GE

„რაღაც საკითხები გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ საკითხების უმეტესობა სასკოლო პროგრამიდანაა“ – რა ცვლილებები აღმოაჩინეს ტესტში მასწავლებლობის მსურველებმა

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ. დღეს ისინი გამოცდას საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საგნებში აბარებენ გამოცდას, კერძოდ: ფიზიკაში, ქიმიაში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში, სპორტსა და ქართული ენასა და ლიტერატურაში. აღნიშნულ გამოცდებზე, საგამოცდო ცენტრებში, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 88%-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა.

სხვადასხვა საგნის გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ტესტები არც ისე რთული იყო, თუმცა სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვდა. საკითხების შეფასებისას ისინი იმ უთანასწორობაზეც საუბრობენ, რაც მასწავლებლობის მსურველებსა და მოქმედ/პრაქტიკოს პედაგოგებს შორის არსებობს.

სოსო მინდიაშვილი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ფიზიკის პედაგოგობა მსურს და ფიზიკის გამოცდა ჩავაბარე. საშუალო სირთულის იყო, ძალიან ძნელიც არაა, მაგრამ მისთვის, ვინც განათლებით ფიზიკოსი არაა, ცოტა რთულია. ისეთი დეტალები იყო, რაც სკოლის ფიზიკაში არ ისწავლება, უმაღლესი ფიზიკიდანაა. მე პირადად ენერგეტიკოსი ვარ. უმაღლესი ფიზიკის გარდა, საკმაოდ რთული კითხვები იყო უმაღლესი მათემატიკიდანაც. რამდენადაც სხვებისგან ვიცი, მოქმედი პედაგოგებისთვისაც საკმაოდ რთულია, ვინც უკვე წლებია ამ საგანს ასწავლის. ჩვენთვის, ვისაც ჯერ სტაჟი არ გვაქვს, უფრო მაღალი ბარიერია დაწესებული, მოქმედი პედაგოგებისთვის კი – დაბალი, ეს უსამართლობაა. მით უფრო, ბევრი პედაგოგი ამ დაბალ ზღვარსაც ვერ გადალახავს. ჩემი აზრით, მაძიებელს უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეს, რომ მუშაობა დაიწყოს და კარიერა განივითაროს. რეალურად, ეს გამოცდა, რაც არ უნდა მაღალი ქულა აიღო, დასაქმების გარანტიას არ ქმნის. შეიძლება სერტიფიკატიც გქონდეს, მაგრამ არანაირი გარანტია იმისა, რომ დასაქმდები, არ არსებობს. მით უმეტეს თბილისში, სადაც კონკურენცია საკმაოდ მაღალია. რეგიონებში უფრო გაქვს შანსი, ქალაქებში კი ნაკლებად. ამ გამოცდაზე წარმატებული შედეგის დადებით გარანტირებული დასაქმება, ალბათ, იდეალურ ქვეყანაში იქნებოდა. რომელიმე პროფესიაში კარგი რომ ხარ, ეს, გარანტირებულ დასაქმებას არსად არ ნიშნავს. კარგი იქნებოდა მოქმედ პედაგოგებსაც ყოველ წელს უწევდეს იგივე გამოცდის ჩაბარება, რათა სტატუსი შეინარჩუნონ. ასე ყველა თანაბარ პირობებში იქნებოდა.”

რუსუდან ბერიშვილი 39-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “ქიმიის გამოცდას ვაბარებდი და ცოტა რთული იყო, სპეციალურად არ მოვმზადებულვარ, მაგრამ პროფესიით ტექნოლოგი ვარ და ახლო შეხება მაქვს ქიმიასთან. ერთ-ერთ საწარმოში ვმუშაობდი, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც მქონდა, მაგრამ რთული გრაფიკი იყო და დაოჯახების შემდეგ გადავწყვიტე სხვა სამსახური მეპოვა. ძალიან მომწონს პედაგოგის პროფესია, ბოლო წლებში ანაზღაურებაც შედარებით მისაღებია. გადავწყვიტე ბედი ვცადო, არ ვიცი როგორ ქულებს მივიღებ, ცოტა მაღალი ბარიერია, მაგრამ ვიცი რომ სისტემაში ბევრი ქიმიის სპეციალისტი არ ჰყავთ, ამიტომ კარგი შედეგი თუ მექნება, ვფიქრობ, დასაქმება არ უნდა გამიჭირდეს.”

აპლიკანტი 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “ქართული ენა და ლიტერატურა ჩავაბარე. ნორმალური სირთულის იყო, თუ იმეცადინებ, ჩააბარებ. მე არ მოვმზადებულვარ, ამიტომ გამიჭირდა. მაღალი ქულის იმედი არ მაქვს, ამიტომ ვგეგმავ, რომ მოვემზადო და მომავალ წელს უფრო მობილიზებული გამოვიდე გამოცდაზე. ისე, ვერ ვიტყვი, რომ წინა წლის ტესტებთან შედარებით უფრო რთული იყო. დაახლოებით ერთი და იგივე აღმოჩნდა. თუმცა წინასწარ მეცადინეობა მაინც სჭირდება, რადგან ბევრი ნიუანსია გრამატიკიდან, რომლებიც უნდა იცოდე. მე პროფესიით ფილოლოგი არ ვარ და ამიტომაც უფრო გამიჭირდა. მით უმეტეს, რომ იყო კითხვები არა მხოლოდ სასკოლო პროგრამიდან, არამედ უშუალოდ ფილოლოგებს რომ ასწავლიან. ამიტომაც არ მაქვს იმედი და ვაპირებ მომავალ წელსაც გამოვიდე. ზოგადად კი, არ მაქვს იმედი, რომ თუნდაც მომავალ წელს თუ მაღალ ქულას ავიღებ, დავსაქმდები. უბრალოდ მე ჩემი მაინც უნდა ვეცადო.”

აპლიკანტი 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “ისეთი საკითხებია გამოცდაზე არც პრაქტიკოს მასწავლებელს და არც უნივერსიტეტის ახალ დამთავრებულს არ უნდა გაუჭირდეს. ქართულ ენას და ლიტერატურას ვაბარებდი, ვერ წარმომიდგენია სკოლაში იყოს ადამიანი, ვისაც ასეთ ელემენტარულ საკითხებზე არ აქვს წარმოდგენა, რაც ტესტებში იყო. მივესალმები ასეთ მიდგომას, დაინტერესებული ვარ სასკოლო ცხოვრებით და ყველა სიახლეს ვეცნობი ხოლმე. არ მესმის იმ მასწავლებლების, ვინც ახალ სქემას აპროტესტებს, ძალიან მარტივად უნდათ გავიდნენ ფონს და ხელში ჰქონდეთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი – მომავლის აღზრდა. რაც შეიძლება მკაცრად უნდა მოხდეს კადრების შერჩევა სკოლებში თითოეული მასწავლებელი არამარტო პედაგოგი, ფსიქოლოგიც უნდა იყოს. მე რამდენად გადავლახავ ზღვარს ვერ გეტყვით, მაგრამ პოზიცია ასეთი მაქვს.”

აპლიკანტი 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “წინა წლებთან შედარებით ერთი კომპონენტია შეცვლილი – არგუმენტირებული ესეს ნაცვლად 10-ქულიანი, დახურული კითხვები იყო. ახლა კი 15-ქულიანი ესე დაგვხვდა. ეს, ჩემთვის, უფრო რთულია. სად შემოსახაზი დავალება და სად ესე. ამ კომპონენტს თუ არ ჩავთვლით, ტესტი დაახლოებით იგივე სირთულის იყო, რაც წინა წლებში. საერთო ჯამში, რაღაც საკითხები გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ საკითხების უმეტესობა სასკოლო პროგრამიდანაა. ზოგადად, თავდაჯერებული არც ერთი გამოცდიდან არ გამოვსულვარ და ახლაც ასეა. თუ კარგი ქულა ვერ ავიღე, მომავალ წელსაც გამოვალ. ვფიქრობ, რომ თუ კარგ ქულას ავიღებ, სკოლაში დასაქმება დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. როგორც ვიცი, ხნიერი მასწავლებლები უკვე მიდიან. მე სადაც ვსწავლობდი, ან სადაც პრაქტიკებს გავდიოდი, იქიდანაც წავიდნენ. საპენსიო ჯილდოს გადაცემა ბევრისთვის დიდი სტიმული იყო. ამიტომაც მაქვს იმედი.”

აპლიკანტი 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: “ფიზკულტურის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული მწვრთნელის სპეციალობით, სპორტის გამოცდას ვაბარებდი. მარტივი ტესტი იყო, ყველაფერი ის, რაც მასწავლებელმა უნდა იცოდეს, შეიძლება ადამიანს, ვინც მხოლოდ ფიზიკური სპორტითაა დაკავებული გაუჭირდეს პედაგოგიკის საკითხების დაწერა, მაგრამ მე მსგავსი საკითხები უნივერსიტეტში გავლილი მაქვს და ჩემთვის რთული არ ყოფილა. მალე მოვრჩი, უბრალოდ ყველაფერი კარგად და გულდასმით წავიკითხე და მერე გამოვედი. მინდა ასეთი რამ ვთქვა, როდესაც ადამიანს უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული აქვს შესაბამისი სპეციალობით, მასწავლებლად რომ დაიწყოს მუშაობა ამდენი ბარიერი არ უნდა იყოს. შეამოწმონ ფსიქოლოგიური მზაობა და გამოცდა რაღად გვინდა, როცა უნივერსიტეტში ისედაც ვაბარებთ გამოცდებს ხო? ასეთი ბარიერებით ახალგაზრდებს უკარგავენ მოტივაციას სკოლისკენ გაიხედონ. მეგობარი მყავს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა ფილოლოგია, 60-კრედიტიანი კურსიც შედიოდა მის სპეციალობაში და სკოლაში მაინც არ იღებენ, სერტიფიკატი არ გაქვსო. ისიც გამოცდაზეა ახლა, მაგრამ. იმდენად დაკარგული აქვს მოტივაცია კიდეც რომ აიღოს სერტიფიკატი სკოლისკენ მაინც აღარ გაიხედავს. მე დიდი იმედი მაქვს წარმატების და იმედია შევძლებ მასწავლებელი გავხდე.”

მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. წელს საგნობრივ გამოცდებზე 12 000-მდე მსურველი დარეგისტრირდა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური