რა წერია საქართველოს განათლების კომპლექსური რეფორმის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში
ევროკავშირმა საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებთან ერთად, განათლების რეფორმაზეცაა საუბარი.
ევროკავშირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სახელმწიფო დაფინანსება 2022 წლისთვის მშპ-ს 6% -მდე უნდა გაიზარდოს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო დაფინანსება წლის განმავლობაში 14%-ით გაიზარდა (2.8% მშპ-ს მიაღწია, რაც 2018 წელთან შედარებით 0.05%-იანი ზრდა იყო). განათლების რეფორმის ახალი ტალღის გათვალისწინებით გადახედილ იქნა განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021 წლებისთვის.
ევროკავშირის მიერ მიღებულ დოკუმენტში განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები და მიღწევები სფეროების მიხედვით ასეა შეფასებული:
პროფესიული განათლება – პროფესიული განათლების და გადამზადების შესახებ ახალი კანონი, რომელიც ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის ცხოვრების მანძილზე სწავლის ფართო შესაძლებლობებს ქმნის, აპრილში იყო მიღებული.
განათლების ხარისხის უზრუნველყოფა – შეინიშნება წინსვლა საქართველოს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრი გახდა და ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში შევიდა.
საერთაშორისო მობილობა – საქართველო აგრძელებს წარმატებულ მონაწილეობას Erasmus+ პროგრამაში, როგორც უმაღლესი განათლების, ასევე ახალგაზრდულ სფეროებში. საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის სტიპენდიების მიხედვით იგი ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა და 141 მონაწილე ქვეყნიდან მე–6 ადგილი უკავია.
ევროპული სკოლა – სექტემბერში თბილისში ოფიციალურად დაიწყო ევროპული სკოლის მეორე ფაზა (სრულმასშტაბიანი საშუალო სკოლა), რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან მოსწავლეთა გაერთიანება და მათთვის მულტიკულტურალიზმის, მშვიდობისა და ტოლერანტობის ევროპული და საერთაშორისო ფასეულობებით შთაგონებული უნიკალური სასწავლო გეგმის შეთავაზება.
პროფესიული განათლების კუთხით არსებული გარკევული მიღწევების მიუხედავად, ევროკავშირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დასაქმება ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
„რაც შეეხება დასაქმებას, უმუშევრობა კვლავ მაღალია, 11,1% (მე-2 კვარტალი). თვითდასაქმებული ადამიანების 40%-ზე მეტი ნატურალურ მეურნეობას ეწევა და უმუშევრობა (რეგიონულ უთანასწორობასა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების არქონის პირობებში) მთავარ გამოწვევად რჩება. უმუშევრობა კვლავ უფრო მაღალია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ოქტომბერში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო შეიქმნა და დასაქმების სერვისები სოციალური მომსახურებისგან განაცალკევა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2019- 2023 წლებისთვის შრომის ბაზრის ახალი სტრატეგია შეიმუშავა. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია პლენარული შეხვედრის, ასევე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იკრიბება“-ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში რიგით მეოთხე დოკუმენტია ასოცირების შეთანხმების 2016 წელს ძალაში შესვლის შემდეგ. მოცემული ანგარიშის საფუძველზე მომდევნო წლებისთვის, საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგის განახლება მოხდება.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება