვლის საშუალება სააპელაცო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.

რა ტიპის შეცდომები მოვიდა ქართულის გასარედაქტირებელ ტექსტში – აბიტურიენტი მუხიანის ცენტრიდან

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური