რამდენად დაეხმარა აბიტურიენტებს CAT-ის გამოცდების გაუქმება ეროვნულებისთვის მომზადებაში
განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საატესტატო გამოცდების გაუქმება გახდა. არაერთგვაროვანი შეფასებებისა და საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკის მიუხედავად, გადაწყვეტილება მაინც ძალაში დარჩა. პარლამენტმა, მიუხედავად იმისა, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მესამე მოსმენით არასაკმარისი ხმების გამო ჩავარდა, საბოლოოდ, მაინც მხარი დაუჭირა განათლების შესახებ კანონში აღნიშნულ ცვლილებას.
თავის მხრივ, აბიტურიენტებმაც შვებით ამოისუნთქეს (ალბათ უმრავლესობამ მაინც) და შეუდგნენ სკოლის გამოსაშვები საღამოებისთვის მზადებას, რაც თავის მხრივ, გამოცდებისთვის მომზადებაზე (რეპეტიტორებთან) იაფი არ ჯდება. ყველაფერი ამის შემდეგ, აბიტურიენტებს კარს ერთიანი ეროვნული გამოცდებიც მოადგათ.
აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საატესტატო გამოცდების შემდეგ ცვლილება შეეხო ზოგადი უნარების გამოცდასაც და 2020 წლისთვის:
აღნიშნულის გათვალისწინებით EDU.ARIS.GE დაინტერესდა რა განწყობით და მოლოდინით ხვდება აბიტურიენტთა ნაწილი ერთიან ეროვნულ გამოცდებს, დაეხმარათ თუ არა მათ საატესტატო გამოცდების გაუქმება, რომ უმაღლესში მისაღები გამოცდისთვის უკეთ მომზადებულიყვნენ:
მართა გელაშვილი: „სიმართლე გითხრათ, საატესტატო გამოცდების გაუქმებამ მხოლოდ დროის კუთხით მომცა უფრო მეტი თავისუფლება. წესით გამოცდები, როცა უნდა ყოფილიყო ორი თვით ადრე გააუქმეს, თუ კარგად მახსოვს, და ამ გადაწყვეტილებაში ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. საატესტატოსთვის არც ვემზდაებოდი, იმიტომ, რომ სკოლაში ვსწავლობდი იმ დონეზე რომ ჩამებარებინა. არც ვნერვიულობდი მაგაზე და შესაბამისად ეროვნულებზე ვიყავი უფრო მეტად მობილიზებული.“
ვახო ჭურაძე, აბიტურიენტი ქუთაისიდან: „საატესტატოს გაუქმება ყველაზე მეტად იმათ გაუხარდა ვინც სკოლაში ისედაც არაფერს სწავლობდა, ოღონდ მე ვერ ვხვდები ან უმაღლესში რატომ უნდოდათ ჩაბარება, მაგრამ მაინც აბარებენ. ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა ჩატარდებოდა თუ არა საატესტატო გამოცდები. ვფიქრობ მაინც შევძლებდი ჩაბარებას, თუმცა სანერვიულო, რა თქმა უნდა იყო. მხოლოდ ის შეღავათი მომცა, რომ მთლიანად ეროვნულებზე გადავერთე და იმედი მაქვს ჩავაბარებ კიდევაც.“
თორნიკე: „საატესტატოს გაუქმება ნამდვილად გამიხრადა, მაგრამ წელს არც ეროვნულებს ვაბარებ. მომდევნო წლიდან უნარებიც არ იქნება სავალდებულო და ვფიქრობ უფრო მეტი შანსი მექნება უმაღლესში ჩავაბარო“.
მარიამ ჯანელიძე: „წელს იმდენი რამე გააუქმეს, ბოლო წუთამდე იმედი მქონდა რომ ეროვნულებსაც გააუქმებდნენ და ისე ჩამოგვარიგებდნენ სასურველ ფაკულტეტებზე. ისე თავიდან მართლა გამიხრადა, რომ საატესტატოები გააუქმეს, ვემზადებოდი ზოგიერთ საგანში და თავი დავანებე. დამეხმარა თუ არა რომ ეროვნულებისთვის უკეთ მოვმზადებულიყავი, ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლებად. ისედაც მეტ ყურადღებას ამ ეროვნულებზე ვამახვილებდი. ისე რადგან საატესტატოები გააუქმეს, უნარებიც წელსვე გაეუქმებინათ, ყველაზე მეტად მაგ გამოცდის მეშინია, წლის დაკარგვა არ მიღირდა, თორემ არჩევითი რომ ყოფილიყო არ ჩავაბარებდი“.
ზურა შონია: „ყველანაირ გამოცდაზე ძალიან ვნერვიულობ და მხოლოდ ამ კუთხით იყო ჩემთვის სასიამოვნო, რომ საატესტატოები გაუქმდა. მათემატიკაში მომზადებაც შევწვიტე. ფსიქოლოგიურად უფრო მობილიზებული გავხდი ეროვნულებზე. თავიდან მეგონა, რომ სულ უგამოცდოდ მაინც არ გამოგვიშვებდნენ სკოლიდან და მაინც ვმეცადინეობდი, მერე თავი დავანებე.“
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს:
CAT-ის გამოცდების გაუქმების შემდეგ მე-6 და მე-10 კლასებში ეროვნული შეფასება ჩატარდება
დამამთავრებელი კლასებისთვის კი 2020 წელს ახალი სასწავლო პროგრამა შედგება, რომელიც აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოამზადებს.
რაც შეეხება 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, შეგახსენებთ, რომ წელს 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, გამოცდები კი 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება