რა წესების დაცვა მოუწევთ უნივერსიტეტებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ლაბორატორიული სწავლებისა და ფინალური გამოცდების ჩატარების დროს
საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების ნაწილი პრაქტიკულ მეცადინეობებს ივნისის ბოლოდან განაახლებს, ფინალური გამოცდები კი შერეული სისტემით ჩატარდება, ძირითადად დისტანციურად, თუმცა სტუდენტის სურვილის შემთხვევაში – სასწავლო დაწესებულებაში. ჯანდაცვის სამინისტროს განსაზღვრული აქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც უმაღლესმა სასწავლებლებმა და სტუდენტებმა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, უნდა დაიცვან.
ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები 29 ივნისიდან ახლდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და 18 ივლისს დასრულდება, ამავე პერიოდში, ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკის ფარგლებში, იმ სტუდენტებს, რომელებმაც დისტანციურ სწავლებაში ჩართვა ვერ შეძლეს, სასწავლო კურსის აღდგენის შესაძლებლობა ექნებათ. დასკვნითი (ფინალური) გამოცდები კი 2020 წლის 20 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. როგორც შუალედური გამოცდების აღდგენა, ასევე ფინალური გამოცდების ჩაბარება სტუდენტს, სურვილის მიხედვით, მისთვის მისაღები ფორმატით შეეძლება, დისტანციურად ან უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადაწყდა, რომ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი გამოცდები დისტანციური ფორმით უნდა ჩატარდეს, თუმცა იქნება გამონაკლისები რა დროსაც სტუდენტებს მოუწევთ გამოცდები საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრში მისვლის შემდეგ ჩააბარონ. მედიცინის ფაკულტეტის მე-12, სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-10, ფარმაციის ფაკულტეტის მე-8, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მე-8 სემესტრების სტუდენტები დამამთავრებელ გამოცდებს აბარებენ თსსუ-ის გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრში, თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით. გარდა ამისა, იმ სტუდენტებისათვის, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის დასკვნითი გამოცდების ჩაბარების დისტანციური ფორმა, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გამოცდის ჩატარებას საუნივერსიტეტო სივრცეში სპეციალურად მათთვის შედგენილი საგამოცდო ცხრილის შესაბამისად.
ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩაბარების პროცესი უკვე დაწყებულია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აქაც, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სურვილის მიხედვით შეერჩიათ გამოცდის ჩაბარების ფორმა – დისტანციური, ან საუნივერსიტეტო სივრცე.
უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუნივერსიტეტო სივრცეებში გამოცდების ჩატარების დროს ყველა ის რეკომენდაცია იქნება დაცული, რაც ჯანდაცვის სპეციალისტების მიერაა განსაზღვრული. EDU.ARIS.GE გთავაზობთ ყველა იმ კრიტერიუმს, რისი დაცვაც სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს მოეთხოვებათ.
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლაბორატორიებისა და საგამოცდო ცენტრებისთვის.
ძირითადი რეკომენდაციები:
პედაგოგებისა და სტუდენტების მიღება სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყავით წინასწარ განსაზღვრული გეგმის/ცხრილის მიხედვით; უზრუნველყავით ნაკადის კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არა უმცირეს 2მ); უზრუნველყავით სტუდენტთა განთავსება სასწავლო მაგიდებთან იმგვარად, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთისა და პედაგოგის პირისპირ; ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პედაგოგთა, ასევე სტუდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
სასწავლო დაწესებულებისა და სასადილოს შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით ინფორმაცია COVID-19 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ; უზრუნველყავით პედაგოგთა და სტუდენტთა დაშვება სასწავლო დაწესებულებაში მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღბები, საჭიროების შემთხვევაში სახის ფარები/დამცავი სათვალეები); უზრუნველყავით პედაგოგები და სტუდენტები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები); სამუშაო ადგილებზე განათავსეთ ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყავით მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა (შესაბამისი წესების შემუშავება და პედაგოგების/სტუდენტების ინფორმირება/ტრენირება);
პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყავით სამუშაო სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია; უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; უზრუნველყავით საერთო სამუშაო ფართის ყოველდღიური დეზინფექცია; უზრუნველყავით სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სანიტარული დამუშავება პერიოდულად (2-საათიანი ინტერვალებით); უზრუნველყავით სანიტარული წერტილების პერიოდული დეზინფექცია;
უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01- 123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ შესაბამისი დანართით გათვალისწინებული წესით.
ვალდებულებები სასწავლო ლაბორატორიებისთვის
პედაგოგები სამუშაო ადგილას გამოცხადნენ წინასწარ შედგენილი ცხრილის მიხედვით; პედაგოგები და სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ; გამოიყენეთ პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ცვლებში მუშაობის რეჟიმი; ინტენსიურად გამოიყენეთ ბუნებრივი ვენტილაცია; უზრუნველყავით სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ან სხვა ანალოგიური ეფექტის მქონე ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება; არ დაუშვათ სამუშაო სივრცეში პედაგოგები და სტუდენტები, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე, მათ შორის: ნიღაბი; ხელთათმანი; სახის დამცავი ფარი; საჭიროების შემთხვევაში, ბახილები; სპეც. ტანსაცმელი/ხალათი; უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
ვალდებულებები საგამოცდო ცენტრებისთვის
მაგიდების განლაგებისას გამოიყენეთ 2მ დისტანციის შესაძლებლობა; არ დაუშვათ საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე; სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ; საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენეთ ცვლებში მუშაობის რეჟიმი; ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარული შესვენება; უზრუნველყავით საგამოცდო დარბაზის შესასვლელში ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ან სხვა ანალოგიური ეფექტის მქონე ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება; უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
პედაგოგთა და სტუდენტთა ვალდებულებები:
დაიცავით ჰიგიენის წესები სასწავლო ორგანიზაციის სივრცეში; გამოიყენეთ სრულად ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; ჩაიტარეთ ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულო წესით); მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება (შესაძლებელია ჩაჩის, ან სპეციალური თავსაბურავის გამოყენება).
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება