რა შეიძლება იყოს პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში – ექსპერტი პროექტულ სწავლებაზე
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ექსპერტი და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სპეციალისტი, ბუბა ოჩიაური, იმ მაგალითებზე საუბრობს, რომელიც საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან, სახვითი და გამოყენებუთი ხელოვნების საგანში პროექტის მომზადების დროს მასწავლებლებს დაეხმარებათ.
როგორც ცნობილია, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საშუალო საფეხურს – X, XI და XII კლასებს, დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში და სამოქალაქო განათლებაში.
როგორ შევქმნათ ან ვიმუშაოთ პროექტზე მუსიკაში, რომლის მომზადებაც X, XI და XII კლასებში სავალდებულოა
ბუბა ოჩიაურის თქმით, ხელოვნება მხოლოდ არჩევითი სახით იყო წარმოდგენილი საშუალო საფეხურზე და ახლა გვაქვს სავალდებულო პროექტების ფორმით მეათე/მეთერთმეტე კლასში და უნდა განხორციელდეს სულ ორი პროექტი.
„თითო პროექტის ხანგრძლივობა ერთი სემესტრია და ის სავალდებულოა. რესურსებისთვის უკვე არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოც და მასწავლებლებს არ უნდა გაუჭირდეთ. ფაქტობრივად, პროექტები შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კომპლექსური დავალების პრინციპით შედგენილი სასწავლო ერთეული, რომელიც უფრო დიდ ბიჯს გულისხმობს. რაც ნიშნავს, რომ წინა წლებში შეძენილი ცოდნა ჯამდება და სხვა რაკურსაა და კონტექსტში შეუძლია, რომ განიხილოს მოსწავლემ უკვე საშუალო საფეხურზე. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს იყოს ინტეგრირებული სხვა საგნებთან. რადგან ამ საფეხურზე მოსწავლემ უნდა გააკეთოს ბმები სხვა საგნებთან და ზოგადად, სამყაროში მიმდინარე პროცესებთან კიდევ უფრო ჩაღრმავებულად. პრინციპი არის შეძენილი ცოდნის შეჯამება და ახალ რეალობაში გადატანა“, – ამბობს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ მომზადებულ და 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეოინტერვიუში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ექსპერტი.
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პროექტების გავლის შემდეგ, შესაძლოა, მოსწავლეებმა სულ სხვა თვალით დაინახონ საკუთარი მომავალი და პროფესია. ის, თუ რა გზას დაადგებიან ცხოვრებაში და ტვლის, რომ სხვა საგნებთან ინტეგრაციაც, შესაძლოა, პროექტებში ბევრად უფრო ღრმად დავინახოთ.
პროექტის მაგალითი და სხვა საგნებთან ინტეგრაცია
„მაგალითის სახით განვიხილოთ კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პროექტი არის საქართველოს რომელიმე კუთხის ან კონკრეტული რეგიონის კულტურის კვლევა. საქართველო ძალიან მდიდარია თავისი კულტურული თვალსაზრისით და ეს პროექტი თავისუფლად განხორციელდება. ამ პროექტში იგულისხმება, რომ მოსწავლემ უნდა გამოიკვლიოს, ჩაატაროს კვლევა იქ არსებულ ძეგლებზე, სახვითი ხელოვნების ნებისმიერი დარგის ნიმუში იგულისხმება. როგორ შეიძლება შემოვიდეს ამ პროექტში სხვა საგნები: მაგალითად, მუსიკამ შეიძლება, თავისი კუთხით ჩაატაროს კვლევა ფოლკლორზე, ქართულმა ენამ და ლიტერატურამ ჩაატაროს ეთნოგრაფიული კუთხით კვლევა. ისტორია შემოდის ძალიან საინტერესო კუთხით, რადგან არ არსებობს არცერთი მონაკვეთი, რომელიც ისტორიის ჭრილში არ შეგვიძლია განვიხილოთ. ასევე გეოგრაფიაც, ადგილმდებარეობა, რომელსაც იკვლევს, შეუძლია, გეოგრაფიულ ჭრილში განიხილოს. შესაძლებელია, ამ პროექტს ტურისტული ბუკლეტის სახეც მიეცეს და უცხო ენები ამ სახით შემოვიდეს. სპორტი შეიძლება შემოვიდეს როგორც ტურისტული მარშუტი სპორტული კუთხით“, – აცხადებს ბუბა ოჩიაური.
ასეთი ტიპის პროექტები მხოლოდ სასკოლო სივრცეში ჩაკეტვას არ გულისხმობს და ითვალისწინებს გასვლით აქტივობებს სხვადასხვა ხელოვნების ძეგლებისა თუ სივრცის მონახულების მიზნით. შესაძლებელია ინტერვიუების შეგროვება, ლაშქრობები და სხვა გასვლითი აქტივობების ორგანიზება, რაც მოსწავლისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა.
როგორც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ექსპერტი და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სპეციალისტი განმარტავს, პროექტზე მუშაობას გაკვეთილის ფორმა არ აქვს და ცხრლიში გაწერილი არ არის. მასზე სამუშაოდ კვირაში ერთი საათია მოსაზრებული, რაც მასწავლებელთან ან მასწავლებლებთან შეხვედრებს გულისხმობს.
„აქ არის კონსულტაციები, მიმდინარე იდეეებისა თუ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ასევე მიმდინარე საქმიანობის კორექტირება“, – აღნიშნა ბუბა ოჩიაურმა.
მისივე თქმით, პროექტი შეიძლება იყოს დღეს არსებულ პრობლემებზე ხელოვნების გზით რეაგირებაც. პრობლემების განზოგადება შესაძლებელია როგორც პირად, ისე თემისა თუ სამყაროს ჭრილში:
„ნებიემიერ თანამედროვე ხელოვნებაში აქცენტი დღეს სწორედ თვითგამოხატვაზე კეთდება. იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნების გზით საკუთარი თავი გამოვხატო და თუნდაც კომუნიკაცია დავამყარო სამყაროსთან, როგორ წარმოვიდგინო ჩემი თავი სამყაროს ნაწილად და როგორ შეიძლება, რომ მე ვიყო სამყაროსთვის სასარგებლო“.
ასევე იხილეთ:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება