GE

რა ტიპის შეცდომები მოვიდა ქართულის გასარედაქტირებელ ტექსტში – აბიტურიენტი მუხიანის ცენტრიდან

მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო საკითხების შესახებ დეტალურად ყვება. როგორც მან EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, ტურიზმის მენეჯმენტზე აბარებს.

„მხატვრული ტექსტებიდან ერთ–ერთი არაპროგრამული ლექსი მოვიდა, რომლის ავტორი არ იყო მითითებული. ლექსი ეხებოდა ტიციანსა და გალაკტიონს შორის გაუგებრობის თემას. ლექსის მიხედვით, გალაკტიონი და ტიციანი ერთმანეთს ხვდებიან დუქანში და ესაუბრებიან. ატყდება ჩხუბი, გალაკტიონს ეჩხუბებიან ვიღაც „უგუნურები“ ასეა ნახსენები. ტიციანი დაეხმარება გალაკტიონს და ასე შერიგდებიან. ამ ლექსის გააზრებაზე იყო შეკითხვები მოცემული, სადაც უნდა დაგესაბუთებინა რა კუთხე იყო წარმოჩენილი ამ ორი პოეტის. სად ჩანდა სიმამაცე.

„რაც შეეხება ესეს – „დაასაბუთეთ, კარგია თუ არა სხვადასხვა კულტურათა ერთმანეთთან დაახლოება“. ამ თემის შემდეგ ეწერა შეკითხვები, რის მიხედვითაც უნდა შეგვედგინა ესე. უნდა დაგვესაბუთებინა რამდენიმე წინადადების გამოყენებით. იქვე ეწერა რამდენ წინადადებაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, რომ გასწორებულიყო ნაშრომი. შემდეგ ესეს წერას იწყებ და გადაგაქვს საგამოცდო ფურცელზე. მე დავწერე, რომ კულტურათა დაახლოება შეიძლება კარგი იყოს ერთმანეთის გაცნობის მიზნით. მაგრამ მათი არევა, კულტურული მემკვიდრეობის შეცვლა და ადათ–წესების დაკარგვა ცუდია“, – ამბობს ჩვენთან საუბარში ირაკლი სეხნიაიძე.

რაც შეეხება სარედაქციო ტექსტს, როგორც ირაკლი ამბობს, ტექსტი იყო ათონის მთის შესახებ.

„ათონის მთაზე მოღვაწეობენ ქართველები. აქ ითარგმნებოდა და იწერებოდა ბევრი თხზულება და ნაწარმოები და ამან დიდი როლი ითამაშა ბერძნებისა და ქართველების დაახლოებაში. ამ ტექსტში მე დაახლოებით 15 შეცდომა ვიპოვე. უფრო ისეთი შეცდომები იყო, სადაც მძიმეები აკლდა. ორ ადგილას იყო სტილისტური შეცდომა და წერტილი აკლდა რამდენიმე ადგილას. საგამოცდო ფურცელზე პირდაპირ გასწორებული ტექსტი უნდა გადაგეწერა“, – ამბობს ირაკლი, რომელიც მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან ერთ–ერთი პირველი გამოვიდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება, საქართველოს მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, აქედან 10 თბილისში მდებარეობს. ცენტრები მოქმედებს: ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავასა და ხულოში.

საგამოცდო ნაშრომების გასწორება საგამოცდო პროცესების პარალელურად დაიწყება. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი სასწავლებელების არჩევისა თუ შეცვლის საშუალება სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.

2017 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულთა რაოდენობა ასეთია:

  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 4 000-მდე სტუდენტი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა – 13 500-მდე კანდიდატი;
  • მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება – 27 000-ზე მეტი აპლიკანტი.
  • აბიტურიენტები – 39 000–მდე აპლიკანტი.

რა საკითხები შეხვდათ ქართულის პირველ სესიაზე გასულ აბიტურიენტებს – პირველი შეფასებები

ეროვნული გამოცდების პირველი დღის პირველ სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 3% არ გამოცხადდა

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური