რამდენად დაცულია დღეს სკოლებში ჰიგიენური ნორმები მოსწავლეთათვის
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი – ქვეყნის მასშტაბით, 600 სკოლაში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ თბილისსა და რეგიონებში სკოლების დიდ ნაწილს ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელი წყალი მიეწოდება. ამის მიზეზი მოძველებული მილები და გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. ზოგიერთი სასწავლო დაწესებულება კი წყლით საერთოდ არ მარაგდება.
სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ საჯარო სკოლების უდიდეს უმრავლესობაში საპირფარეშოში აუცილებელი ატრიბუტები – საპონი და ხელსახოცები არ არსებობს.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, საშა გრაუმანმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგები საფრთხისშემცველია, ამიტომ მთავრობამ ვითარების გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს.
„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა განათლების სმაინისტროსთან ერთად. შევისწავლეთ ქვეყნის მასშტაბით 600 სკოლაში არსებული მდგომარეობა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სკოლების 70%-ს არ გააჩნია შენობაში წყლის მოწყობილობა და რეგიონებში, ხშირ შემთხვევაში, წყლის მიმწოდებელი წყარო სკოლის შენობიდან დაშორებულია, ზოგჯერ, დაახლოებით 200 მეტრითაც კი. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას განათლება იყოს პრიორიტეტი ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში“,- აცხადებდა საშა გრაუნი.
აღნიშნული კვლევის შედეგების საფუძველზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, სკოლებში წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტები შეიმუშავა. განსაკუთრებულად საგანაგაშო მდგომარეობის მქონე 10 სკოლისთვის ინფრასტურქტურის თავიდან მოწყობის ხარჯთაღრიცხვაც გაკეთდა. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი თბილისის 106-ე საჯარო სკოლა იყო.
Aris.ge-განათლება დაინტერესდა გამოსწორდა თუ არა გამოვლენილი დარღვევები 560 მოსწავლიან სკოლაში და ჩატარდა თუ არა რაიმე სახის სამუშაოები. როგორც სკოლის დირექტორმა თენგიზ გულორდავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სკოლაში ამ დრომდე არავითარი სარეაბილიტაციო ღონისძიეები არ განხორციელებულა.
„მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ინფრასტრუქტურა გვპირდება, რომ ჩვენი სკოლა პროგრამაში ჩასმულია და ზაფხულის არდადეგებისთვის აბსოლუტურად ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ამ დროისთვის სკოლაში იგივე სიტუაციაა, რაც კვლევის პერიოდში იყო და არავითარი სარემონტო სამუშაო არ ჩატარებულა, ზაფხულში უნდა ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთან არის წყალმომარაგების მილების პრობლემა, უნდა შეიცვალოს კანალიზაციის მილებიც, რომლებიც სკოლის შენობის სარდაფშია განთავსებული. ძველისძველი მილებია და ყველაფერი შესაცვლელია“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას თენგიზ გულორდავამ.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სკოლების ინფრასტრუქტურას და სისუფთავეს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე და ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე. გაითვალიწინა თუ არა სახელმწიფომ დასკვნა და შემუშავდა თუ არა ანტისანიტარიის საწინააღმდეგო გეგმა, საკითხზე Aris.ge-განათლება ჯერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მოგვიანებით კი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა.
სამინისტრომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში გადაგვამისამართა, სადაც ამბობენ, რომ საკითხზე – გასულ წელს ჩატარებული კვლევისას დასახელებულ პრობლემურ სკოლებში გაუმჯობესდა თუ არა სანიტარული მდგომარეობა და გასწორდა თუ არა გამოვლენილი დარღვევები – ინფორმაციის გაცემა მათი კომპეტენციის სფეროს ცილდება. რაც შეეხება ნორმების გაუმჯობესებას, მათი ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება.
„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ აქტიურად მუშაობს სანიტარული მდგომარეობის/ნორმების გაუმჯობესებაზე საჯარო სკოლებში. რეაბილიტაცია უტარდება სანიტარულ კვანძებს (სველი წერტილები) ნორმების დაცვით, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა სანიტარულ კვანძებს. ახალი სკოლების პროექტირებისა და მშენებლობისას სრულად გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სანიტარული კვანძების მშენებლობა“,- განუცხადა Aris.ge –განათლებას სააგენტოს ხელმძღვანელმა თამთა მამულაიძემ.
მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე თვის წინ სკოლებში კვლავ აღდგა სამედიცინო კაბინეტები. პროექტი საპილოტე რეჟიმში ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე სკოლაში ხორციელდება. იმის გასარკვევად რამდენად ეფექტურია ანტისანიტარიის ფონზე მსგავსი კაბინეტების არსებობა – მაშინ, როდესაც ჯერ ჰიგიენის პირველადი ნორმები – ხელის დასაბანად საჭირო საპონი და სუფთა წყალი არ არსებობს, Aris.ge-განათლება თამარ სანიკიძის უწყებას დაუკავშირდა.
სამინისტროს ცნობით, საპილოტე ქვეპროგრამის ფარგლებში, 2014 წელს სამედიცინო კაბინეტი 98 სკოლაში მოეწყო, ხოლო სამედიცინო მოწყობილობებით და საოფისე ავეჯით 107 საჯარო სკოლა აღიჭურვა.
„მათ შორის იყო ახალი სკოლები სადაც პროექტით გათვალისწინებული იყო სამედიცინო კაბინეტი, ამიტომ მათი მხოლოდ აღჭურვა განხორციელდა. ) 2015 წელს იგეგმება 190-მდე სამედიცინო კაბინეტის ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა და სამედიცინო კაბინეტები აღიჭურვება სამედიცინო მოწყობილობებით და საოფისე ავეჯით“,- აცხადებენ უწყებაში.
ცალსახაა, რომ თუკი სამედიცინო კაბინეტებთან ერთად ჰიგიენის ელემენტარული ნორმები არ იქნება დაცული, მოსწავლეები საშიში დაავადებებისგან დაცულები ვერ იქნებიან. ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს ბოლო დროს გახშირებული მენინგიტის შემთხვევები ქვეყნის არაერთ სკოლაში. მედიკოსები ამბობენ, რომ დაავადება ძირითადად ისეთ სკოლებში ვრცელდება, სადაც ბავშვებს ხელის დაბანის პირობები არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო დაწესებულებებში სანიტარიისა და ჰიგიენის მოთხოვნების უზრუნველყოფა განათლების განხორციელების უფლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. არაადეკვატური სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე, სწავლის მოტივაციაზე, სკოლაში დასწრების მაჩვენებლებსა და სწავლის შედეგებზე.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სკოლას უნდა გააჩნდეს სათანადო რაოდენობით და გამართული ტუალეტის ჯიხურები გოგონებისათვის, ბიჭებისათვის და მასწავლებლებისათვის, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი და მოხერხებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.
საქართველოს საჯარო სკოლებში სან-კვანძების რაოდენობა ზოგადად არასაკმარისია მოსწავლეების რაოდენობასთან მიმართებაში. ბოლო კლევის შედეგების თანახმად, სკოლის შიგნით ტუალეტების ჯიხურები სკოლების მხოლოდ 35%-ს აქვს, სოფლად სკოლის შიგნით სან-კვანძი მხოლოდ ყოველ მეხუთე სკოლას აქვს. განსაკუთრებით მაღალია ფარდობა ურბანულ დასახლებებში, სადაც 1 ჯიხურზე 54 მოსწავლე მოდის. სურათის მარტივად აღსაქმელად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ 1-წუთიანი დასვენება და საპირფარეშოს რიგში მდგარი 54 მოსწავლე. შშმ საჭიროებებზე მორგებული ტუალეტები კი არ არის იმ სკოლებშიც, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ირიცხებიან.
ჰიგიენის თვალსაზრისით სკოლაში არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ითვლება, თუ სკოლას გააჩნია გამართული ხელსაბანები, სადაც ყოველთვის ხელმისაწვდომია საპონი სკოლის მოსწავლეებისათვის და სკოლაში ისწავლება ჰიგიენა. კვლევის შედეგების თანახმად, ყოველ მეათე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებადი ხელსაბანი არ არის. სკოლების აბსოლუტურ უმეტესობაში ხელსაბანებთან არ არის საპონი, პირსახოცი ან ხელსახოცი. დაკვირვების თანახმად, საპირფარეშოში შესვლის შემდეგ მოსწავლეების ნახევარი ხელს არ იბანს. სკოლების დირექტორების 90%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ მოსწავლეები სწავლობენ ხელების დაბანის, პირის ღრუს ჰიგიენასთან, სხეულის და თმის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაკვეთილი ჰიგიენის შესახებ ათიანზეა ჩაბარებული, მაგრამ ხელდაუბანელი ბავშვები ფაქტობრივად დაავადების გადამტანები ხდებიან.
გიორგი არის© ხურცია
ფოტოს ავტორო – edu.aris.ge
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება