GE

რა შეზღუდვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ მშობლებსა და ბაღების ადმინისტრაციას

საბავშვო ბაგა-ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებენ სააღმზრდელო პროცესს, თუმცა მათ კონკრეტული შეზღუდვები დაუწესდებათ – ამის შესახებ დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული დეტალური რეკომენდაციები ხვალ გახდება ცნობილი.

“ბაღების ფუნქციონირება აღდგება პირველი ოქტომბრიდან. ჩვენ ბიზნესომბუდსმენთან ერთად დღეს გვაქვს დასკვნითი შეხვედრა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და შევჯერდებით საბოლოო პროტოკოლზე. დღეს სრულად მოვახდენთ შეჯერებას და ხვალ იქნება უკვე საბოლოო რეკომენდაციები.

სკოლების ნაწილში შემოწმება განხორციელდა რესურსცენტრების მხრიდან, რომელმაც მოამზადა შემოწმების შემდეგ დადებითი შეფასება. ახლა უკვე შრომის ინსპექცია იწყებს სრულად შემოწმებას, როგორც ბაღების, ასევე სკოლების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის საფუძველზე მოხდება მათი ფუნქციონირების განახლება”, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, რიგი რეკომენდაციები ბაღებში აკრძალვებთან დაკავშირებით უკვე შემუშავებულია. მაგალითად მშობლებს ეკრძალებათ შენობაში შესვლა და ბავშვის შეყვანა უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციამ.

“რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა დაწესდეს ბაღებში, პირველ რიგში იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში და ამ შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შემდგომი პროცედურების განხორციელება; გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს, ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა, გაწერილი იქნება ეს პროცედურა დეტალურად; ბაღის დაწყებამდე დეტალურად მოხდება შრომის ინსპექციის მხრიდან შესწავლა სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად, დამატებით ბაღის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას; წესდება ასევე შეზღუდვები ბავშვის გამოყვანის დროს, რადგან მშობელი ვერ მოახდენს შენობაში შესვლას, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და ეს მოხდეს შესასვლელიდან; ასევე დაწესებულია რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იყოს თითოეულ ჯგუფში. იკრძალება ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი, სათამაშოების რეცხვა უნდა განხორციელდეს 37 გრადუსზე და გაშრობაც როგორ უნდა განხორციელდეს, დეტალურად იქნება გაწერილი”,- განაცხადა ფერაძემ.

შეკითხვაზე – როგორ მოგვარდება სკოლებსა და ბაღებში, კლასებსა და ჯგუფებში ბავშვების გადატვირთულობის პრობლემა და ხომ არ მოხდება ჯგუფებად დაყოფა, ბექა ფერაძემ განაცხადა: “ასეთი გეგმა უნდა იქნას შემუშავებული ადმინისტრაციის მხრიდან, იქნება ეს სკოლა თუ ბაღი, თუ რომელი ბავშვი რომელ ჯგუფში უნდა იქნას განთავსებული, იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც ადმინისტრაციას გააჩნია“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური