GE

რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში ქალებისთვის პროფესიული განათლება – ანგარიში

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დეპუტატებმა შეისწავლეს რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის პროფესიული განათლება და  აღმოაჩინეს, რომ მიუხედავად გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯებისა, ამ კუთხით ბევრი პრობლემა არსებობს.

დეპუტატების მიერ მომზადებულ მოკვლევის ანგარიშში მოცემულია ის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ქალებს ჩაერთონ პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამებში.

დოკუმენტის თანახმად, „პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხელმისაწვდომობის კუთხით ქალებისთვის უმთავრესი დაბრკოლება პროფესიული სასწავლებლების სიმცირეა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სწრაფი ტემპით ცდილობს პროფესიული სასწავლებლების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, სასწავლებლების სიშორე განსაკუთრებული პრობლემაა იმ ქალებისთვის, ვინც ქალაქად არ ცხოვრობს.

იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი განვითარებული არ არის და მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბია, პროფესიული განათლების უახლოეს დაწესებულებამდე მგზავრობაც ბარიერია ქალებისთვის.

პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და დაბალი პრესტიჟი ქალებისთვის მორიგი ბარიერია. საცხოვრებელი ადგილის, თუნდაც, რამდენიმეთვიანი ცვლილება ბევრი გოგოსა და ქალისთვის არის დაბრკოლება, რადგან ოჯახებისთვის ნაკლებ სასიამოვნოა მათი საერთო საცხოვრებლებში ცხოვრებაც.

ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ ბარიერს უქმნის პროფესიული განათლების დაუფლების მსურველ ქალებს. კერძოდ, პროფესიის დაუფლების დროს უმეტესად არ არის ხელმისაწვდომი საერთო საცხოვრებელი, ბავშვის ოთახი და შესაბამისი მომვლელი/აღმზრდელი, გამართული არ არის კვების ინფრასტრუქტურა (რაც, ასევე, არ არის უფასო). გარდა ამისა, სკოლის დაბალი კლასებისა და ბაღების სამუშაო საათები არ არის ხელსაყრელი პროფესიის დაუფლების მსურველი ქალებისთვის. თავის მხრივ, არც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია ხელმისაწვდომი ყველგან.

პროფესიების გენდერული დაყოფა, ანუ „ქალური“ და „კაცური“ პროფესიების არსებობა, რომელშიც, ამავე დროს, ქალები შედარებით დაბალანაზღაურებად პროფესიებზე ირიცხებიან, ქალებისთვის პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთ დაბრკოლებად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, ქალებისთვის დასაქმების პერსპექტივა სერიოზული გამოწვევაა“.

პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა  ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ჩამოთვლილი ბარიერები მიუთითებს პოლიტიკისა და მიდგომების ცვლილებების საჭიროებაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თემატური მოკვლევის ფარგლებში არ გამოვლენილა ძირეული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება, რაც პროფესიული განათლების ქალებისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდიდა.

ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლაზე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მუშაობს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე თემატური ჯგუფი ფუნქციონირებს, გენდერული საბჭოს შემადგენლობაში დეპუტატები:  მარიამ ჯაში, სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ირინე ფრუიძე, ეკა ბესელია, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენძელა მაჭავარიანი და ადა მარშანია არიან.

გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად მათ რამდენიმე რეკომენდაცია ჩამოაყალიბეს:

„პირველ რიგში, აუცილებელია ისეთი საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, რაც პროფესიული განათლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას გაზრდის. გასათვალისწინებელია, რომ აქაც მნიშვნელოვანია გენდერული ჭრილი – ქალები და კაცები განსხვავებული არხებით იღებენ ინფორმაციას.

სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისას გენდერული ასპექტის გათვალისწინება ბევრი ბარიერის მოხსნის წინაპირობაა. გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი უწყებები 2020 წლის შემდგომ სტრატეგიებზე იწყებენ მუშაობას, დროულია გენდერული ასპექტის ინტეგრირების მოთხოვნა.

გარდა ამისა, აუცილებელია შეგროვდეს მონაცემები და სტატისტიკა გენდერულ ჭრილში; გამოვიკვლიოთ ადგილობრივი და რეგიონული შრომის ბაზარი, ეს კი ხელს შეუწყობს დასაქმების გაზრდას.

მიმდინარე დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების კონტექსტში აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გათვალისწინება და გაძლიერება. კერძოდ, ადგილობრივ დონეზე უნდა გადაიჭრას მუნიციპალური ტრანსპორტის, ბაღების, სკოლებისა და სასწავლებლების ინფრასტრუქტურული საკითხები.  გასათვალისწინებელია ქალებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ბავშვთა ოთახების საკითხი და წარმატებული მაგალითების (ზუგდიდი, კაჭრეთი) გავრცელება ქვეყნის მასშტაბით.

აუცილებელია წახალისდეს სექტორული თანამშრომლობა. კერძოდ, საჭიროა პროგრამები და მოდულები ბიზნესთან თანამშრომლობით დაინერგოს, რადგან პროფესიული განათლების განვითარების მიუხედავად, კერძო სექტორი მაინც ვერ პოულობს შესაფერის კადრებს ბევრ დარგში.

იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ქალებისთვის პროფესიის მიღების ბარიერად არ დარჩეს, რეკომენდებულია პროფესიული განათლების დაწესებულებების მმართველთა ტრენინგი და მათ გენდერულ მგრძნობიარობაზე მუშაობა. გარდა ამისა, საჭიროა გენდერული თანასწორობის მოდულის ინტეგრირება სასწავლო მოდულებში.

ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭიროა, რომ პროფესიული განათლებისა და გადამზადების კომპონენტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს შეერწყას.

აუცილებელია დუალური პროგრამების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, მომზადება-გადამზადების, უწყვეტი განათლებისა და სხვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება ქალების ეკონომიკური პოტენციალის განსავითარებლად.

სასურველია გაგრძელდეს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ინიციატივა და მომავალში აქვე ინტეგრირდეს გოგონებისა და ქალების პროფესიულ განათლებაში მონაწილეობის წახალისების მექანიზმები“.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური