GE

რა უნდა იცოდეს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის მსურველმა – გამოცდები მარტში ჩატარდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო I-XII კლასების პროგრამის ექსტერნის ფორმის დაძლევის მსურველთათვის წელს გამოცდებს 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ჩაატარებს.

საგამოცდო თემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს EDU.ARIS.GE-სთანაც სვამენ და ვეცდებით, გამოცდაზე გასვლი სურველთა ცნობისმოყვარეობა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით და არამხოლოდ, ამ პოსტში მოცემული ინფორმაციებით დავაკმაყოფილოთ. ამასთან გთავაზობთ ინტერვიუს ექსტერნთან, რომელიც საკუთარი გამოცდილების შესახებ მოგიყვებათ.

მაშ ასე, რა არის ექსტერნის გამოცდა, ვის შეუძლია გამოცდაზე გასვლა, რა პროცედურები უნდა გავიროთ, სად ტარდება?…

პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ ექსტერნის გამოცდას ატარებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და არა სკოლა. პირი გამოცდას აბარებს საკუთარ სკოლაში, სადაც სპეციალურად იქმნება საგამოცდო ცენტრი, საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან იგზავნებიან დამკვირვებლები და ტესტს ამოწმებს არა საგნის მასწავლებელი, არამედ კომისიის წევრი ექსპერტი. ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების გზით პირის ეძლევა უფლება, ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ასევე ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების დამოუკიდებლად დაძლევის. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა. მაგალითად თუ პირი გადის დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამას, და გამოცდაზე რეგისტრაციამდე ხდება 18 წლის ან მეტის მას სრული უფლება აქვს გავიდეს ექსტერნის გამოცდაზე.

როგორ და სად უნდა დავრეგისტრირდეთ?

რეგისტრაციის ვადებს სამინისტრო ადგენს, განცხადებები კი მიიღება იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს შესაბამისი სკოლა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა შემდეგია:

  1. განცხადება
    რა იწერება განცხადებაში? ინფორმაცია განათლების მიღების მსურველზე. სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
    კლასი და საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს. საგამოცდო ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე );
    უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
    ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
  2. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს.
  4. თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელიდ ოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  5. საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

რესურსცენტრი, ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

როგორ მოვემზადოთ გამოცდისთვის?

შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით.

პროგრამას ადგენს რესურსცენტრი და ინფორმაცია კონკრეტული საგნის პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია აპლიკანტისთვის.

EDU.ARIS.GE იმ აპლიკანტს გაესაუბრა, რომელიც წელს დარეგისტრიდა გამოცდაზე. ის ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. ლ.კ ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს შესაძლებლობა მიეცემა, მოიპოვოს სკოლის შიდა დამამთავრებელ (საატესტატო) გამოცდებზე გასვლის უფლება და უფრო მალე შეძლებს სტუდენტობას ვიდრე ფიქრობდა.

„მინდა არ დავკარგო წელი და მალე გავხდე სტუდენტი, თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი შრომა მიწევს. ვემზადები, როგორც ექსტერნის გამოცდისთვის, ასევე სკოლის შიდა (საატესტატო) და მისაღები გამოცდებისთვის. თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს, მასალაც ძალიან ვრცელია და დარწმუნებული ვარ, ბევრი ნერვიულობა მომიწევს გამოცდებზე”, – გვიყვება მოსწავლე.

ლ.კ-ს ვთხოვეთ იმ შემაფერხებელ ფაქტორებზეც ესაუბრა, რომელსაც მომზადების დროს აწყდებოდა, მან გვითხრა, რომ მთავარი წინააღმდეგობა საგამოცდო პროგრამაა, რომელიც განსაკუთრებით დიდია და ბევრ დროს ითხოვს. აპლიკანტისგან კი, რომელიც დამატებით სხვა საგნებშიც ემზადება დიდ დროს მოითხოვს.

„ვემზადები 6 საგანში – სამ სასკოლო საგანში და კიდევ სამ საგანში, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე ვაბარებ. შესაბამისად, ჩემი გრაფიკიც რთულია და სტრესიც მაქვს, რადგან მოლოდინი მაღალია, რომ წარმატებით ჩავაბარო და ეს ხარჯები ტყუილად არ დაიხარჯოს. საკმაოდ დიდი პროგრამაა ყველა საგანში და არ ვიცით აქედან რა კითხები იქნება. ამის გამო ვღელავ. არ მინდა იმედები გავუცრუო მშობლებს და საკუთარ თავს ამიტომ ბევრს ვმუშაობ”, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

შეგახსენებთ, რომ ექსტერნის გამოცდები მთელი საქართველოს მაშტაბით 15 მარტს დაიწყება და 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

როგორ უნდა ავიღოთ მე-12 კლასის ატესტატი ექსტერნი გამოცდების საშუალებით

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური