რას გეგმავს განათლების მინისტრი მასწავლებლებისთვის დამატებითი შემოსავლის გასაჩენად
„ბოდიშს გიხდით იმ ისტორიული უსამართლობისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს“, „უბატონოდ ვერავინ შეგეხებათ“, „მასწავლებლობა სინამდვილეში ღირსეული საქმის გაკეთების, კვალის დატოვების შესაძლებლობაა“. „შევეცდებით იმ ამაგს, რაც თქვენ გასწიეთ, მინიმუმ ადამიანური პასუხი გავცეთ“, – ამ სიტყვებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეკრებილ პედაგოგებს მიმართა.
კონფერენციას, რომელიც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით გაიმართა, საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) და ინფორმაციული–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) 700–ზე მეტი პედაგოგი ესწრებოდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.
მინისტრმა პედაგოგებს განათლების რეფორმის შესახებ თავისი ხედვა გააცნო, რომელიც მისი თქმით, მთავრობას და პრემიერმინისტრს უკვე წარუდგინა.
პირველი მოსაზრება ის იყო, რომ მინისტრის თქმით, სუფრის თავში სკამი ეკუთვნის მოსწავლეს, ანუ ისაა სასწავლო პროცესის მთავარი მონაწილე.
„სათავეში, პირველ ადგილზე არის ბავშვი. ოქროს ტახტი ეკუთვნის ჩვენს მოსწავლეს, მის გვერდზე ძალიან მნიშვნელოვანი სავარძელი არის მასწავლებლის და შემდეგ მოყვებიან დანარჩენი ფუნქციონირები. ეს იქნება სკოლის დირექტორი, გამგე, რესურსცენტრი, თუ სამინისტრო. სულ ბოლოს, ამ სკამების რიგში ერთი ტაბურეტკა დგას და იქ ვზივარ მე, ან ფეხზე ვდგავარ, რადგან ბევრი საქმე მაქვს და წესით, დაჯდომის დრო არ უნდა მქონდეს“.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, რეფორმის პირველი ძარღვი იქნება ის, რომ ბავშვს მოუნდეს სწავლა. ამისთვის წახალისებული უნდა იქნეს ჯგუფური მუშაობა, პროექტებით და თამაშით სწავლება.
„უნდა შევეცადოთ, რომ ბავშვები იყვნენ გაკვეთილზე თვალებანთებული და ამისთვის უნდა შევეკითხოთ, რა მოსწონთ და რა – არა. რას აკეთებენ ის ბავშვები რომლებსაც სკოლა არ უნდათ? პირველი, რომ ნერვებს გიშლიან თქვენ. მეც მასწავლებელი ვარ და არაყოლილი აუდიტორია, როცა არ გისმენენ და არ გიყურებენ, ეს არის სიკვდილი მასწავლებლისთვის. მერე მთელი ძალისხმევა გჭირდება, რომ ფორმალურად, იმ ცოტა ბავშვის ხათრით, ვინც თვალებში შემოგციცინებს, გაკვეთილი დაამთავრო. ფსიქოლოგები ამბობენ, კარგ მასწავლებელს რომ დაუსვა დემოტივირებული კლასი, გახდება ყველაზე უარესი მასწავლებელი. ან აიყოლიებ და მაშინ არა გიშავს, თუ ვერ აიყოლიებ, დამთავრებულია. რაც გინდა, ქენი. ყირაზე გადადი, ბავშვს თუ სწავლა არ უნდა, იმ ბავშვს სწავლა არ უნდა“.
განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებლის მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი ბავშვებს ვერ მოანდომებენ, რომ ისწავლონ, არაფერი გამოვა.
„ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ ბავშვს მოუნდეს სკოლაში სიარული. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ბავშვები შემოვიტყუოთ სწავლის სიტკბოს, და სწავლის სურვილის ტერიტორიაზე. ეს ხედვა წარვუდგინე მთავრობას და ვაპირებ წერილობითაც არსებობდეს. თქვენ გექნებათ საშუალება, ძალიან ადრეულ ეტაპზე გაეცნოთ რეფორმების შინაარსს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მას მასწავლებლები ეკითხებიან: სამინისტრო რასაც ითხოვს მათგან იმაზე იყოს ორინტირებული, თუ ბავშვი რასაც ითხოვს?
„აი, ამ ერთ კითხვაშია განათლების სისტემის მთელი დედააზრი.
ნებისმიერი განათლების სისტემა, რომელიც ხვდება და ტაშს უკრავს განათლების მინისტრს და ვერ ხვდება და ტაშს ვერ უკრავს მოსწავლეს, არის დაღუპული. მინისტრი არ არის სისტემაში მთავარი, არც მოადგილე, არც რესურსცენტრი. დირექტორი და ა.შ. მთავარი არის ბავშვი!
მე ვაპირებ თქვენ მოგცეთ მეტი დრო, რომ იფიქროთ, რა სჭირდება ბავშვს. მათ შორის, ეს შეეხება მასწავლებლის განვითარების სქემას, აუცილებლად. კლასგარეშე მუშაობას, უფრო თავისუფალ რეჟიმში თვითგანვითარებას და არა ნაკარნახევ რეჟიმში განვითარებას. თქვენ გაცილებით მეტი საფიქრალი უნდა გქონდეთ ბავშვზე, გაცილებით ნაკლები საზრუნავი უნდა გქონდეთ ჩვენთან დაკავშირებით, სამინისტროსთან და ამ შეფასების სისტემებთან. პირველი ხედვა რომ შევაჯამო, ჩვენ ყველამ უნდა მოვუხვიოთ ბავშვის მიმართულებით. ბავშვი რეალურად ყოველ დღე აკეთებს არჩევანს, უნდა ასეთი სკოლა, თუ არ უნდა. ჩვენ გვჭირდება მოტივირებული ბავშვები“.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა რა მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე, შემდეგ თავად მასწავლებლების საკითხს შეეხო. მან მასწავლებლებზე საუბარი მათთვის ბოდიშის მოხდით დაიწყო.
„პირველ რიგში, გადავწყვიტე, რომ ყველას, სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში – მე პირადად, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს. გულწრფელად მთელი გულით გიხდით ბოდიშს. მე ამ წუთას პიროვნება არ ვარ, ეს არის თანამდებობა. აი, ამ სკამს, რომელზეც მე ვზივარ, იმ სკამთან, რომელზეც თქვენ ზიხართ, ეკუთვნის ”დიდი, დიდი, დიდი ბოდიში” და ამ ბოდიშს მე გიხდით. რისთვის გიხდით ბოდიშს? – ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ, ჩემნაირებს ვგულისხმობ, მოვახერხეთ მასწავლებლის დისკრედიტაცია. მისი პრესტიჟის დაგდება, მშობლის, ბავშვის, ადმინისტრაციის, აბსოლუტურად ყველას წინაშე. პირობას გაძლევთ, რომ ამას ჩვენ გამოვასწორებთ. ჩვენ დაგვჭირდება მასწავლებლის პროფესიის რეკლამა. ჩვენ დაგვჭირდება მასწავლებლების ღირსეული გაცილება“.
მინისტრმა მასწავლებლის ხელფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგთა ანაზღაურება გაიზრდება ეტაპობრივად. მან ასევე პედაგოგებს უთხრა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში განათლებისთვის გაცილებით მეტი თანხა გამოიყოფა, რომლის პირობაც მთავრობისგან მიღებული აქვს.
„ჩემი ოცნებაა, მასწავლებელმა იგრძნოს თავი დაფასებულად. ბევრმა დაწერა, რომ არ ვაპირებ ხელფასების მომატებას, ეს ასე არ არის. ხელფასების მომატებას ვაპირებ, შეძლებისდაგვარად. ძალიან კონკრეტულ დაპირებად ჯერ ნუ მიიღებთ, როგორც კი მექნება თქვენთვის სასიხარულო ამბები, პირობას გაძლევთ, ვერავინ მომასწრებს ამ ამბების თქვენამდე მოტანას. ვაპირებ, სისტემაში მოვიტანო მეტი დაფინანსება. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან პოზიტიური სიგნალები პირადად პრემიერისგან, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრისგან. ისინი ამბობენ, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული განათლებაზე, ვიდრე იყო აქამდე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ განათლების დაფინანსება გაიზრდება ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიის, ხელფასის, სწავლის შესაძლებლობის მიმართულებით. ოღონდ, ჯერ ვერ გპირდებით, კონკრეტულ ციფრებს და თარიღებს ვერ ვასახელებ, თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია პირველი დღიდან და მე შევეცდები, ჩვენი დამეგობრება არა მარტო სულზე, გულზე და ხასიათზე აისახოს, არამედ ცოტა ჯიბემდეც და ოჯახამდეც მიაღწიოს. ეს არის მეორე, რასაც ვგეგმავ“.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე ბავშვს სჭირდება სხვანაირი განათლების სისტემა, სხვანაირი სასწავლო პროცესი, ვიდრე სჭირდებოდა 20 და 30 წლის წინანდელ მოსწავლეს. რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, ამაზე რჩევა მინისტრმა პედაგოგებს ჰკითხა.
„მე ვერ გეტყვით, როგორი უნდა იყოს ის გაკვეთილი, რომელიც ბავშვს მოეწონება. მე არ ვარ სასწავლო პროცესის სპეციალისტი. მე ერთადერთი ის შემიძლია, შევაგროვო ბევრი ინფორმაცია ადამიანებისგან. პირობას გაძლევთ, რასაც შევცვლით განათლების სისტემაში, ეს იქნება თქვენგან წამოსული ინფორმაციის საფუძველზე“.
მინისტრმა მასწავლებლის დამატებითი შემოსავლების გაჩენაზეც ისაუბრა.
„გვინდა, რომ მასწავლებელს გაუჩნდეს მოტივაცია, დამატებით აქტივობებში მარტო კრედიტები კი არა, ანაზღაურებაც მიიღოს. ამაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. იდეა კი არის ასეთი. მასწავლებელს საბაზო ხელფასთან ერთად აქვს დამატებითი შემოსავალი, ეს არის კერძო მოწაფეები, მაგრამ მე მინდა, რომ გაჩნდეს მესამე არხიც. ამას შეიძლება ერქვას ანაზღაურება ინოვაციების, ახლებური სწავლებისთვის. ლამაზ სათაურს თქვენთან ერთად მოვიფიქრებთ. ანუ თუ გაქვს იდეა, როგორ ასწავლო უკეთესად ბავშვებს: წრე გააკეთო, საპროექტო დავალებები მისცე და იმაზე ამუშავო, ჩვენ ვაპირებთ რომ ეს წავახალისოთ. ეს უნდა იყოს არა დამსჯელობითი, არამედ წახალისების თამაში. გინდა დამატებითი დატვირთვები? კი ბატონო. გინდა გააკეთო ახალი შენს მოსწავლეებთან ერთად? ჩვენ ამას წავახალისებთ მატერიალურადაც. მინდა, რომ წრეები გამრავლდეს როგორც სოკოები. ვისაც არ მოუნდება დამატებითი სამუშაოს აღება, არ აიღებს“.
მინისტრმა მასწავლებელთა სქემაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის არ გაუქმდება, მაგრამ აუცილებლად დასახვეწია, რადგან ათასნაირ მასწავლებელს აფასებს ერთნაირად. როგორც აღვნიშნეთ, ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს უთხრა, რომ მათ ექნებათ მეტი დრო არა ნაკარნახევ რეჟიმში, არამედ თვითგანვითარებისთვის.
პედაგოგებთან მინისტრის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, EDU.ARIS.GE მასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.
რა ცვლილებებს გეგმავს განათლების მინისტრი სკოლის სისტემაში და საგაკვეთილო პროცესში
2017 წლის სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება
ცისანა არის© შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება