GE

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დავით დეფი

„წიგნის კითხვისთვის ყველა დრო იდეალურია, არდადეგები ხომ საერთოდ. საიდუმლოც სწორედ აქაა, რადგან არდადეგებია თვითონ წიგნი, საუკეთესო წიგნი,“ – ასე მიაჩნია პოეტსა და რომანისტს დავით დეფის.

რომელი ლიტერატურის წაკითხვას ურჩევს მოზარდებს საზაფხულო არდადეგებზე და როგორ უნდა გახდნენ კარგი მკითხველები, Aris.ge-განათლების რუბრიკის –  „რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე“ სტუმარია დავით დეფი:

defi8„კითხვა აუცილებელია, როგორც სუნთქვა. სანამ კითხვას დაიწყებენ, მოზარდებს ვურჩევდი, ჯერ მუსიკას მოუსმინონ. მთავარია ესმოდეთ რას უსმენენ. ასეა წიგნიც. მუსიკის შემდეგ კი, რა თქმა უნდა გენიალურ ქართულ წიგნს, ლეო ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავს“ შევთავაზებდი. სასწაული წიგნია, მაგიჟებდა. კითხვისას ზოგიერთი ადამიანის ტვინი ისვენებს, ზოგის მუშაობს, ზოგის კი ორივე ერთად. სამივე შემთხვევა აუცილებელია განვითარებისთვის. კარგია, თუ კარგი წიგნი ბავშვს სულ თან ექნება. სულ თან და სულთან ახლოს.  ძნელია, ბავშვს უთხრა საიდან დაიწყოს კითხვა, რადგან აქ წესები არ არსებობს. კარგი წიგნები მათთან თვითონ მივლენ. მე სწორედ მათთვის ვწერ. ისინი ჩემი ზეგინდელი დღის მკითხველები არიან”, – ამბობს დავით დეფი.

საკითხავი ლიტერატურის სია მოზარდებისთვის დავით დეფისგან:

  • ედგარ ალან პო „ოქროს ხოჭო“
  • ლეო ბოლქვაძე „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“
  • მარკ ტვენი „ჰეკლბერი ფინი“ – „ტომ სოიერის თავგადასავლი“
  • ჟიულ ვერნი „საიდუმლო კუნძული“
  • კლაივ ლუისი „ნარნიის ქრონიკები“
  • რუდოლფ ერიხ რასპე „ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“
  • არტურ კონან დოილი „დაკარგული ქვეყანა“
  • ბოლესლავ პრუსი „ფარაონი“
  • სტანისლავ ლემი „პილოტი პირქსის მონათხრობი“
  • „ქართული ხალხური ზღაპრები“
  • „ათასერთი ღამე – სინდბადის თავგადასავალი“
  • იან მარტელი „პის ცხოვრება“

და

  • ჩემი პოეზია თავიდან ბოლომდე, თავის რომანით – „დემნა გედევანიშვილი“.

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური