GE

რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა და როგორი მიდგომით შეფასდება 2022 წელს ქართულის ტესტები ეროვნულ გამოცდებზე – რეკომენდაციები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ყოველი ახალი საგამოცდო წელი ახალი გამოწვევაა ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფისათვის, რომელიც ტრადიციულად საკმაოდ ბევრ ტესტს ამზადებს: სავალდებულო გამოცდის, არჩევითი ლიტერატურის, პროფესიული სასწავლებლების, სასკოლო ოლიმპიადის, პედაგოგების, საცდელი დავალებების. 2022 წლის აბიტურიენტებისთვის ახალი რეკომენდაციები გაიწერა „ნაეკის“ ანგარიშში ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის გამოცდის შესახებ.

მოგეხსენებათ, 2022 წლის ეროვნული გამოცდებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებში ცვლილებებია შესული, თუმცა გამოცდების ცენტრი თვლის, რომ ეს ცვლილება არსებითი არ არის და ტრადიციული დავალებების ახლებური კუთხით მომზადება ყოველთვის მნიშვნელოვანია. მათი აზრით, ეს ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი სიახლეები წინა წლის დავალებების ანალიზს ეყრდნობა, რადგან აბიტურიენტთა და პედაგოგთა ნაშრომებში მკაფიოდ ჩანს ის ტენდენციები, რომლებიც სამომავლოდ გარკვეული კორექტირების საჭიროებაზე მიანიშნებს. ასეთ კორექტირებას ექვემდებარება როგორც დავალებები, ასევე – შეფასების კრიტერიუმები და მასწავლებელთა დავალებების ქულების იმგვარი შიდა გადანაწილება, რომ უფრო ოპტიმალურად შეფასდეს აპლიკანტი. ნაეკი წერს, რომ მნიშვნელოვანია საპროგრამო თუ უცნობი ტექსტების იმგვარი დაწყვილება, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც აბიტურიენტთა შესაძლებლობები, ასევე – შერჩეული ტექსტების უმთავრესი მახასიათებლები: მაღალმხატვრულობა, მრავალპლანიანობა, აქტუალურობა, რაც შესაძლებლობას მისცემს აპლიკანტს, არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა გამოავლინოს, არამედ – კრიტიკული, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ზოგადი განათლება და წერის კულტურა.

„ახალი მოდელის შექმნის საჭიროება უკვე 2021 წლისთვისაც იგრძნობოდა, რადგან 2020 წელს ჩატარებულ გამოცდაზე თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ორმა წერითმა დავალებამ გარკვეულწილად ერთმანეთი გადაფარა. ეს ძირითადად უკავშირდებოდა ორივე წერით დავალებაში (არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი) ერთი და იმავე მზა შაბლონების (ციტატების, ლიტერატურული პარალელების და ა. შ.) გამოყენებას. შექმნილი ობიექტური მიზეზების გამო (სკოლები ონლაინ სწავლებაზე იყო გადასული) საცდელი ტესტირებების სრულფასოვნად ჩატარება მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი. განახლებული ფორმატით დაწერილი დავალებები უკვე განვიხილეთ ექსპერტთა ჯგუფებთან ერთად. მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და მოსწავლეთა ნაწერების გაანალიზებით დაიხვეწა დავალების პირობა და შეფასების კრიტერიუმები,“ – წერს ნაეკის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი წლის ანგარიშში და აზუსტებს, რომ განახლებულ ფორმატში აღადგინეს წაკითხულის გააზრების კარგად გამოცდილი დავალება, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი ლექსიკისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის შემოწმებაზე გაკეთდება. როგორც მათივე ანგარიშში წერია, 2021 წელი საინტერესო აღმოჩნდა იმით, რომ მოიმატა მაღალქულიანი ნაწერების რაოდენობამ.

გამოიწვია თუ არა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა იმან, რომ მაღალქულიანი ნაწერების რაოდენობამ მოიმატა, ნაეკი აქცენტს ამაზე არ აკეთებს, თუმცა ცოტა ხნის წინ EDU.ARIS.GE-სთან ქართულის მასწავლებელი და აბიტურიენტები სწორედ ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რადგან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დრომდე უარს ამბობს წერითი ნიმუშის გამოქვეყნებაზე.

თუ როგორ სწორდება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომები, ნაეკის ანგარიშში აბიტურიენტთა ნაშრომების ერთერთი გამსწორებლის დავით კვიტატიანის აზრია ასახული:

„ათობით ტექსტის გასწორება გვევალება, რათა, რაც შეიძლება სწრაფად, გამოქვეყნდეს შედეგები. პროცესი საკმაოდ დამღლელია, ემოციურიც… ადვილი არ არის, ხელი გედოს მომავალი თაობის პულსაციაზე, აკვირდებოდე მათ განსჯასა და შეფასებას. თავად სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს. გამსწორებლებს ინდივიდუალური პაროლები გვაქვს. თითქოს სხვა სამყაროში იკეტები, სადაც მხოლოდ შენ და მომავალი თაობის აზრებია. პასუხისმგებლობა დიდია, თითოეული დეტალი გასათვალისწინებელია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად დავიჭიროთ აბიტურიენტის მხარე. თითოეული ტესტი სწორდება მკაცრად გაწერილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით. ლიტერატურა ზუსტი მეცნიერება არ არის, შესაბამისად, გამსწორებლის ხედვაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა ძალიან იშვიათია შეცდომის გაპარვა და შეუძლებელი, საბჭოთა გადმონაშთი, ე. წ. „ჩაწყობა“. სისტემა შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს ორ სხვადასხვა გამსწორებელს, მათ ერთსა და იმავე ტექსტს უგზავნის. შეფასების შემდეგ ერთი ქულის სხვაობაც რომ დაფიქსირდეს, ტესტი მესამე გამსწორებელთან გადაიგზავნება, რა თქმა უნდა, ისევ სისტემის მეშვეობით. აქ გარედან ჩარევა შეუძლებელია. საგულისხმოა ისიც, რომ არა თუ ერთი ქულის სხვაობის შემთხვევაში, არამედ თანაბარი ქულებიც რომ დაფიქსირდეს, მაგრამ სხვადასხვა კრიტერიუმებში არ დაემთხვეს შეფასება, ტექსტი მაინც მესამე გამსწორებელთან გაიგზავნება“.

რაც შეეხება დავალების სირთულეს, კვიტატიანი წერს, რომ ტესტი რთული ნამდვილად არ არის, უბრალოდ აბიტურიენტს მოეთხოვება შეფასების რუბრიკის გაანალიზება და მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. გამსწორებელი ხარვეზებსაც არ გამორიცხავს იმ მოტივით, რომ ისინიც ადამიანები არიან, თუმცა თავს იმით იიმედებს, რომ, ქულის გასაჩივრების საშუალება თითოეულ გამომცდელს აქვს და მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად აბიტურიენტების სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისია.

ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე კი თვლის, რომ სავალდებულოა, ადამიანი, რომელიც გამსწორებლად საქმდება, იყოს ქართული ენისა და ლიტერატურის კვალიფიციური სპეციალისტი და ასევე პედაგოგიური ან აკადემიური საზოგადოების წარმომადგენელი“.

ნაეკი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ როგორი სახის დავალებები იქნება 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში და რეკომენდაციასაც იძლევა.

დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის სფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის რეკომენდაციები 2022 წლის აბიტურიენტებისთვის კი შემდეგი სახისაა:

საგამოცდო ტესტის ახალი ფორმატი არ მოითხოვს განსხვავებულ მიდგომებს გამოცდისათვის მზადების პროცესში. აბიტურიენტებმა კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ მხატვრულ ლიტერატურას. გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ მათ საფუძვლიანად შეისწავლონ და ღრმად გაიაზრონ საპროგრამო ნაწარმოებები. აბიტურიენტს უნდა შეეძლოს საპროგრამო ტექსტების ანალიზი, მათში წამოჭრილი პრობლემატიკის გამოკვეთა და საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო ტექსტების სწორად გააზრებასა და სიღრმისეულ ანალიზს. ახალი წერითი დავალება მოითხოვს ტექსტის ანალიზს დავალების პირობით განსაზღვრული კონკრეტული პრობლემის მიხედვით და ამ პრობლემის აქტუალურობაზე მსჯელობას. ამდენად, აბიტურიენტები ყურადღებით უნდა გაეცნონ დავალების პირობას, კარგად გაიაზრონ ის და პირობის ადეკვატურად შეასრულონ დავალება.

გარდა ამისა, უნდა მოერიდონ ფუჭსიტყვაობას, იმსჯელონ მკაფიოდ და გასაგებად. აუცილებელია გითვალისწინონ, რომ ტექსტის ანალიზის ნაცვლად მისი შინაარსის გადმოცემა ან პერიფრაზი, თუნდაც სრულიად უშეცდომო, დადებით შეფასებას ვერ დაიმსახურებს. წაკითხულის გააზრების დავალებების სათანადოდ შესრულებისათვის ასევე აუცილებელია მხატვრული ტექსტების სიღრმისეული კითხვისა და გააზრების უნარის გამომუშავება. რაც შეეხება ტექსტის რედაქტირებას, ძალზე მნიშვნელოვანია აბიტურიენტმა ყურადღებით წაიკითხოს სარედაქციოდ შეთავაზებული ტექსტი და შეცდომების გასწორებისას კარგად გაიაზროს კონტექსტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რედაქტირებულის ნაცვლად ბუნდოვანი, ფაქტობრივი შეცდომებითა და ხარვეზებით სავსე ტექსტი მიიღოს.

ასევე იხილეთ:

„ნაეკი“ აბიტურიენტებისთვის ქართულში თხზულების ნიმუშს „ჩარჩოში მოქცევის“ მიზეზით არ აქვეყნებს – ბაზარი კი სავსეა გამომცემლების ნიმუშებით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური