რა წესები უნდა დაიცვან სასწავლო დაწესებულებებმა ვიდეოთვალთვალის განხორციელების დროს
საბავშვო ბაღების და სკოლების ნაწილში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟებულია, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გეგმის თანახმად, 2022 წლამდე, ყველა საჯარო სკოლაში შესაბამისი სტანდარტის სათვალთვალო სისტემა უნდა არსებობდეს. სათვალთვალო კამერები არსებობს, როგორც კერძო სკოლებში, ასევე სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში.
ვიდეოთვალთვალი, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების ერთ-ერთი პრევენციაა, შესაძლებელია ადამიანის უფლების და პერსონალური ინფორმაციის დარღვევის საფუძველიც გახდეს.
მსგავსი ფაქტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე გამოავლინა ერთ-ერთ კერძო სკოლაში და საჯარო სკოლების შემოწმებასაც გეგმავს. სათვალთვალო კამერების გამოყენების წესი განსაზღვრულია როგორც პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონში, ასევე სკოლის საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების შესახებ მინისტრის ბრძანებაში.
რა წერია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესხებ“ კანონში:
ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალის განხორციელება
1. ქუჩაში (მათ შორის, პარკში, სკვერში, სათამაშო მოედანთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და სხვა თავშეყრის ადგილზე) და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დანაშაულის თავიდან აცილების, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის.
2. ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შემთხვევაში საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი ითვლება მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად.
3. ვიდეოთვალთვალის სისტემა და ვიდეო ჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისაგან.
საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეო თვალთვალი
1. საჯარო და კერძო დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის.
2. ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება.
3. სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.
4. ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.
6. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ
რა წერია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებაში:
სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვის წესი
1. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვა.
2. სკოლის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის ყველა დერეფნის, შესასვლელისა (ფოიე) და კიბის უჯრედის ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
3. დაუშვებელია ვიდეოთვალთვალის განხორციელება სკოლის საპირფარეშოში, გამოსაცვლელ ოთახებში, საკლასო ოთახში და სამასწავლებლოში.
4. სკოლის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის გარე პერიმეტრის (მათ შორის სპორტული მოედანი, ბაღი, სკვერი, და სხვა) სრულად ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
5. ვიდეოთვალთვალის სისტემა, რომლებიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოდაკვირვებას, უნდა შეესაბამებოდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს.
6. სკოლა ვალდებულია იზრუნოს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და მანდატურის ან/და მანდატურის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მანდატურის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას. მუხლი
სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირების წესი
1. ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მანდატური/უფლებამოსილი პირი.
2. სკოლა ვალდებულია სკოლის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მთელი სასკოლო დროის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემით ვიდეოჩაწერა – მუდმივად.
3. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს სკოლის დირექციას, დისციპლინურ კომიტეტს, მრჩეველთა საბჭოს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მანდატური/უფლებამოსილი პირი უფლებამოსილი არიან უზრუნველყონ ვიდეოჩანაწერის ადგილზე გაცნობა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის.
5. მაგნიტური ლენტების (ელექტრონული ინფორმაცია) შენახვაზე და კონფიდენციალურობის დაცვაზე პასუხისმგებელია მანდატური/უფლებამოსილი პირი. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მაგნიტური ლენტების (ელექტრონული ინფორმაცია) შესანახად სათანადოდ დაცული ადგილის გამოყოფა მანდატურისთვის/უფლებამოსილი პირისთვის.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება