GE

რა შემთხვევაში შეიძლება გითხრან უარი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე – „ფაიზერის“ ვაქცინით 16 წლის მოზარდების აცრა ოფიციალურად ნებადართულია

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც საქართველოში mRNA  ვაქცინა (ფაიზერი) 16 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის დასაშვები გახდა. ასევე, ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია ინფიცირებიდან 30 დღის შემდეგ.

სიახლის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, თუმცა მინისტრის ბრძანება ოფიციალურად 21 ივლისს გამოქვეყნდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დამძიმების ფონზე, მოქალაქეებს და მათ შორის სკოლის პედაგოგებს, უნივერსიტეტების ლექტორებს და სტუდენტებს მოუწოდებენ ივლისის და აგვისტოს თვეები ვაქცინაციისთვის გამოიყენონ.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო  mRNA  ვაქცინა Comirnaty  კონცენტრატი საინიექციო დისპერსიისთვის, აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში.  აცრების კურსი შედგება 2 ინექციისგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს;  ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ.

დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოში, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი, COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინების შესახებ ანოტაციები და საუბარია რა შემთხვევაში შეიძლება უთხრან მოქალაქეს უარი ვაქცინაციაზე, გადაწყვეტილებას ვაქცინაციაში ჩართული სამედიცინო პერსონალი მიიღებს.

აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები:

COVID-19-ის საწინააღმდეგო  mRNA  ვაქცინა (ფაიზერი)

უკუჩვენებები:  ალერგიული რეაქცია ვაქცინის აქტიური სუბსტანციების ან სხვა ინგრედიენტების მიმართ დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე დოზა არ კეთდება.

დროებითი უკუჩვენებები: COVID – 19  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღე. გამონაკლისს წარმოადგენ პირები, რომლებიც COVID – 19  ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (მინიმალური ინტერვალია 120 დღე).

გაფრთხილება: ორსულობა, ძუძუთი კვება; გაქვთ იმუნური სისტემის პრობლემა, მაგალითად, აივ ინფექციის გამო, ან იღებთ ისეთ მედიკამენტს (მაგ., კორტიკოსტეროიდს), რომელიც ზეგავლენას ახდენს თქვენს იმუნურ სისტემაზე; ანამნეზში დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია  ან სუნთქვის გაძნელება ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე, ან  გულის წასვლა ინიექციის შემდეგ; სისხლდენასთან და სისხლჩაქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, მკურნალობა  სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით.

სხვა: აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, თუ  მიგიღიათ, იღებთ, ან აპირებთ მიიღოთ  რომელიმე მედიკამენტი ან ახლო წარსულში მიღებული გაქვთ რომელიმე სხვა ვაქცინა. COVID-19 ვაქცინის სხვა ვაქცინებთან ერთდროული ადმინისტრირებისას უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების სიმწირის გამო, რეკომენდებულია მინიმუმ 14-დღიანი ინტერვლის დაცვა. რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, ანტირაბიულის  და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს COVID-19 ვაქცინაციიდან ინტერვალის დაცვის გარეშე.

COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინა AstraZeneca საინიექციო ხსნარი

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის რომელიმე აქტიურ ნივთიერების ან ვაქცინის სხვა კომპონენტის მიმართ, ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე დოზა არ კეთდება. ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HITT ან HIT type 2) გავრცობილი ვენური და/ან არტერიული თრომბოზი თრომბოციტოპენიის ფონზე, რომელიც განვითარებული იყო COVID-19-ის  ნებისმიერი ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ, AstraZeneca/Oxford ვაქცინით მეორე დოზა არ კეთდება, კაპილარული გაჟონვის სინდრომი (CLS).

დროებითი უკუჩვენებები:  COVID – 19  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღე. გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომლებიც COVID – 19  ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (მინიმალური ინტერვალია 120 დღე).

გაფრთხილება: სისხლდენის ან სისხლჩაქცევის პრობლემები ან იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (ანტიკოაგულანტები), თუ წარსულში ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე, თუ გაქვთ იმუნური სისტემის  პრობლემა (იმუნოდეფიციტი), ან ღებულობთ მედიკამენტებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას (მაგ., მაღალი დოზის კორტიკოსტეროიდები, იმუნოდეპრესანტები, ან სიმსივნის სამკურნალო საშუალებები); ორსულობა, ძუძუთი კვება.

სხვა: აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე სხვა მედიკამენტი ან ვაქცინა COVID-19 ვაქცინის სხვა ვაქცინებთან ერთდროული ადმინისტრირებისას უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების სიმწირის გამო, რეკომენდებულია მინიმუმ 14- დღიანი ინტერვლის დაცვა. რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, ანტირაბიულის და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს COVID-19  ვაქცინაციიდან ინტერვალის დაცვის გარეშე.

(COVID – 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (სინოფარმი)

უკუჩვენებები: ალერგიული რეაქცია ვაქცინის აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე, ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე დოზა არ კეთდება; აცრა არ კეთდება, თუ პირველი დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა არასასურველი რეაქცია ნერვული სისტემის მხრიდან; ალერგიული რეაქცია ნებისმიერ ადრე მიღებულ ვაქცინაზე (მწვავე ალერგიული რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და სხვა); არაკონტროლირებადი ეპილეფსია ან სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება და ისტორიაში გიენ-ბარეს სინდრომი სერიოზული ქრონიკული დაავადების ტერმინალური სტადია, ან ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო გახდეს ნებისმიერ დროს; ორსულობა, ძუძუთი კვება.

დროებითი უკუჩვენებები: COVID – 19  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღე. გამონაკლისს წარმოადგენ პირები, რომლებიც COVID – 19  ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (მინიმალური ინტერვალია 120 დღე).

გაფრთხილება: სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა  ან სისხლის შედედების დარღვევა, რაც შესაძლებელია ინტრამუსკულარული ინიექციისას   გახდეს სისხლდენის მიზეზი იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევა (როგორიცაა, ავთვისებიანი სიმსივნე, ნეფროზული სინდრომი, შიდსი, და ა.შ.). რადგან მწირია უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები, ასეთი პაციენტების ვაქცინაციის საკითხი უნდა გადაწყდეს  ინდივიდუალურად. დიაბეტის, ეპილეფსიის, კრუნჩხვის, ენცეფალოპათიის ან ფსიქიკური დაავადების, პირადი ან ოჯახური ანამნეზი, არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია.

სხვა: ინტრავასკულარული, კანქვეშა და კანში ინექცია აკრძალულია, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ რომელიმე მედიკამენტი, მათ შორის, ურეცეპტოდ გაცემული, დროულად შეატყობინეთ ექიმს; COVID-19 ვაქცინის სხვა ვაქცინებთან კომბინაციის კლინიკური კვლევების შედეგების სიმწირის გამო, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, რეკომენდებულია მინიმუმ 14- დღიანი ინტერვლის დაცვა. ანტირაბიულის  და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს COVID-19 ვაქცინაციიდან ინტერვალის დაცვის გარეშე.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (Sinovac)

უკუჩვენებები: ალერგიული რეაქცია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე დოზა არ კეთდება ორსულობა, ძუძუთი კვება.

დროებითი უკუჩვენებები:  COVID – 19  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღე. გამონაკლისს წარმოადგენ პირები, რომლებიც COVID – 19  ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (მინიმალური ინტერვალია 120 დღე).

გაფრთხილება: სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა  ან სისხლის შედედების დარღვევა, რაც შესაძლებელია ინტრამუსკულარული ინიექიციისას   გახდეს სისხლდენის მიზეზი პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს ან რომლებსაც იმუნოდეფიციტი აქვთ, იმუნური რეაქცია ვაქცინის მიმართ შეიძლება იყოს სუსტი. ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მკურნალობის დასრულებამდე ან უზრუნველყოფილი იყოს პაციენტების უსაფრთხოება. ვაქცინა რეკომენდებულია პაციენტებისთვის ქრონიკული იმუნოდეფიციტით, თუნდაც ძირითადმა დაავადებამ გამოიწვიოს შეზღუდული იმუნური პასუხი. პაციენტები არაკონტროლირებადი ეპილეფსიით და სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დარღვევებით, როგორიც არის გიენ-ბარეს სინდრომი. ოჯახისა და პირადი ანამნეზით გამოვლენილი ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული კრუნჩხვა, ეპილეფსია ანამნეზში, ალერგია.

სხვა: მკაცრად აკრძალულია ამ ვაქცინის შეყვანა ვენაში; აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე სხვა მედიკამენტი ან სხვა ვაქცინა. COVID-19 ვაქცინის სხვა ვაქცინებთან ერთდროული ადმინისტრირებისას უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების სიმწირის გამო, რეკომენდებულია მინიმუმ 14 დღიანი ინტერვალის დაცვა. რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, ანტირაბიულის და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს COVID-19-ის  ვაქცინაციიდან ინტერვალის დაცვის გარეშე.

„ეს თხოვნა მექნება ყველასთვის, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით…“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური