„ეს ნაბიჯები ვერ აგვარებს დაწყებითი საფეხურის მთავარ, საათობრივი დატვირთვის პრობლემას“ – პედაგოგის პასუხი განათლების სამინისტროს შერბილებულ პოლიტიკაზე
8 მაისს ცნობილი გახდა, რომ განათლების, მეცნიერებისა დაახალგაზრდობის სამინისტრო გარკვეულ დათმობებზე წავიდა და კომპეტენცია დადასტურებული მასწავლებლების საფეხურების შესაბამისად სწავლებისა და ამის შედეგად პედაგოგის სრული ანაზღაურების მიღების შესაძლებლობის პოლიტიკა გარკვეულწილად შეარბილა.
კერძოდ,
იმ მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ VII-XII კლასების ქართულ ენასა და ლიტერატურაში და/ან მათემატიკაში, უფლება ექნებათ აღნიშნული საგნები ასწავლონ V-VI კლასებში და მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება.
ვინაიდან სისტემაში არსებობს I-VI კლასების ქართული ენისა და ლიტერატურისა და მათემატიკის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, V-VI კლასებში აღნიშნული საგნების საათები თავდაპირველად გადაუნაწილდებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც I-VI კლასებში აქვთ სწავლების უფლება.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საგნები ჩვენი საქართველო (V-VI კლასები) და მე და საზოგადოება (III-IV კლასები) მიეკუთვნება საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფს და შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, აღნიშნული საგნების სწავლების შესაძლებლობა ექნებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ისტორიის, გეოგრაფიის ან სამოქალაქო განათლების სწავლების უფლება.
ასევე, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, მე და საზოგადოების საგნის სწავლების შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებსაც, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება.
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნათია უჩავა თვლის, რომ ეს მცირე პროგრესული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა რიგი პრობლემებისა მაინც დგას.
ის დაწყებითი საფეხურის საკითხზე აკეთებს აქცენტს. კონკრეტულად კი პედაგოგისთვის გაუგებარია, რა მდგომარეობაში იქნება 1-2 კლასის მასწვალებელი, რომელიც მე და საზოგადოებას არ ასწავლის და საათობრივი დატვირთვა არ ეხება; ასევე ინტერესდება რა ხდება ხელოვნების საგანზე და აცხადებს, რომ დაწყებითი კლასების მასწავლებელს, რომელსაც ფიზიკურად არ აქვს მაღალი საათობრივი დატვირთვა, მისი ხელფასი კი მიბმულია საათობრივ დატვირთვაზე, ისევ იგივე მდგომარეობაში რჩება. პედაგოგი იმასაც შეგვახსენებს, რომ ფუნქციური დანამატის შეწყვეტის შემდეგ, მასწავლებლების დიდ ნაწილს ისევ დააკლდება ხელფასი.
ნათია უჩავას EDU.ARIS.GE-მ დღეს დამატებითი კითხვებით მიმართა და მიიღო პასუხი იმის თაობაზეც რა უნდა შეცვალოს განათლების სამინისტრომ, თუკი დარჩენილი პრობლემების გადაწყვეტა რეალურად სურს:
– როგორ აფასებთ თქვენ, როგორც დაწყებითის პედაგოგი ამ ცვლილებას, რა გამოსწორდა?
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი წესი ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია. პოზიტიური ფაქტია, თუმცა ამ ცვლილების შეფასებისას ორგვარი სურათი იკვეთება. მართალია, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ის ვერ აგვარებს დაწყებითი საფეხურის მთავარ საათობრივი დატვირთვის პრობლემას. ცვლილება მხოლოდ ნაწილობრივ ამსუბუქებს მდგომარეობას იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც მე-3 და მე-4 კლასებში ასწავლიან. საგნის „მე და საზოგადოება“ დამატება მათ საშუალებას აძლევს, მცირედით შეივსონ საათობრივი დეფიციტი, რაც ფინანსურად მცირე შვებაა. პრობლემა ისაა, რომ ეს საგანი მხოლოდ მე-3 და მე-4 კლასებში ისწავლება. შესაბამისად, იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზით ვერ იღებენ ამ საგანს, საათობრივი დეფიციტი კვლავ უცვლელი რჩება. მათ კვლავ უწევთ მინიმალურ საათებსა და დაბალ ანაზღაურებაზე ყოფნა.
– რა პრობლემები რჩება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის?
– დადგენილების პოზიტიური მხარეების მიუხედავად, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის რამდენიმე კრიტიკული პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება:
სტატუსის გაუფასურება და დაკარგული მოტივაცია: მასწავლებლებისთვის, რომლებმაც წამყვანი და მენტორი პედაგოგის სტატუსი კოლოსალური შრომის ფასად მოიპოვეს, გაუგებარი რჩება მათი დაფასების მექანიზმი. როდესაც სტატუსის დანამატი ქრება, იკარგება მოტივაცია პროფესიული ზრდისთვის. ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა: „რისთვის ვიშრომეთ?“. დაწყებით კლასებში 13-15 საათიანი მუშაობა, თავისი ემოციური და ფიზიკური დატვირთვით, უტოლდება მაღალი საფეხურის სრულ განაკვეთს (18 საათს). ამ ზღვარის არარსებობა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს მუდმივად წამგებიან პოზიციაში აყენებს.
ასევე პრობლემაა ხელოვნების სწავლების უფლების შეზღუდვა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის, ეს კიდევ ერთი სერიოზული დაბრკოლებაა. მათგან მოითხოვენ ისეთ საგნობრივ გამოცდებს, რომელთა პროგრამაც აბსოლუტურად აცდენილია დაწყებითი საფეხურის მეთოდოლოგიას და ორიენტირებულია მაღალი კლასების სპეციფიკაზე.
მნიშვნელოვანია დამრიგებლის ანაზღურება. ის უდიდესი რესურსი, რომელსაც პედაგოგი მშობლებთან კომუნიკაციაზე, კლასის მართვასა და მოსწავლეების პიროვნულ განვითარებაზე ხარჯავს, კვლავ არ არის აღიარებული საათობრივ დატვირთვაში და მხოლოდ სიმბოლურ ანაზღაურებად რჩება.
– რა არის ისევ ბუნდოვანი და გადასაწყვეტი, რაც სრული სამართლიანობისთვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს დამატებით?
– არსებული სისტემა ვერ ითვალისწინებს დაწყებითი საფეხურის სპეციფიკას, სადაც საათების რაოდენობა ფიზიკურად შეზღუდულია. ოფიციალურად განისაზღვროს, რომ დაწყებით საფეხურზე 13 საათიანი კვირეული დატვირთვა ანაზღაურების კუთხით გაუთანაბრდეს სრულ განაკვეთს (18 საათს).
დამრიგებლის შრომა კვლავ რჩება სისტემის „უხილავ“ ნაწილად, რაც მხოლოდ სიმბოლური დანამატით ფასდება. სადამრიგებლო საქმიანობა უნდა აისახოს მასწავლებლის სამუშაო ბადეში, როგორც რეალური დატვირთვა, რაც უზრუნველყოფს გაწეული კოლოსალური შრომის პროპორციულ და ღირსეულ ანაზღაურებას.
ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და ბუნდოვანი საკითხი, რომელიც პედაგოგებში სამართლიან შფოთვას იწვევს, არის სტატუსის დანამატის მომავალი. მასწავლებლებისთვის ცნობილი იყო, რომ ფუნქციური დანამატის ის ნაწილი, რომელიც ახალი რეფორმის ფონზე დროებით (ორი წლის ვადით) შეუნარჩუნდა მათ, ვისაც სახელფასო ფორმულით ხელფასი დააკლდა, მომავალი წლიდან შესაძლოა, სრულად გაუქმდეს. ეს არის შრომის გაუფასურება: წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი არ არის მხოლოდ სიმბოლური წოდება – ეს არის პედაგოგის მიერ გაწეული კოლოსალური შრომის, უძილო ღამეების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და რთული გამოცდების შედეგი. სრული სამართლიანობისთვის, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს დანამატი არ გაქრეს. ის უნდა ინტეგრირდეს ხელფასის მუდმივ სტრუქტურაში. სტატუსი უნდა იყოს მასწავლებლის უვადო მონაპოვარი, რომელიც ფინანსურად დაცულია და არ არის დამოკიდებული გარდამავალი ეტაპის ვადებზე.
ასევე იხილეთ:
„ამ გამოცდებით მასწავლებლები ვიქნებით მუდმივ ტონუსში – აბა, ჩვენ ხომ ისე წიგნს არ გადავშლით?!…“
-
როგორ გაარჩიოს აბიტურიენტმა, ცნობარში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა 3-წლიანია თუ 4-წლიანი? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებს მეტი დრო მიეცათ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის, განაცხადის წარსადგენად – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში და სად უნდა წარადგინოს აპლიკანტმა დოკუმენტაცია – მასწავლებლის გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე