GE

რას უნდა დაემყაროს პოზიტიური მოლოდინები ისტორიის ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა გრიფირებული სახელმძღვანელოების  მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, უმეტეს შემთხვევაში, ეს სახელმძღვანელოები არა ერთ-ერთ, არამედ ერთადერთ რესურსად რჩება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საბაზო საფეხურის რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმით ცვლილებები ისტორიის საგანსაც ეხება, პედაგოგების მხრიდან განსჯის ძირითად ობიექტად ისტორიის დღეს არსებული სახელმძღვანელოები იქცა: „ისტორიის სახელმძღვანელოზე უნდა ვისაუბრო, ასათიანი, ლომაშვილი, ლორთქიფანიძის მეცხრე კლასის ისტორიის წიგნს სერიოზული პრობლემები აქვს. მთელი წიგნის განმავლობაში რიგი მოვლენები არის კონტექსტიდან ამოვარდნილი. მაგალითად პომპეუსის ლაშქრობაზე ისეა მოყოლილი, ბავშვი ვერაფრით ვერ მიხვდება წიგნიდან, რა მოარბენინებდა კავკასიაში ამ კაცს ან რომაულ პოლიტიკაში ქართლს და კავკასიას რა როლი ჰქონდა. ასჯერაა წიგნში ნახსენები ხაზარები და საერთოდ არ ჩანს რას წარმოადგენდნენ, რა სამხედრო ძალა ჰქონდათ, საიდან ჩნდებიან, როდის ქრებიან და ვინ არიან… დავიჯერო მარტო მე მაწუხებს ეს ამბავი? არ ფიქრობთ რომ სახელმძღვანელო ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს?“(სტილი შენარჩუნებულია).

მასწავლებელთა პროფესიულ ჯგუფში, დათო ჩანჩიბაძის ამ პოსტზე აღძრული დისკუსია, რომელიც სხვა სახელმძღვანელოებსაც შეეხო,  ერთი შეხედვით, „ღია კარის მტვრევად“ შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან დღე-დღეზე საბაზო საფეხურის ახალი კურიკულუმი უნდა დამტკიცდეს და სახელმძღვანელოებზე კონკურსი გამოცხადდეს. EDU.ARIS.GE-ამ თემით იმიტომ დაინტერესდა, რომ ახალ სახელმძღვანელოებზე მუშაობის დაწყებამდე კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ იმაზე, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს? როგორ განისაზღვრება ჩარჩო  ისტორიის ახალი სახელმძღვანელოებისთვის? რა ცვლილებებია ისტორიის სტანდარტში? რას შეიძლება, ემყარებოდეს პოზიტიური მოლოდინები სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით?

EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, იტალიური სკოლის ისტორიის მასწავლებელი მაია ფირჩხაძე:

„თუ კონკრეტულად ამ სახელმძღვანელოზე ვისაუბრებთ, პირველი სირთულე ის არის, რომ მასში ზღვა მასალაა მოცემული, თან ეს მასალა არ არის კარგად სრტუქტურირებული, რაც უფრო აძნელებს აღქმას. არაეფექტურია სახელმძღვანელოს დიზაინიც. ერთის მხრივ, ნაკლები ვიზუალური მასალაა და მეორეს მხრივ, ჭარბი ინფორმაცია პოლიტიკურ მოვლენებზე, სოციალურ პრობლემებზე, უამრავ რამეზე… კარგი იქნებოდა, რომ ეს მწირი ვიზუალური მასალა მაინც  იყოს  მრავლისმეტყველი. პრაქტიკულად, ამის მოხერხება შესაძლებელი იყო, თუ მხატვრები, დიზაინერები იმუშავებდნენ, მაგრამ ეს გააძვირებდა სახელმძღვანელოს, რადგან ყველაფერს სჭირდება ფინანსები. არადა, შეუძლებელი არაფერია. ბევრ რამეს მოინაკლისებ, მაგალითად,  საჭიროა რუკები საქართველოს ისტორიულ კუთხეებზე. მხოლოდ ტექსტით აღქმა ბევრ მოსწავლეს უჭირს. მოსწავლეს დააინტერესებს როგორ გამოიყურებოდნენ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები კონკრეტულ ეპოქაში; თვალსაჩინოდ დართულ კომპონენტს  სხვა სასწავლო ეფექტი აქვს. ასევე,  ხშირია კორექტურული შეცდომები, საკუთარი სახელები ერთგან სხვაგვარად წერია, მეორეგან  – სხვაგვარად.

21-ე საუკუნის მოსწავლის დაინტერესებისა და მისი  მოტივაციის აღძვრისთვის სახელმძღვანელოს ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ინტერნეტში უცხოურ სახელმძღვანელოებს რომ ნახულობ, სურვილი გიჩნდება, რომ ჩვენი ისტორიაც ასე მიეწოდებოდეთ მოსწავლეებს. სახელმძღვანელოები ისეა სტრუქტურირებული, რომ მოსწავლემ წინასწარ იცის, სად რა უნდა დახვდეს.

სახელმძღვანელოს ხარისხზე  თავისთავად მოქმედებს  მისი ფასი. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ავტორი იზრუნებს კარგ ვიზუალზე ეს ფასს გააძვირებს, სახელმწიფოს ძვირი წიგნი არ აწყობს, რადგან უფასოდ გასცემს სახელმძღვანელოებს, მისი რესურსი კი შეზღუდულია.  ლოგიკურად ასეა. როცა ქვეყანაში ამდენი სოციალურად დაუცველია, გამოდის, რომ წინ ვერ მიდიხარ, ხარისხის თვალსაზრისით.“

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანლი ნანა ციხისთავი:

„ამ ეტაპზე, როცა საბაზო საფეხურისთვის ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს, ძველი სახელმძღვანელოების კრიტიკის მიზანს ვერ ვხედავ. თუმცა სახელმძღვანელოების პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას სხვადასხვა ჭრილში. როცა კონკურსი ცხადდება, უკვე ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებიც ყველა მხრიდან მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით  უნდა შემუშავდეს. უზარმაზარ შეცდომად მიმაჩნია ის ამბავი, რომ სამინისტრო ექსპერტებს ეძებს სადღაც, „ღია ველზე“ და ერთდღიანი გადამზადება საკმარისია, რომ ისინი გახდნენ უფლებამოსილები, თვეების განმავლობაში ავტორთაგან მომზადებული სახელმძღვანელო გადასინჯონ, დაიწუნონ, ან მოიწონონ.  ეს არის ძალიან მცდარი მიდგომა. ამ საქმეში პროფესიონალები უნდა მონაწილეობდნენ.

საბაზო საფეხურის ისტორიის სტანდარტის განხილვის პროცესში ჩვენი ასოციაცია აქტიურად არის ჩართული, დავესწარი აკადემიურ წრეებში განხილვასაც. იქ იყვნენ პოტენციური ავტორებიც. განხილვა საქმიანად წარიმართა. სტანდარტის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ  საქართვლოს ისტორია არ იქნება მოწყვეტილი მსოფლიო კონტექსტს და სწორედ ამ პრინციპით მოხდება სწავლება. საკითხების  გადანაწილების მიმართულებითაც მივაღწიეთ შეთანხმებას. ანუ შესაძლებელია კოორდინირებული შედეგის მიღწევა. ჩემი აზრით, ისტორიის სტანდარტის შემოთავაზებული ვერსია პრაქტიკულად კარგად იმუშავებს.

საუბარია მეათე კლასის სახელმძღვანელოზეც, რომელშიც ისტორიის თეორია და  ფილოსოფიაა კონცენტრირებული, ეს სახელმძღვანელო უნდა დაიშალოს და გადანაწილდეს საბაზო და საშუალო საფეხურის სტანდარტებში, თანაც  უფრო გამარტივებულად და აუცილებელი დოზით. ვთქვათ, სადაც შეგვხვდება ჰერალდიკა, იქ იყოს ჰერალდიკის პრინციპები მოცემული.  ძირითადი თეორიული საკითხები, რომლებიც უკავშირდება ისტორიის თეორიას და ისტორიოგრაფიას, ეს ძალიან ზედმეტია ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტში, რადგან სწორედ ასეთი წინაღობებად ქცეული საკითხები წარმოშობს ანტიპათიას საგნისადმი.

პრაქტიკულად, ახალი სტანდარტი ასწორებს იმ შეცდომას, რომელიც ჩვენ გვქონდა დაშვებული, წინა ორი თაობის სტანდარტის შემუშავების დროს. უზრუნველყოფს იმას, რომ ისტორიას მიეცეს თავისი ფუნქცია, რაც ისტორიზმის აუცილებლობას გულისხმობს. მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა იაზროვნოს  კრიტიკულად და  ფაქტები და მოვლენები გაიაზროს მთლიანობაში  და არა იზოლირებულად. ახალი სტანდარტი უკვე ქმნის ჩარჩოს ახალი სახელმძღვანელოებისთვის და ზემოთ ნახსენები სიტუაციების გათვალისწინება, დიდი იმედია, სახელმძღვანელოების ხარისხზეც აისახება.“

EDU.ARIS.GE -მ კომენტარი სთხოვა ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ექსპერტს შალვა მეკრავიშვილს:

„მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საბაზო საფეხურზე მეშვიდე და მერვე კლასში ძირითადად მსოფლიო ისტორიის საკითხების შესწავლა იყო გათვალისწინებული და საქართველოს ისტორიისთვის რჩებოდა მეცხრე კლასი. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ამ ერთ სასწავლო წელზე იყო გადანაწილებული.  ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმ პრობლემისა (სახელმძღვანელოს ვგულისხმობ), რომელზეც პედაგოგები კრიტიკას გამოთქვამენ.

მეორე დიდი პრობლემაა სახელმძღვანელოს ტექსტების შესაბამისობა ასაკობრივ შესაძლებლობებთან. სახელმძღვანელოებში გამოყენებულია ამ ასაკისთვის საკმაოდ რთული ლექსიკა და სტილი, რომელიც პრაქტიკულად საუნივერიტეტო ვერსიას უფრო შეესაბამება; პარაგრაფებს თუ გადავხედავთ, გამოყენებულია რთული ქვეწყობილი  წინადადებები, რაც მოზარდისთვის აზრის ბოლომდე აღქმას ართულებს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოსწავლეს გაკვეთილზეც, სადაც მასწავლებელი ეხმარება, უჭირს ამ ტექსტების გაგება, წარმოიდგინეთ, რა იქნება შინ,  დამოუკიდებელი მუშაობის დროს.

–როგორ ეპასუხება ახლანდელი საგნობრივი სტანდარტი ამ პრობლემის პრევენციას?

–მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში ეპოქები დალაგებულია ქრონოლოგიურად, საქართველოს ისტორია გადანაწილებულია სამივე კლასში, ნაცვლად მხოლოდ მეცხრე კლასისა. მსოფლიო ისტორიიდან შემოტანილია ის მოვლენები, რომელიც შემხებლობაშია  ჩვენს კონკრეტულ ისტორიულ ეპოქასთან. მაგალითად, ანტიკურ ეპოქაში საქართველოს ჰქონდა შეხება  სპარსეთთან, საბერძნეთთან, რომთან აი ეს მსოფლიო ისტორიის საკითხები იქნება შემოტანილი და შერწყმული საქართველოს ისტორიასთან. ამით მოსწავლეს  შეექმნება ერთიანი წარმოდგენა ეპოქაზე და იმაზე,  რა ხდებოდა საქართველოში, არა იზოლირებულად, არამედ  მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. ეს, ვფიქრობ, კარგი იქნება პრაქტიკული სწავლების თვალსაზრისითაც.

–რა ბერკეტებს გვთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტი, ადეკვატური და ხარისხიანი სახელმძღვანელოს შესაქმნელად?

–ეროვნული სასწავლო გეგმა  განსაზღვრავს ისტორიის სტანდარტს, რომელიც პასუხობს კითხვებს: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა მიზნით ვასწავლით ამ ყველაფერს, როგორ უნდა ვასწავლოთ (მეთოდური ორიენტირები) და როგორ ვაფასებთ? სტანდარტი არის სავალდებულო ნაწილი და მას  ერთვის სარეკომენდაციო ნაწილი  წლიური პროგრამის სახით. მიუხედავად თავისი სარეკომენდაციო ხასიათისა, წლიური პროგრამა სახელმძღვანელოს ავტორსაც და მასწავლებელსაც ძალიან კარგად დააკვალიანებს, როგორ შეასრულოს მოთხოვნები.

ანუ სახელმძღვანელოს ავტორებისთვის ისტორიის სტანდარტი იქნება ჩარჩო დოკუმენტი, ამოცანების დამაზუსტებელი იქნება წლიური პროგრამა და რაკი თანამდევ რესურსებზე ვსაუბრობთ, შეიქმნება ასევე გზამკვლევი, რომელშიც პრაქტიკულად უკვე  საგაკვეთილო დონეზე იქნება მოცემული აქიტივობები. ეს გზამკვლევი ავტორებსაც გამოადგებათ სახელმძღვანელოებზე მუშაობის დროს. ამჟამად უკვე სრულდება დაწყებითი საფეხურის ესგ-ის გზამკვლევი და მიმდინარეობს მუშაობა საბაზო საფეხურის გზამკვლევზე.“

EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი ინფორმაციით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (საბაზო საფეხური) უახლოეს პერიოდში, თებერვლის თვეში უნდა დამტკიცდეს, რასაც სახელმძღვანელოებზე კონკურსის გამოცხადება მოჰყვება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებში 2018-19 სასწავლო წელს შევა, ხოლო საბაზო საფეხურის 2019-20 სასწავლო წელს. ამავდროულად იწყება მუშაობა საშუალო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე.

რაც შეეხება დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს, ინფორმაცია არ საჯაროვდება, ავტორები და საზოგადოება შედეგებს პირველი აპრილისთვის ელოდებიან.

ამავე თემაზე:

რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა – დეტალები

საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024 – დოკუმენტის სამუშაო ვერსია

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური