GE

რა სიახლეები განხორციელდა 2019 წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2019 წელს განხორციელებულ სიახლეებს შორის აღსანიშნავია ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „მექანიკის ინჟინერიის“ დამატება.

აღნიშნული პროგრამის გახსნა განპირობებულია საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე დღეს არსებული გამოწვევებით, რამაც დღის წესრიგში დაყენა თანამედროვე ინჟინერიის დარგის მცოდნე და შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე ოფიცრების მომზადების საჭიროება. თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამხედრო ტექნიკაზე. სულ უფრო აუცილებელია ხდება  ისეთი სამხედრო კადრების აღზრდა, რომლებიც ფეხს აუწყობენ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და აითვისებენ თანამედროვე რთულ ტექნიკას.

საინჟინრო მიმართულების ათვისებასთან დაკავშირებით განახლდა და შეიქმნა ახალი სასწავლო ლაბორატორიები: ქიმიის, ფიზიკის, საინჟინრო მექანიკის, ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის, საინჟინრო გრაფიკის, კომპიუტერული დაპროექტების,  ჰიდროაერომექანიკის და თერმოდინამიკის. აღნიშნული ლაბორატორიები აღიჭურვა უახლესი თანამედროვე მოწყობილობებით. ისინი გამიზნულია ინჟინრისთვის საჭირო როგორ ფუნდამენტური, ისე პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაზე.

პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე დაიდო მემორანდუმები შემდეგ სასწავლო და კვლევით დაწესებულებებთან:  სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტა“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი,  რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი, ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

იუნკერები პრაქტიკას გაივლიან თავდაცვის სამინისტროს ძირითად სამხედრო საწარმოო კომპლექსში – სსსტც „დელტა“. მექანიკის ინჟინერიის კურსდამთავრებულები პრიორიტეტულად სწავლას გააგრძელებენ ტექნიკური მიმართულების საკარიერო კურსებზე, როგორიცაა: სამხედრო ინჟინერია, ავიაცია, საჰაერო თავდაცვა, არტილერია, კავშირგაბმულობა, ჯავშან-სატანკო ტექნიკა და სხვა.

საერთო ჯამში მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედებით ერთის მხრივ თავდაცვის აკადემიას შეემატა კიდევ ერთი პროგრამა, მეორეს მხრივ კი საფუძველი ჩაეყრება ტექნიკისა და ინჟინერიის მიმართულებას, რაც უდაოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ამჟამად კონცენტრირებულია იუნკერებისთვის ოპტიმალური სასწავლო გარემოს შექმნისათვის, რაც გულისხმობს იუნკერებისთვის თანამედროვე სასწავლო პროგრამის შეთავაზებას, მათ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვას, კვლევითი უნარების განვითარებას და ა.შ.

ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

ა) აკადემიაში სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის კოორდინაცია;

ბ) საქართველოს სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობის დამყარება, მათი საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი და აკადემიაში დანერგვა;

გ) სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, შეხვედრების ორგანიზება და იუნკერთა/მსმენელთა ჩართულობის უზრუნველყოფა;

დ) საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება, მათში იუნკერთა/მსმენელთა ჩართვა და კოორდინაცია.

ახლო მომავალში კი ეროვნული თავდაცვის აკადემია საერთაშორისო და ეროვნული მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას გეგმავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური