რა სირთულეები გამოიკვეთა „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის დანერგვის დროს
„პროექტი ახალი სკოლის მოდელი“ ამ ეტაპზე საქართველოს 165 საჯარო სკოლაში ხორციელდება. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და სწავლა- სწავლების პროცესში ტექნოლოგიების მაქსიმალურად ჩართვაა.
მშობლების ნაწილი საგაკვეთილო პერიოდში ტექნოლოგიების გამოყენებაში გარკვეულ რისკებს ხედავს. ამ ფონზე, EDU.ARIS.GE დაინტერსდა, რამდენად მარტივად მიიღეს „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართული სკოლების მშობლებმა და მოსწავლეებმა ახალი მიდგომები და რა სირთულეები გამოიკვეთა პროექტის საწყის ეტაპზე?
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ ზოგიერთი მშობლებისგან და სკოლის ადმინისტრაციისგან გარკვეული წინააღმდეგობები იყო, მაგრამ უარყოფითი რეაქციები ბაშვებისგან არ წამოსულა. „ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენთვის ამოსავალი არის მოსწავლე“, – აცხადებენ სამინისტროში.
ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების მონიტორინგისა და შეფასების კოორდინატორი ია აფთარაშვილი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე გარკვეული სირთულეები ნამდვილად გამოიკვეთა, თუმცა სკოლებმა მასთან გამკლავება შეძლეს.
„ეს იყო ერთ ერთი გამოწვევა პირველ ეტაპზე. იყო შემთხვევები, როდესაც მშობლები ამბობდნენ, რომ დავიღალეთ ამ ახალი შედეგებით. თითოეულ სკოლას ჰქონდა თავის რესურსი ამ გამოწვევისთვის ეპასუხა. როდესაც ვარ მშობელი და ქმედებაში ვხედავ რას აკეთებს ჩემი შვილი, პასუხები კითხვებზე უკვე მაქვს. მაგალითად, ქართულში ბავშვს მისცემდნენ ტექსტს დაიზეპირებდა და ასე სრულდებოდა პროცესი. „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ერთ ტექსტი რამდენიმე დღე რჩება, თემის ირგვლივ არის უამრავი შემოქმედებითი პროცესი და მშობლებს უთქვამთ – რა არის, ისევ ამ ტექსტზე ხართო?
„ეს იყო პირველ ეტაპზე, მასწავლებლებიც ფიქრობდნენ, ხომ არ გაჩნდებოდა საფრთხე, რომ კომპიუტერს იყენებენ ბავშვები. „ახალი სკოლის მოდელში“ ცალსახად არის დეკლარირებული, რომ კომპიუტერი კი არ შემოგვაქვს სკოლაში, არამედ ვასწავლით, როგორ გამოვიყენოთ არსებული კომპიუტერი. ჩვენ გვაქვს ბუკების სისტემა და კარგად ვიცით, რომ უფრო სოციალური პროექტია და არა საგანმანათლებლო, ეს არის კომპიუტერი ყველა მოსწავლის ოჯახში, რომელსაც ფაქტობრივად ვერ იყენებდნენ საგაკვეთილო პროცესში. ჩვენ ვაჩვენეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ნაყოფიერად და მიზნობრივად და ის განვითარებას, განათლებას ემსახურებოდეს. თავიდან იყო შიშები, თუმცა როგორც კი პროექტი ჩაეშვა და რეალურად ნახეს, სირთულე აღარ ყოფილა. კომპიუტერი ამ საუკუნეში ნამდვილად არის ერთ-ერთი საშუალება და ეს უნდა იცოდეს მოსწავლემ. ეს პრობლემა მოიხსნა იმ 165 სკოლის მაგალითზე“, – ამბობს ია აფთარაშვილი.
„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა 2019 წელს 165 სკოლაში დაიწყო და მასში ჩართულია 34 000 მოსწავლე და 3096 პედაგოგი. 2020 სასწავლო წლიდან პროექტი 300-მდე სკოლას მოიცავს და მასში ჩაერთვება 96 000 მოსწავლე და 8000 მასწავლებელი.
ამ ეტაპისთვის პროექტის ფარგლებში, სკოლებისთვის გადაცემულია 3474 ლეპტოპი, 522 პროექტორი და 77 დამტენი კარადა.
2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც 2024 წლისათვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა უნდა მოიცვას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ექსპერტების ჩართულობით მუდმივად ხდება დანერგვის პროცესის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება, პროექტის იმპლემენტაციისათვის საჭირო რესურსებისა და მეთოდოლოგიის დახვეწა.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება