რა ვითარებაა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასწრების მხრივ, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებას ბაღებსა და სკოლებში მოსწავლე/აღსაზრდელების დასწრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეუცვლია. მოსახლეობის გარკეული ნაწილი შიშმა და პანიკამ მოიცვა, ამას ადასტურებს აფთიაქებსა და მაღაზიებში დამდგარი რიგები და დახლებიდან გამქრალი პროდუქტი. ეს ყვლაფერი იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ჯერ-ჯერობით არც მეორე შემთხვევა დაფიქსირებულა და როგორც ჯანდაცვის მესვეურები ირწმუნებიან, სიტუაცია არ საჭიროებს პროდუქტისა და მედიკამენტების მომარაგებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთი ადამიანების რაოდენობა არცთუ დიდია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში აგრეთვე აცხადებენ იმასაც, რომ არ არსებობს სკოლებისა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის საჭიროება და რომ თითოეული ეს დაწესებულება აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით. ამის მიუხედავად, ბავშვების ნაწილმა სკოლებსა და ბაღებში სიარული შეწყვიტა. თუმცა, არც მათი რაოდენობაა მნიშვნელოვნად დიდი.
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული ვითარების გასარკვევად არაერთი ბაღისა და სკოლის დირექტორს, პედაგოგსა და მოსწავლე/აღსაზრდელის მშობელს ვესაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ EDU.ASRIS.GE -სთან ოფიციალურ კომენტარებში დირექტორებიცა და პედაგოგებიც შედარებით თავშეკავებულები არიან – ხაზს უსვამენ, რომ დაწესებულებები ყველა საჭირო საშუალებითაა მომარაგებული და რომ არც დასწრების მაჩვენებელია დიდად შემცირებული. პირად საუბრებში კი ირკვევა, რომ ცოტაოდენი შიში და სიფრთხილე ყველგან იგრძნობა, თუმცა მშობლების უმეტესობა შვილების სახლიდან გაშვებას პრობლემად არ აღიქვამს.
“ბავშვთა რაოდენობას, ამ კვირაში, მნიშვნელოვნად არ მოუკლია. ვირუსის დადასტურებიდან მეორე დღეს ბაღში მხოლოდ 6 ბავშვით ნაკლები გამოხცადდა, ვიდრე წინა დღეებში”, – გვითხრა ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორმა.
“ზოგადად, ზამთრის პერიოდში, ბაღებში ნაკლები ბავშვი დადის, სეზონურ ვირუსებს უფრთხიან. ეს ყოველთვის ასე იყო და წელსაც ასეა. ჩვენი ბაღი მცირეკონტინგენტიანია, ყოველდღიურად ისედაც სულ 70-80 ბავშვი დადიოდა. კორონავირუსზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი, 67 ბავშვი მოვიდა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დიდი ცვლილება გვაქვს. ალბათ, შიში ჯერ არაა იმდენად გამჯდარი,” – აღნიშნავს კიდევ ერთი დირექტორი ჩვენთან სააუბრისას.
არის ისეთი ბაღებიც, სადაც კორონავირუსის გამოცხადების შემდეეგ 35-45 ბავშვით ნაკლები გამოცხადდა.
“გარკვეული კლება ნამდვილად არის. აქამდე ყოველლდღიურად 200-210 ბავშვი დადიოდა. დღეს კი 165 მოვიდა. არაა კატასტროფული მაჩვენებელი. ზამთარში ხომ იყო გრიპები და სრული დასწრება არც მანამდე გვქონდა. რაც შეეხება ჰიგიენას, დეზინფექციას ყოველ პარასკევს ვაკეთებთ და კრებაზე მშობლებსაც ამ ინფორმაციას ვაცნობთ. გამოკრული გვაქვს რჩევები, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ვირუსისგან, როგორ დაიბანონ ხელები, როგორ მოიქცნენ ასეთ დროს და ა.შ. ასე რომ, განსაკუთრებული კითხვებით არავის მოუმართავს”, -ამბობს კიდევ ერთი ბაღის დირექტორი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასალის მომზადებისას მშობლებსაც ვესაუბრეთ, რომლებიც ამბობენ, რომ შიში ნამდვილად იგრძნობა და სოციალურ ქსელებში არსებულ ჯგუფებში არაერთი მშობელი წერს, რომ სიტუაციის გარკვევამდე ბაშვების ბაღში გაშვებას აღარ აპირებენ.
“ჩემი შვილის ჯგუფში, ბოლო ორი დღეა, ნაკლები ბავშვი მხვდება. მასწავლებელს ვკითხე მიზეზი და მითხრა, რომ კორონავირუსის გამო იკავებენ თავს. მე პირადად, ჯერ-ჯერობით, ვერ ვხდავ ბავშვის სახლში გამოკეტვის საჭიროებას. კიდევ თუ დადასტურდა სხვა შემთხვევები, მერე უკვე ალბათ აღარავინ ატარებს” , – ამბობს ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელი.
ვითარება დრამატულად არც სკოლებში შეცვლილა. პედაგოგები, რომელთაც ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ კლასში რამდენიმე მოსწავლე თითქმის სულ აცდენს და ახლა მათი რიცხვი 2-3-ით გაიზარდა.
“კორონავირუსის დადასტურებიდან მეორე დღეს სკოლაში შედარებით ნაკლები ბავშვი გამოცხდდა. თითოეულ კლასს 2-3 მოსწავლე მაინც აკლდა. ჩემს კლასში, მაგალითად, 4 მოსწავლე არ იყო. ჩვენ ყველა ამ ბავშვის მშობელს დავურეკეთ და გაცდენის მიზეზი ვკითხეთ. ზოგი ავადმყოფობის გამო აქამდეც აცდენდა, ზოგი ქალაქგარეთაა გასული, ზოგი კი მშობლებმა შიშის გამო არ გამოუშვეს.
“ასევე, ბავშვებისა და მასწავლებლების ნაწილი დღეს სკოლაში პირბადით მოვიდა. ბავშვებს წამოღებული ჰქონდათ ხელების სადეზინფექციო საშუალებებიც. თავად სკოლაში აქამდეც ყოველთვის იყო თხევადი საპონი, დღეს ანტიბაქტერიულიც დაამატეს. გაკვეთილების შემდეგ კლასები სველი წესით საგულდაგულოდ დალაგდა”, – ამბობს ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგი.
“დასწრების მხრივ არაფერი შეცვლილა. გარკვეული როადენობა სულ აცდენს ხოლმე და ამ დღეებშიც აცდენენ. უბრლოდ შედარებით მეტი ბავშვი დადის პირბადით. მშობლები ინტერესდებიან არის თუ არა ხელის დაბანის საშუალება სკოლაში და ნამდვილად არის, ყველაფრით მომარაგებულები ვართ”, – აღნიშნა ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი შემთხვევა, ორი დღის წინ, ირანიდან ჩამოსულ მამაკაცს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კი განმარტავენ, რომ ბაღები, ამ დროისთვის, ყველა საჭირო სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებითაა აღჭურვილი, აღსაზრდელების დასწრების მაჩვენებელი მიმდინარე სეზონისთვის დამახასიათებელია და მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა.
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება