რა წესების დაცვა მოუწევთ მშობლებს ბავშვის ბაღში მიყვანა–გამოყვანისას და რამდენ დაწესებულებაში დადასტურდა კორონავირუსი
თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება დედაქალაქში მდებარე 183 საჯარო ბაღიდან, ფუნქციონირების ნებართვა თითქმის ყველას აქვს, სააგენტო დღის ბოლომდე ელოდება პასუხს ორ ბაღთან დაკავშირებით, სადაც თანამშრომლებს კორონავირუსი ჰქონდათ დადასტურებული.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თანამშრომლების კრონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 8 ბაგა-ბაღში დადასტურდა აქედან 6-ის გახსნის უფლება უკვე მიიღეს.
„იყო რამდენიმე შემთხვევა თანამშრომლების კუთხით, თუმცა ეპიდზედამხედველობის ცენტრმა რამდენიმე ბაღს უკვე დართო ნება, ასეთი 8 ბაღი იყო სულ, აქედან 6 ბაღზე უკვე ნებართვა გვაქვს, რომ გავხსნათ. დღეს ველოდებით დანარჩენ ორს“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, 12 ოქტომბერს საბავშვო ბაღების ეზოებში მშობლებს სპეციალური მონიშნული ადგილები დახვდებათ და ეცოდინებათ სად უნდა დადგნენ და აღმზრდელს სად უნდა დაელოდონ.
„მშობელს როცა ბავშვი მოჰყავს ბაღში, ეზოში ხვდება მარკირებები ან სტიკერები, სადაც განსაზღვრულია, თუ სად უნდა დადგეს ბავშვთან ერთად. ამ სტიკერზე ასაკობრივი ჯგუფია მინიშნებული: 2-დან 3 წლამდე, 3-დან 4 წლამდე, 4-დან 5 წლამდე, 5-დან 6-წლამდე. ამის შემდეგ შენობიდან გამოდის აღმზრდელი, ეკიპირებული პირბადით, ხალათითა და ხელთათმანით. ბავშვს თერმოსკრინინგი უტარდება. შემდეგ, აღმზრდელს ბავშვი შეჰყავს შენობაში, სადაც საბავშვო ოთახში მას დახვდება აღმზრდელის თანაშემწე და იტოვებს ბავშვს. უკვე არსებობს ე.წ. ჩეკლისტები, ანუ სია, რომლის მიხედვითაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ საათზე უნდა მოიყვანოს ბავშვი ბაღში.
„ანალოგიურია გაყვანის წესი: წინასწარ განსაზღვრულია დრო, ამა თუ იმ ჯგუფში მყოფი ბავშვის მშობელმა როდის უნდა გაიყვანოს ბავშვი ბაღიდან. მინდა, მივმართო მშობლებს, გაითვალისწინონ ეს ყოველივე, რათა მეტად ორგანიზებულები ვიყოთ და პროცესი მეტად მართვადი, უსაფრთხო იყოს. თუ განსაკუთრებული შემთხვევა იქნება და მშობელს ბავშვის ადრე გაყვანა დასჭირდება, 10 წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს. მინდა, ვთხოვო მშობლებს, იზრუნონ, რომ ასეთი შემთხვევები ერთეული იყოს“, – თქვა კახაბერ გვანცელაძემ.
მანვე განმარტა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდება. „თუ ბავშვს ბაღში მიღების დროს გამოუვლინდა ტემპერატურა, მშობელს ეცნობება, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს “112”-ს. თუ დღის განმავლობაში გამოუვლინდა ტემპერატურა, ბავშვი აღმზრდელს გადაჰყავს ე.წ. დაყოვნების, ანუ საიზოლაციო ოთახში, ექთანთან, რომელიც ეკიპირებულია. მივმართავთ მშობელს, რომ გონივრულ ვადაში გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს “112”-ს. თუ მშობელი ძალიან დააგვიანებს, ჩვენ მივმართავთ “112-ს“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მისივე თქმით, მშობელს ბაღის შენობაში შესვლის უფლება არ აქვს. „რაც შეეხება დეზინფექციასა და განიავებას – განიავების ინტერვალი შეიცვალა და ყოველ 2 საათში განიავდება ოთახები. დეზინფექციაც გახშირდება. რთულად რეცხვადი და დეზინფექცირებადი სათამაშოები ამოვიღეთ და აღარ გამოვიყენებთ. ბავშვებისთვის გვაქვს ინდივიდუალური ჩანთები, სადაც განთავსებულია სხვადასხვა საკანცელარიო ნივთი, რომელიც გამოიყენება ჩვენს მეთოდოლოგიაში. თითოეულ ჩანთას ბავშვის სურათი აქვს, რათა ბავშვმა ადვილად მიაგნოს თავის ჩანთას. თეთრეულის შემთხვევაშიც შეიცვალა წესი, როცა ბაღებს კვირაში ერთხელ მოეთხოვებოდათ თეთრეულის გარეცხვა, ახლა კვირაში 2-ჯერ მოეთხოვებათ“, – განმარტა ბაგა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა.
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი