არაეთიკური საქციელი? – მოსწავლეები, მშობლები და კოლეგები მენტორი მასწავლებლის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ
ერთი კვირაა, ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და ახლა უკვე სკოლის 61 მასწავლებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, ეკატერინე დოლიძის ბრძანებით გათვისუფლებული მენტორი მასწავლებლის, ნატალია თურქაძის სკოლაში დაბრუნებას მოითხოვენ.
საგანმანათლებლო საზოგადოება განათლების მინისტრს მიმართავს და ხელმოწერებს აგროვებს, მოსწავლეები და მშობლები სკოლასთან საპროტესტო აქციებს მართავენ, მასწავლებლის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და პედაგოგს სამართლებრივი დახმარება აღუთქვა პედაგოგთა პროფკავშირმა, 36-ე სკოლის 61-მა მასწავლებელმა კი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს მიმართა განცხადებით. პოზიცია ერთია – “ნატალია თურქაძე უსამართლოდ არის გათავისუფლებული და ის სკოლაში უნდა დააბრუნონ”.
პედაგოგის გათავისუფლების მიზეზი ყოფილი სადამრიგებლო კლასისგან მიღებული საჩუქარი გახდა, რომელიც ნატალია თურქაძეს კლასის ბანკეტზე გადასცეს. თავად ნატალია თურქაძეც ამბობს, რომ გასულ წელს, ივნისის თვეში, მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე მას საჩუქრად იტალიაში მოგზაურობა გადასცეს. სწორედ ასეთი საჩუქრის მიღება მიაჩნია არაეთიკურად ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც ეთანხმება სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებას პედაგოგის გათავისუფლების შესახებ.
პედაგოგის საქმე ჯერ სკოლის დისციპლინურმა საბჭომ განიხილა, მაგრამ მასწავლებლის მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევა არ დაუდგენია. სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სკოლის დირექტორმა და ნატალია თურქაძე საკუთარი ბრძანებით გაათავისუფლა. დირექტორის ბრძანების თანახმად, მასწავლებელს დისციპლინური სახდელი დაეკისრა სკოლის შინაგანაწესის მეცამეტე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების დარღვევისთვის. სადაც EDU.ARIS.GE-სა და ნატალია თურქაძის 25 თებერვლის საუბრის თანახმად წერია:
“დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივი ეთიკური ნორმების დარღვევა; საქციეელი, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას, ავტორიტეტს; მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა”.
გათავისუფლებული პედაგოგი ფიქრობს, ფაქტებსა და სახდელის შესაბამისობას შორის აცდენაა, დირექტორს შეეძლო, საყვედური ან სასტიკი საყვედური გამოეცხადებინა, სკოლის ხელმძღვანელმა კი გათავისუფლების შესახებ ბრძანება შეადგინა.
მართლაც, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი და მათ შორის შესაძლოა იყოს: შენიშვნა; გაფრთხილება; საყვედური; სასტიკი საყვედური; არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება და სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა ზემოთქმულიდან, გარდა გათავისუფლებისა, ნატალია თურქაძის მიმართ არცერთი ყოფილა გამოყენებული. მოსწავლეთა მშობლები და კოლეგების ნაწილი კი ფიქრობს, რომ პედაგოგის სკოლიდან გაშვებას სხვა მიზეზი აქვს: “ნატალია მასწავლებელი არის პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებელი, არ ერიდება თავისუფლად თავისი აზრის დაფიქსირებას და არ აქვს მნიშვნელობა ეს აზრი იქნება ოპოზიციური თუ პოზიციური… შარშანდელიდან არის რაღაც მიზეზების ძიება, რადგან ნატალია მასწავლებელმა პოლიტიკურად განსხვავებული აზრი დააფიქსირა”.
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ფაქტები ასეთია: ნატალია თურქაძის საქმის შესწავლა სკოლას განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა დაავალა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დისციპლინურმა კომიტეტმა 3 კვირა იმუშავა და პედაგოგის ქცევაში ეთიკური გადაცდომა არ დაადგინა, სკოლის დირექტორმა პედაგოგი საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა, რომელსაც ეთანხმება საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელიც: “დისციპლინური კომიტეტის ასეთ გადაწყვეტილებას, ალბათ ვერც მე დავეთანხმებოდი. არ შეესაბამება პროფესიული ეთიკის სტანდარტს… ფინანსური მხარდაჭერა, როდესაც საუბარი არის სამნიშნა, ოთხნიშნა ციფრებზე, მე მგონი, სცდება ყველანაირ პროფესიულ ეთიკას”, – ამბობს ის.
კითხვა მაინც რჩება, არავინ იცის, საიდან გაჩნდა განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის ინტერესი, რომ ნატალია თურქაძის საქმე სკოლას შეესწავლა. იქნებ „მოტივირებულმა პედაგოგებმაც“ მისცეს მოტივაცია?
ნატალია თურქაძე კი განმარტავს: “საჯარო მოხელის კანონი გვაქვს ჩვენ, სადაც წერია, რომ წლის მანძილზე შენი ხელფასის 15%-ის ღირებულების საჩუქრის მიღების უფლება აქვს საჯარო მოხელეს. ჩემი საჩუქარი ამას სცდება, მაგრამ ჩვენ, მასწავლებლები, საჯარო მოხელეები არ ვართ, ჩვენ ვართ ხელშეკრულებით აყვანილი და ეს კანონი ჩვენზე არ ვრცელდება. დისციპლინური კომიტეტი ამაშიც ვერ მომედავა, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ სახელმწიფოს აქვს მიდგომა, რომ ყველა კანონი მაინც ერთიანობაში მოდის და არაეთიკურია, მასწავლებელმა ამხელა საჩუქარი აიღოსო. მე კი ამ ბავშვების მასწავლებელი უკვე აღარ ვიყავი, ისინი კურსდამთავრებულები იყვნენ და ჩვენი ურთიერთობა უკვე სხვა კონტექსტშია გადასული.
ახლა კი მეუბნებიან, რომ პრეცედენტი იქმნება და შეიძლება ვიღაცას კიდევ გაუჩნდეს ასეთი სურვილი. რა გამოდის, თუ არ გაუჩნდა მაინც უნდა დავისაჯო და თუ გაუჩნდა მაინც უნდა დავისაჯო? ასე გამოდის მათი გადაწყვეტილებით”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს სკოლიდან გათავისუფლებულმა პედაგოგმა.
მენტორი მასწავლებელი, ნატალია თურქაძე საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ გზას განაგრძობს, პროტესტი კი ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში არ წყდება, ნატალია თურქაძის ახლანდელი სადამრიგებლო კლასი უკვე რამდენიმე დღეა, საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება. მოსწავლეები და მათი მშობლები აცხადებენ, რომ ვიდრე გათავისუფლებული დამრიგებელი სკოლაში არ აღდგება, ისინი გაკვეთილებზე არ შევლენ.
წაიკითხეთ, რა წერია მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე იძებნება: მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო შრომის ბაზრის ანალიზის დოკუმენტს აქვეყნებს
by ARIS.GE-განათლება