რას ითვალისწინებს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე
დღეს მასწავლებლობის მსურველებმა გამოცდა ქართული, როგორც მეორე ენაში ჩააბარეს. დღევანდელი გამოცდა თეორიულ ნაწილში ამოწმებს ცოდნას და მსურველები გამოცდიდან თავდაჯერებულები გამოდიოდნენ.
მათი და არამხოლოდ წლევანდელ ამ გამოცდაზე გასულ პირთა ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ სტანდარტზე, რომლითაც ქართული, როგორც მეორე ენა მასწავლებელმა დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე სწავლების შემთხვევაში უნდა დააკმაყოფილოს.
ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებლის უნარ-ჩვევები დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე
ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელს დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო
საფეხურზე უნდა შეეძლოს:
ა) მიმართულება მოსმენა
ა.ა) კომპლექსური თემების შემცველი ზეპირი მოხსენებების, გამოსვლების, დისკუსიების,
დებატების გაგება და გაანალიზება შინაარსობრივი თვალსაზრისით (მაგ.: პრობლემატიკის,
ძირითადი საკითხების, არგუმენტების გამოკვეთა, მთავარი და არამთავარი საკითხების,
ვარაუდების და ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ტექსტის ნაწილებს შორის არსებული
ლოგიკური ურთიერთმიმართებების დადგენა, მოსაუბრეთა ისეთი აზრების,
დამოკიდებულებებისა და ემოციების ამოცნობა, რომლებიც არ არის ექსპლიციტურად
გამოხატული და სხვა);
ა.ბ) ზეპირი ტექსტების ძირითადი ენობრივ-სტილური მახასიათებლების გაგება (მაგ.:
ხატოვანი გამონათქვამების, ფრაზეოლოგიზმების, იდიომატური გამოთქმების, სახესიმბოლოების გაგება; მსჯელობისათვის დამახასიათებელი პირობით-შედეგობითი
კონსტრუქციების, სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული
საშუალებების – განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების ამოცნობა, სხვადასხვა
სტილისათვის დამახასიათებელი სინტაქსური სტრუქტურების, ენობრივი ფორმულებისა და
კლიშეების ამოცნობა და სხვა);
ა.გ) ტექსტის შინაარსის აღქმა-გააზრების გასაადვილებლად მოსმენის სტრატეგიების
გამოყენება (მაგ., ჩანაწერების ტექნიკის გამოყენება ინფორმაციის დასახარისხებლად;
ვერბალური და არავერბალური სიგნალების – ინტონაცია, მიმიკა-ჟესტიკულაცია, ლოგიკური
მახვილები, ხმის ტემბრი და სიმაღლე – გათვალისწინება; საკვანძო სიტყვების შერჩევა
სათანადო ინფორმაციის ამოსაკრეფად და სხვა).
ბ) მიმართულება კითხვა
ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის, სტილის, მოცულობის, სტრუქტურის მქონე არამხატვრული და
მხატვრული ტექსტების გაგება და გაანალიზება შინაარსობრივი თვალსაზრისით (მაგ.,
ტექსტში ასახული პრობლემატიკის, ძირითადი იდეის, პრობლემის გამომწვევი მიზეზების
განსაზღვრა; გადმოცემული თუ ნაგულისხმევი თვალსაზრისების, შეხედულებების
გამოკვეთა/გამოყოფა; მთხრობელის/ავტორის/პერსონაჟის ხედვის და ქცევის მოტივის
განსაზღვრა და სხვა);
ბ.ბ) მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება სტრუქტურული და
ენობრივი მახასიათებლების მიხედვით (მაგ., ტექსტის ფუნქციური ტიპის განსაზღვრა;
ტექსტის სტრუქტურის შესაბამისობის დადგენა ტექსტის მიზანთან და აუდიტორიასთან;
პერსონაჟთა დახასიათების ხერხების ამოცნობა; ტექსტის სტრუქტურული ერთეულების,
ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ფუნქციის განსაზღვრა და სხვა);
ბ.გ) ტექსტების გაანალიზება კონტექსტური (კულტურული, სოციალური, ისტორიული)
ფაქტორების გათვალისწინებით (მაგ., ტექსტებში ასახული თემის, იდეის, თვალსაზრისის,
პრობლემის განხილვა კონტექსტის თავისებურებათა გათვალისწინებით; სხვადასხვა
კონტექსტის ამსახველი ტექსტების მსგავსება-განსხვავებათა გამოვლენა და სხვა);
ბ.დ) შინაარსის აღქმა-გააზრების გასაადვილებლად კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
(მაგ., სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება; გაცნობითი, შესწავლითი,
ძიებითი კითხვის ხერხების გამოყენება და სხვა).
გ) მიმართულება წერა
გ.ა) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტების (მაგ., განცხადება, მოხსენება, ესე, ნარკვევი,
გამოხმაურება, მიმოხილვითი ხასიათის სტატია, რეცენზია) შედგენა. პრობლემურ
საკითხებზე საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება და დაცვა; აზრის თანამიმდევრულად
განვითარება; შეჯამებისას სათანადო ლოგიკური დასკვნების გამოტანა; მნიშვნელოვანი
დეტალების დაწვრილებით აღწერა; საკუთარი შთაბეჭდილებების, კრიტიკული
დამოკიდებულებების გადმოცემა; ტექსტის ორგანიზების წესის დაცვა; ენობრივი ნორმების
დაცვა;
გ.ბ) ტექსტის შეთხზვა, რომელშიც ენობრივი ნორმების დაცვით ხატოვნადაა
გადმოცემული/აღწერილი გამოგონილი თუ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული
ისტორია.
დ) მიმართულება ზეპირმეტყველება
დ.ა) აუდიტორიის წინაშე ზეპირი მოხსენებით გამოსვლა; საკუთარი მოსაზრებების
მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბება; სათანადო არგუმენტების და კონკრეტული
მაგალითების მოხმობა საკუთარი მოსაზრების/პოზიციის გასამყარებლად; დასკვნის გაკეთება;
დ.ბ) დისკუსიებში მონაწილეობა და საკუთარი პოზიციის დაცვა; მეტი სიცხადისათვის
აზრის პერიფრაზირება, განმარტებების შეტანა; კონტრარგუმენტებზე პასუხის გაცემა;
დ.გ) სიუჟეტების თხრობა, დეტალების დაწვრილებით აღწერა, ნიუანსების გამოკვეთა;
დ.დ) ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიების გამოყენება (მაგ., საკვანძო სიტყვების,
გამოთქმების, მოდელების წინასწარ მომზადება; გამოსვლამდე რეპეტიციის გავლა,
გამოსვლის გეგმის შედგენა, დისკუსიის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტების
გათვალისწინება შესაბამისი პასუხების მოსამზადებლად).
ე) სასწავლო მასალის გაანალიზება
ე.ა) კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის შექმნილ სხვადასხვა სასწავლო მასალას
შორის არჩევანის გაკეთება, საკუთარი არჩევანის დასაბუთება მასალის მეთოდური და
შინაარსობრივი თვალსაზრისით გაანალიზების საფუძველზე.
ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებლის პროფესიული ცოდნა დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე
ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელმა დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო
საფეხურზე უნდა იცოდეს:
ა) ქართული ანბანი და მისი ზოგადი დახასიათება:
ა.ა) ქართული ენის ბგერითი შედგენილობა; ბგერა და ასო; მეტყველებასა და წერას შორის
შეფარდება. ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპები; ქართულ ასოთა სწორად
დაწერილობისა და ასოთა გადაბმის წესები.
ბ) ფონეტიკის საკითხები:
ბ.ა) ბგერათა დახასიათება; სპეციფიკური ბგერები; ძირითადი ფონეტიკური პროცესები:
ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერის დაკარგვა და სხვა; ინტონაცია და მისი
ძირითადი ელემენტები: ლოგიკური მახვილი, მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი; პაუზა და
მისი აზრობრივი დატვირთვა; ორთოეპიის საკითხები.
გ) გრამატიკა (მორფოლოგია და სინტაქსი):
გ.ა) სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები; მოთხრობითი ბრუნვის საკითხი;
თანდებულთა განაწილება ბრუნვების მიხედვით და მათი ფუნქციები; სახელთა წარმოება და
მათი ფუნქციები; ზმნისწინთა აგებულება და მათი ფუნქციები; პირისა და რიცხვის გამოხატვა
ზმნაში; სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვები ქართულ ენაში; დრო, კილო, ასპექტი; ქცევა და
მისი გამოხატვის საშუალებები ქართულში; კონტაქტი, მისი წარმოება და ფუნქცია;
გარდამავლობა; გვარის კატეგორია; საწყისი და მიმღეობა, მათი წარმოება და ფუნქციები;
ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები და მათი ფუნქციები;
მსაზღვრელ-საზღვრულის ურთიერთობა; რიცხვში შეთანხმების საკითხები;
გ.ბ) წინადადება აგებულებისა და შინაარსის მიხედვით; ზმნური კონსტრუქციები და
მარტივი წინადადება (ქართული ენის სპეციფიკა – 4-მთავარწევრიანი წინადადება და ზმნის
ცენტრალური როლი წინადადებაში); რთული სინტაქსური კონსტრუქციები; მისათითებელი
სიტყვებისა და წევრ-კავშირების როლი რთულ წინადადებაში; ზმნის დრო-კილოთა
ფორმების ურთიერთმიმართების საკითხი რთულ წინადადებებში; სხვადასხვა სტილური
მეტყველებისათვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები.
დ) ორთოგრაფია:
დ.ა) ორთოგრაფიის ძირითადი ნორმები. სალიტერატურო ენის ნორმები და მათი დაცვა.
ე) პუნქტუაცია:
ე.ა) პუნქტუაციის წესები. პუნქტუაციის ნიშნების სტილური შესაძლებლობები.
პუნქტუაცია და ინტონაცია.
ვ) ლექსიკოლოგია:
ვ.ა) სიტყვაწარმოების თავისებურებანი ქართულ ენაში. სინონიმები, ომონიმები,
ანტონიმები, დიალექტიზმები, ჟარგონი, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, პროფესიული ლექსიკა;
სიტყვათა სესხება; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის
კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები; ბარბარიზმები;
ეტიმოლოგია.
ზ) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:
ზ.ა) ტექსტისა და მისი კომპონენტების ორგანიზება (თავი, როგორც ტექსტის
სტრუქტურული ნაწილი; აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული); ტექსტის
შემადგენელ კომპონენტთა სემანტიკური და სტრუქტურული ურთიერთდაკავშირების
საშუალებანი (კავშირები, ნაცვალსახელები და ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება,
სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და
ასპექტის მიხედვით);
ზ.ბ) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე
პირის მეტყველება და მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება);
ზ.გ) ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემისა (ირიბი ნათქვამი,
პირდაპირი ნათქვამი) და საუბარში მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის (მონოლოგი,
დიალოგი, პოლილოგი) მიხედვით;
ზ.დ) მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა), მათი
სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი;
ზ.ე) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურსაქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური).
თ) მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
თ.ა) მხატვრული ტექსტის ელემენტები: მხატვრული ტექსტის ბგერითი ორგანიზაცია;
რითმის სახეები და გარითმვის ხერხები; მხატვრული ნაწარმოების ინტონაციური ანალიზი
და გამომეტყველებითი კითხვა; ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია,
გაპიროვნება და სხვა); სტილური და სინტაქსური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი და
სხვა);
ი) ქართული ლიტერატურა და მისი ძირითადი ეტაპები:
ი.ა) ძველი ქართული მწერლობა – სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია),
კლასიკური პერიოდის მწერლობა, აღორძინების პერიოდის მწერლობა;
ი.ბ) ახალი ქართული მწერლობა – XIX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი
ლიტერატურული მიმდინარეობანი: რეალიზმი, რომანტიზმი;
ი.გ) უახლესი ქართული მწერლობა XX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი
ლიტერატურული მიმდინარეობანი: სიმბოლოზმი, ფუტურიზმი, იმპრესიონიზმი,
ექსპრესიონიზმი, პოსტმოდერნიზმი;
ი.დ) განსაკუთრებული მხატვრულ-ესთეტიკური და იდეური ღირებულებების მქონე
ნაწარმოებები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ძველ, ახალ და უახლეს
ქართულ ლიტერატურაში.
კ) ცნებები:
კ.ა) მულტილინგვური განათლება; ინტერკულტურა; ენების პლურალისტური მიდგომები,
ენის სწავლის სტრატეგიები, ინტერენა (ინტერლანგუე), გადატანის უნარი (ტრანსფერი),
კითხვის მოდელები (აღმავალი, დაღმავალი, ინტერაქტიული); სასწავლო სიტუაცია.
სწავლების მეთოდები
ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო
საფეხურზე ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:
ა) მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
ა.ა) ქართულის, როგორც მეორე ენის, საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით, მოსწავლეთა
ასაკობრივი ინტერესებისა და მათი ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით
ტექსტების შერჩევა და საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა მოსმენის/კითხვის უნარ-ჩვევის
გასავითარებლად; სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მოსასმენი/საკითხავი დავალებების
შერჩევა ან შედგენა ტექსტის ეტაპობრივი გააზრებისათვის;
ა.ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების, მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესებისა და
მათი ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა
ენობრივი, ზეპირი და წერითი უნარ-ჩვევების გასავითარებლად; დასახული მიზნების
შესაბამისი განსხვავებული სირთულის მქონე სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა ცოდნის
ათვისების პირველი (წვდომა-გაგება), მეორე (გავარჯიშება) თუ მესამე (დაუფლების)
ფაზისათვის;
ა.გ) ენის სწავლის უნარის გასაუმჯობესებლად სწავლების სათანადო სტრატეგიების
გამოყენება (მაგალითად, დისკუსიის მოწყობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რა ხერხი, რა
სტრატეგია გამოიყენა დასმული ამოცანის გადასაჭრელად, რომელი იყო უფრო ეფექტიანი და
რატომ; შეცდომების გაანალიზება მათი გამომწვევი მიზეზების დასადგენად; პირველი ენისა
და ქართული ენის შედარებითი ანალიზი კონკრეტული მსგავსებებისა და განსხვავებების
დასადგენად; მოსწავლეთა მიერ განხორციელებული ტრანსფერების გამოვლენა და
გაანალიზება);
ა.დ) კომპლექსური დავალების შერჩევა თუ შედგენა (პროექტი, აქტივობები
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინური
აქტივობები), მის შესასრულებად საჭირო გრამატიკული მექანიზმების, ლექსიკის, ენობრივი
კონსტრუქციების, ენობრივი თუ საკომუნიკაციო უნარების დაკონკრეტება, მათ
ასათვისებლად განსხვავებული ტიპისა და სირთულის შუალედური სავარჯიშოების შერჩევა
ან შედგენა, ძირითადი სამუშაოს შესრულების ეტაპების, გზებისა და საშუალებების
განსაზღვრა.
ბ) შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა:
ბ.ა) გაკვეთილების ჩატარება გეგმის მიხედვით;
ბ.ბ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას
ტექსტის მოსასმენად/წასაკითხად, მაგ., წინმსწრები სამოტივაცო აქტივობების გამოყენება –
ვარაუდის გამოთქმა, შინაარსის/ინფორმაციის მოსწავლის პირად გამოცდილებასთან
დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, საკითხის დასმა, აღმავალი და დაღმავალი
მეთოდების მონაცვლეობა და სხვა;
ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება ქართულ ენაზე ზეპირ თუ წერით აქტივობაში ჩასაბმელად,
მაგ., სახალისო საკომუნიკაციო სიტუაციების შეთავაზება, თვითგამოხატვის, არჩევანის (თემა,
ადრესატი, ფორმატი) საშუალების მიცემა, ადვილად დასაძლევი სასაუბრო ამოცანების
შეთავაზება, გეზის მიმცემი ინსტრუქციების მიცემა კომპლექსური დავალებისთვის და სხვა;
ბ.დ) მოსწავლეებისათვის მოსასმენი/საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის
უნარ-ჩვევების განვითარება და მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგ., ნაცნობ,
არავერბალურ ელემენტებზე დაფუძნებით უცნობი ელემენტების ამოცნობა,
მოსმენის/კითხვის მიზნის გათვალისწინება, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება
(გაცნობითი/ ძიებითი/შესწავლითი კითხვა) ლექსიკონის გამოყენება/შედგენა და სხვა;
ბ.ე) მოსწავლეებისათვის სამეტყველო/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის
უნარ-ჩვევების განვითარება, მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგ., იდეების
ჩამოწერა/ დახარისხება, დაგეგმვა, საჭირო ენობრივი მასალის (საკვანძო სიტყვები,
გრამატიკული სტრუქტურა, ზმნის დრო და სხვ.) თავმოყრა, სამუშაო ვარიანტის
გაუმჯობესება თვითშეფასების/თანაშეფასების გზით, საკომპენსაციო საშუალებების
გამოყენება, მეწყვილესთან გავარჯიშება და სხვა;
ბ.ვ) ენობრივი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება,
მოსწავლეების აღჭურვა სათანადო სტრატეგიებით, მაგ., გრამატიკულ მოდელებზე
დაკვირვება და მექანიზმების/კანონზომიერების დამოუკიდებლად ამოცნობა, სქემების,
სტრუქტურული მოდელების გამოყენება გავარჯიშების პროცესში, შეცდომების გაანალიზება,
უცნობი სიტყვების ამოწერა, დამახსოვრების სხვადასხვა ხერხის გამოყენება, პარალელების
გავლება პირველ ან სხვა ნაცნობ ენასთან და სხვა;
ბ.ზ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის
ჩაბმას ენობრივ-კომუნიკაციურ აქტივობებში, მაგ., დიფერენცირებული მოთხოვნების
წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით; თითოეული
მოსწავლის წინსვლის გამოვლენა; კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარებაგაანალიზებაში ხელშეწყობა; მოსწავლეთა ტექსტთან/გრამატიკულ მოდელებთან მიბრუნება
მოსაზრებების დასაბუთების მიზნით; კონტექსტზე დაფუძნებით ვარაუდების გამოთქმასა და
პასუხების ამოცნობაში ხელშეწყობა და სხვა;
ბ.თ) მოსწავლეთა დამოუკიდებლად, წყვილებში და ჯგუფებში მუშაობის უნარ-ჩვევის
განვითარება; მიღწევების დამოუკიდებლად გაუმჯობესებისათვის სათანადო უნარ-ჩვევების
განვითარებაში ხელშეწყობა, მაგ., მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების
შემუშავების, თვითშეფასების და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა იმისა, რომ მათ
დამოუკიდებლად განსაზღვრონ პრობლემები, შემაფერხებელი და ხელშემწყობი ფაქტორები,
ხერხები, სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა
გადაჭრის გზები; გამოიყენონ/შექმნან რესურსები (მოდელები, ცნობარი, ტაბულები,
ლექსიკონი); სამუშაო დაყონ მონაკვეთებად და სხვა;
ბ.ი) დავალების ინსტრუქციის ნათლად ჩამოყალიბება/ინტერპრეტაცია;
გ) შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება შედეგსა და მოსწავლეზე
ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად
გ.ა) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების
შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური
დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება
და თითოეული კრიტერიუმის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების
გათვალისწინებით;
გ.ბ) წინასწარი, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასება მოსწავლეთა მრავალმხრივი
განვითარების უზრუნველსაყოფად: სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი კრიტერიუმების
შერჩევა-შემუშავება (შემოქმედებითობა, თანამშრომლობის უნარი, ორგანიზებულობა და
სხვა), ასევე შეფასების მრავალფეროვანი ფორმის გამოყენება (ტესტები, გამოფენები,
პრეზენტაციები, შეფასების ცხრილები, წარმოდგენები და სხვა);
გ.გ) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა ენის ცოდნის დონის
გასაუმჯობესებლად და შესამოწმებლად; ენობრივი და კომუნიკაციური პრობლემების
გამოსავლენად და მათი წარმომშობის მიზეზების დასადგენად, სათანადო სტრატეგიების,
აქტივობების დაგეგმვა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად;
გ.დ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება;
გ.ე) განვლილი მასალის საფუძველზე თვითშეფასების სხვადასხვა საშუალების (მაგ.,
თვითშეფასების ცხრილები, სქემები, ტესტური დავალებები შეფასების სქემებითურთ და სხვ.)
შედგენა და გამოყენება კონკრეტული მასალის დასრულების შემდეგ.
დ) ქართულის სწავლება მოსწავლის კულტურული და ინტერკულტურული
განვითარებისათვის
დ.ა) სოციოკულტურული და კულტურული თვალსაზრისით მდიდარი რესურსების
შერჩევა და მათზე დაფუძნებით ისეთი აქტივობების აგება, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს
გამოიწვევს;
დ.ბ) კლასში არსებული მრავალფეროვნების, როგორც რესურსის, გამოყენება; მოსწავლის
მშობლიური ენისა და კულტურული გამოცდილების გამოყენებით სასწავლო პროცესის
გამდიდრება;
დ.გ) მოსწავლეებისათვის ისეთი მოსაზრებების გამოთქმის ხელშეწყობა, რომელიც
გამომდინარეობს მათი კულტურული პერსპექტივიდან დისკუსიების, განსხვავებული
კულტურული ხედვის პატივისცემის და აღიარების, მოსწავლეთა ინდივიდუალურ
საჭიროებებზე რეაგირების გზით;
დ.დ) ინტერკულტურული სწავლების ადეკვატური სტრატეგიებისა და შეფასების
სისტემის გამოყენება;
დ.ე) მოსწავლეში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის ადეკვატური
სტრატეგიების, მასალებისა და მიდგომების გამოყენება.
ე) დაწყებით საფეხურზე მეორე ენის სწავლა/სწავლების სპეციფიკის გათვალისწინება;
ე.ა) სტანდარტის მოთხოვნებზე დაფუძნებით სასწავლო პროცესის დაგეგმვის,
განხორციელებისა და შეფასებისას უპირატესობის მინიჭება სწავლების ისეთი
სტრატეგიებისათვის, რომლებიც ააქტიურებს სენსორულ, კინესთეტიკურ და მოტორულ
სისტემებთან და წარმოსახვასთან დაკავშირებულ სააზროვნო (არაანალიტიკურ) პროცესებს,
მაგალითად: მასალის ახსნისას თვალსაჩინოებების, ანალოგიების, იგავური ენის,
მეტაფორების, მიმიკა-ჟესტიკულაციის გამოყენება, მასალის ასათვისებლად თუ ცოდნის
შესაფასებლად როლების გათამაშება, მინისპექტაკლების დადგმა, დახატვა-გაფერადება,
ნაკეთობების შექმნა, მუსიკის მოსმენა, სიმღერა, განსახიერება და სხვა;
ე.ბ) კითხვის ორი უნარ-ჩვევის (წერილობითი კოდის გახმოვანება და წაკითხულის
შინაარსის გაგება) ერთმანეთისაგან გარჩევა და ორივე უნარის წარმატებით გასავითარებლად
სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენება, ასევე კითხვის ორი განსხვავებული
ტექნიკის (ჩუმი და ხმამაღალი კითხვის) დანიშნულებისამებრ გამოყენება;
ე.გ) წერის სამი უნარ-ჩვევის – მოტორიკის, კოდირების, ანუ ბგერების ასოებად ქცევისა და
შექმნა-შედგენის – ერთმანეთისაგან გარჩევა და სამივე უნარის გასავითარებლად სათანადო
აქტივობების გამოყენება;
ე.დ) მოსწავლეების კომუნიკაციური უნარ-ჩვევის დაუფლებისათვის მომზადება:
გასავითარებელი უნარების (მოსმენა-გაგება, ბგერების სმენით გარჩევა, ასოების/მარცვლების/
სიტყვების თვალით გარჩევა, მხედველობითი მეხსიერება, გამოთქმა, ტექსტების ზეპირად
თქმა, ინტერაქცია, სიტყვების/მინიტექსტის გაგება კითხვის ჩუმი ტექნიკის გამოყენებით,
ხმამაღალი კითხვა, ასოების გამოწერა, სიტყვების გამოწერა, მინიტექსტის შედგენა და სხვა)
გაცნობიერება და დაწყებითი საფეხურის ამა თუ იმ ეტაპზე პრიორიტეტული უნარებისა და
მათი განვითარებისათვის სწავლების სტრატეგიების განსაზღვრა.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება