GE

რა უჭირთ სკოლებს წინა საავტორიზაციო პროცესში – განათლების მინისტრის მოადგილის განცხადება

როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, უკლებლივ ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტანდარტების მიხედვით უნდა გაიაროს. 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა სკოლას აქვს უფლება განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა, თუმცა, ამ პერიოდამდე, ყველამ უნდა მოიპოვოს ამ საქმიანობის უფლება ავტორიზაციის გზით. სკოლებს ავტორიზაცია 6 წლის ვადით ენიჭებათ და შემდეგ, ყოველ 6 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ხელახალი ავტორიზაცია.

ვინაიდან საავტორიზაციო წარმოება დაწყებულია, დღეს, 26 ივნისს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით პრეზენტაცია/ანგარიში მოისმინეს, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც პროცესს ახლავს, კერძოდ კი სკოლების გასაჭირზე.

თამარ მახარაშვილის თქმით, სკოლებს უჭირთ მაგალითად განვითარების გეგმების შემუშავება და საბჭოს რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია.

„პირველად გადიან წარმოების პროცესს და უჭირთ სკოლებს ვალდებულებების შესრულება. მაგალითად, ასეთი კლიშეები დაგხვდა, რომ ეს პრობლემები რომ მაქვს რას ნიშნავს, რომ მე, როგორც სკოლა არ ვვარგოდი?! საჭიროა ამის სწორად ახსნა და სწორად მიწოდება, არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომ გამოწვევა არ ჰქონდეს. ეს ჩასატარებელი სამუშაო, შეიძლება ითქვას, სერიოზული გამოწვევა იყო“, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

თამარ მახარაშვილის განცხადებით, საჯარო სკოლები საავტორიზაციო წარმოებას პირველად გადიან, ჩასატარებელი სამუშაოები სერიოზული საკითხია და სკოლებს დახმარებას უწევენ:

„უკვე შევქმენით უწყებათაშორისი ჯგუფი, ხარისხის ცენტრი, მასწავლებლის სახლი, ინფრასტრუქტურის სააგენტო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველო, მანდატური – რომლებსაც სისტემატიურად ვხვდებით და განვიხილავთ იდენტიფიცირებულ პრობლემებს“.

მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ პროცესში აქტიურად არიან ჩართული საგანმანათლებლო რესურსცენტრები და ცალკე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შექმნილია მაკოორდინირებელი რგოლი, რომელიც სამინისტროსა და სხვადასხვა სიპების კომპეტენციას განეკუთვნება.

ასევე იხილეთ:

„პირველადი ავტორიზაციის დროს სკოლებმა უნდა მოგვცენ დაპირება“ – რომელი სკოლა მიიღებს ავტორიზაციას სხვებზე ადრე

მოამზადა დავით ოქროპირიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური