რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა – დეტალები
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის პორტალზე ეროვნული სასწავლო გეგმის (საბაზო საფეხური – მე–7,8,9 კლასები) სამუშაო ვერსია გამოქვეყნდა.
ვიწრო ინდიკატორებსა და შინაარსის ამოწურვაზე ორიენტაციის ნაცვლად, გრძელვადიან სასწავლო მიზნებზე ორიენტაცია, დამახსოვრების ნაცვლად ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარება, სასკოლო სასწავლო გეგმების რეალური ფუნქცის გააქტიურება და კურიკულუმის (საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო გეგმა) შემოქმედებითი შესაძლებლობების გაზრდა… საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის ამ და სხვა ძირითად აქცენტებზე, მის ახალ დიზაინზე EDU.ARIS.GE-ს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი ნიკოლოზ სილაგაძე ესაუბრება და საზოგადოებრივი კონსენსუსის მისაღწევად მკითხველს განხილვაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.
–ეროვნული კურიკულუმი არის ერთგვარი კონტრაქტი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ექსპერტთა წრეებს შორის. იმედია, თქვენი მკითხველებიც ჩაერთვებიან სამუშაო ვერსიის განხილვაში. კურიკულუმზე მუშაობა დასრულებულად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როცა საზოგადოებრივი კონსენსუსი იქნება მიღწეული. ახალი კურიკულუმის მოქმედების ვადა 2018-2024 წლებით განისაზღვრება.
–როგორ განისაზღვრა მესამე თაობის კურიკულუმზე მუშაობის ორიენტირები?
–ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ყოველთვის იჩენს თავს შემხვედრი პრობლემები და გამოწვევები. ეს დოკუმენტი სწორედ ამ პრობლემებზე რეაგირების რეჟიმში ვითარდება. შესაბამისად, ჩვენთვის ორიენტირს საქართველოს განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, საჭიროებები და გამოწვევები წარმოადგენდა.
–რა იყო ეს არსებითი საჭიროებები და გამოწვევები?
–ჩვენ ვატარებდით ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგს, რომელმაც დანერგვის თვალსაზრისით სამი ყველაზე არსებითი პრობლემა გამოავლინა. განათლების სისტემაში, რა თქმა უნდა, სხვა გამოწვევებიც არსებობს, თუმცა, ამ სამ პრობლემაზე რეაგირების გარეშე ძალიან გართულდება ეროვნული სასწავლო გეგმის შემდგომი განვითარება.
პირველი არის გრძელვადიანი სასწავლო მიზნებთან კავშირის დაკარგვა. გრძელვადიანი სასწავლო მიზანი ხშირად იკარგება მხედველობის არედან და სასწავლო პროცესი ან ძალიან ვიწრო ინდიკატორებზე, ან რომელიმე შინაარსობრივი საკითხის ამოწურვაზე ორიენტირებულად წარიმართება.
მეორე პრობლემა არის ის, რომ სწავლა-სწავლება მაინც ორიენტირებულია დამახსოვრებაზე (დეკლარატიულ ცოდნაზე) და არა ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებაზე (პირობისეულ-ფუნქციურ ცოდნაზე). მიუხედავად გარკვეული ძვრებისა, სწავლა-სწავლება მაინც იგივდება რაღაცის დამახსოვრებასთან და არა მასალის სიღრმისეულ გააზრებასთან.
მესამე პრობლემა უფრო სისტემური ხასიათისაა: სასკოლო კურიკულუმები (სასკოლო სასწავლო გეგმები) ასრულებენ მხოლოდ ადმინისტრაციულ ფუნქციას. მათ საგნობრივი შინაარსობრივი დატვირთვა პრაქტიკულად მოხსნილი აქვთ. კარგად განვითარებული განათლების სისტემების მქონე ქვეყნებში ეროვნული სასწავლო გეგმა არის ზოგადი ჩარჩო. ამ ჩარჩოში განსაზღვრულია სავალდებულო მოთხოვნები – რა უნდა იცოდეს, რა უნდა შეეძლოს და რა ღირებულებებით უნდა აღიზარდოს მოსწავლე. ამ მოთხოვნების რეალიზების გზებს ყველა სკოლა თავად პოულობს. სწორედ ამ გზას უნდა განსაზღვრავდეს სასკოლო კურიკულუმი. სამწუხაროდ, ეს კომპონენტი ჩვენთან პრაქტიკულად დაკარგულია და ეროვნული კურიკულუმი სასკოლო კურიკულუმის როლსაც ასრულებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ყველა სიახლე ამ სამი პრობლემის გადაჭრას ემსახურება. ცხადია, ეს პრობლემები მხოლოდ ეროვნული კურიკულუმით ვერ გადაიჭრება, თუმცა, ეროვნულმა სასწავლო გეგმამ მათ დაძლევაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.
–სასკოლო საზოგადოება მზად არის ამ სიახლეების დასანერგად?
–რატომაც არა? ეს პროდუქტი, ვგულისხმობ, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სწორედ სასკოლო საზოგადოებისთვის იქმნება. ჩვენთვის მიუღებელია გამონათქვამი: გეგმა კარგია, მაგრამ მომხმარებელი მისი გამოყენებისთვის არ არის მზად. ეროვნული სასწავლო გეგმა ვერ შეფასდება დადებითად თუკი მომხმარებლის შესაძლებლობებსა და ინტერესებს არ ითვალისწინებს.
მიგვაჩნია, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მომხმარებელს ძნელად შესასრულებელს არაფერს სთავაზობს. აქ,ზემოხსენებული სამი პრობლემის დაძლევისათვის ძალიან მარტივი და ეფექტური მექანიზმებია ჩადებული, რომლებიც უკვე პრაქტიკაშიცაა გამოცდილი.
–ამ პრობლემების მოგვარებას არც მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა ეწინააღმდეგება, მაგრამ… რაში მდგომარეობს ახალი ფორმატის მოხერხებულობა და ეფექტურობა?
–პუნქტობრივად გიპასუხებთ. დავიწყოთ გრძელვადიანი მიზნების მხედველობის არიდან დაკარგვის პრობლემით. მოქმედ, ანუ 2011-2017 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში მიზნები განსაზღვრულია წლიური შედეგებისა და მათი ინდიკატორების სახით. თითოეულ საგანში ყოველი წლისთვის განსაზღვრულია 10-15 შედეგი, თავისი 5-7 ინდიკატორით. ეს სიმრავლე მოკლევადიან მიზნებზე ორიენტირების მიზეზი ხდება. ზოგ შემთხვევაში, გრძელვადიანი მიზნების დაკარგვას განაპირობებს ინდიკატორების სიმრავლე, ზოგ შემთხვევაში კი, შინაარსზე (სახელმძღვანელოსა თუ ბირთვ-პროგრამის ამოწურვაზე) ორიენტირებულობა.
ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩვენ წლიური შედეგების ნაცვლად საფეხურის შედეგები განვსაზღვრეთ. თითოეულ საგანში 5-15 შედეგამდეა გამოყოფილი. საფეხურის შედეგები წარმოადგენენ პასუხს კითხვაზე – რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს საბაზო საფეხურის დასრულებისას. ეს არის გრძელვადიანი ორიენტირები, რომელზეც მუშაობა მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში მიმდინარეობს. წლიდან-წლამდე იცვლება სასწავლო თემები, თუმცა არ იცვლება მიზანი, რისთვისაც მოსწავლე ამა თუ იმ საგანს, თუ თემას შეისწავლის.
მაგალითისთვის, ისტორიაში საბაზო საფეხურის შედეგია ის, რომ მოსწავლემ შეეძლოს: სხვადასხვა ეპოქის არსებითი მახასიათებლების გამოყოფა და მათი თანამედროვეობასთან შედარება (დაახლოებით ასეა) სწავლა-სწავლების პროცესში იცვლება სასწავლო თემები (მაგალითად, პრეისტორიული ეპოქა, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები), შედეგის სახით განსაზღვრული ეს პრიორიტეტი კი უცვლელი რჩება (სქემა 1.)
აქვე აღვნიშნავ, რომ ახალ კურიკულუმში განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები, რომლებიც, ცხადია, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს ეფუძნება. თითოეული საგნის ფარგლებში გამოყოფილი შედეგები სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარეობს. საფეხურის შედეგები, პრაქტიკულად, კონკრეტული საგნის ენაზე „თარგმნილი“ ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნებია.
–ახალი კურიკულუმი მოიცავს სავალდებულო და სარეკომენდაციო ნაწილს?
–ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი – სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს, თუ რა უნდა იცოდეს, რა უნდა შეეძლოს და რა ღირებულებებით უნდა აღიზარდოს მოსწავლე. მეორე ნაწილი კი – წლიური პროგრამა აჩვენებს ამ მოთხოვნების რეალიზების გზებს. სტანდარტი სავალდებულოა, წლიურ პროგრამას კი სარეკომენდაციო სახე აქვს. მასწავლებელს შეუძლია ეს რეკომენდაციები გვერდზე გადადოს და მისი ალტერნატიული ვარიანტებით იმუშაოს, ან მისი ზოგიერთი ნაწილი გამოიყენოს, ზოგიერთი კი საკუთარი მოსაზრებებით შეცვალოს.
ვიმედოვნებთ, რომ საგნობრივი წლიური პროგრამები სამომავლოდ სასკოლო კურიკულუმების განვითარების პლატფორმა გახდება. იმ თვალსაზრისით, რომ ამ ანალოგიის საფუძველზე პედაგოგები და სკოლები ადვილად შეძლებენ მსგავსი სტრუქტურის ორიგინალური დოკუმენტის შექმნას.
სავალდებულო და სარეკომენდაციო ნაწილებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი. ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილია სავალდებულო სასწავლო თემები, თუმცა, თემის ფარგლებში საკითხების შერჩევის თვალსაზრისით, პედაგოგებსა და სახელმძღვანელოს ავტორებს სრული შემოქმედებითი თავისუფლება აქვთ (მხოლოდ ზოგიერთ საგანშია განსაზღვრული საკითხების მინიმუმი).
მასწავლებელს ზუსტად ეცოდინება, წელიწადში რამდენ თემას ასწავლის. ზუსტად ეცოდინება, თუ რომელ შეფასების ინდიკატორებზე უნდა იმუშაოს სასწავლო თემის ფარგლებში (ახალ კურიკულუმში შეფასების ინდიკატორები უშუალოდ სასწავლო თემებს ებმის), რათა საფეხურის შედეგების სახით განსაზღვრულ მიზნებს მიაღწიოს. მიღწევის გზების დაგეგმვისას კი მას სრული შემოქმედებითი თავისუფლება ექნება. თუმცა, ექნება სარეკომენდაციო წლიური პროგრამა, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი ამის საჭიროებას დაინახავს.
აქვე აღვნიშნავ, სავალდებულო სასწავლო თემების რაოდენობა ძალიან მცირეა. წლის განმავლობაში არცერთ საგანში არ არის განსაზღვრული სამ თემაზე ნაკლები და ხუთ სავალდებულო თემაზე მეტი.
ვფიქრობთ, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პედაგოგებს მკაფიო ინსტრუქციებს მისცემს ისე, რომ არაფრით შეზღუდავს მათ შემოქმედებით თავისუფლებას.
–დაგვრჩა მესამე, დეკლარატიული ცოდნიდან ფუნქციურ ცოდნაზე ორიენტირება…
–ამ მიმართებითაც გვაქვს ბევრი სიახლე. პედაგოგიკის არსი მოგეხსენებათ ისაა, რომ მოსწავლეს, იმაზე დაყრდნობით, რაც იცის, ასწავლო ის, რაც არ იცის; ანუ მას ნაცნობ მასალაზე დაყრდნობით უცნობი აუხსნა. ეს „უცნობი“, ჩვენს სტანდარტში ფორმულირებულია შედეგებისა და სავალდებული ცნებების სახით. თემებად კი შერჩეულია კონტექსტები, რომლებიც მოსწავლისთვის ისედაც ნაცნობია. მაგალითად, ქიმიაში სასწავლო თემებად შერჩეულია წყალი და ჰაერი, შედეგებად კი განსაზღვრულია ნივთიერებათა ურთიერთქმედება, პერიოდულობის ცხრილის გამოყენება და სხვა. ვფიქრობთ, რომ კურიკულუმის ასეთი პრინციპით აგება გააადვილებს სასწავლო პროცესში პირობისეულ-ფუნქციური ცოდნის გამოკვეთას. მით უფრო, რომ წლიურ პროგრამაში იგივე მიზნით ყველა სავალდებულო თემისთვის გამოკვეთილია საკვანძო შეკითხვები (Essential Questions), „მკვიდრი წარმოდგენები“ (Enduring Understandings) და პროექტული ტიპის კომპლექსური დავალებები. საკვანძო კითხვები და „მკვიდრი წარმოდგენები“ მოსწავლეს სასწავლო მასალის ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაახლოებაში დაეხმარება, კომპლექსური დავალებები კი მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.
–შეფასებაში რა სიახლე იქნება?
–ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილად ვერ ჩაითვლება. ახლო ხანებში იგი ალბათ არაერთხელ გახდება განხილვის ობიექტი. ისე, ჩაფიქრებული გვაქვს განმსაზღვრელი შეფასება მხოლოდ შემაჯამებელ დავალებაში დაიწეროს, ანუ საკლასო და საშინაო დავალებები ნიშნით არ შეფასდეს.
–დატვირთვის თვალსაზრისით როგორ გამოიყურება ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა?
–აქ გვაქვს „რევოლუციური სიახლეები“, ახალი კურიკულუმი ერთი ათად განტვირთულია. ეს ეხება როგორც სწავლა-სწავლების მიზნებს, ისე შინაარსს. როგორც აღვნიშნე, მოქმედ სასწავლო გეგმაში მიზნობრივი ორიენტირების როლს წლიური შედეგები და ინდიკატორები ასრულებდა. ამის გამო, წლის განმავლობაში პედაგოგს 70-დან-90-მდე ერთეულთან ჰქონდა შეხება. ახალი სასწავლო გეგმით კი მთელი საფეხურისთვის, ანუ სამი წლისთვის მხოლოდ 5-14 შედეგია განსაზღვრული.
რაც შეეხება შინაარსს, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ გვაქვს ე.წ. ბირთვპროგრამა, რომელიც ზოგიერთ საგანში ასზე მეტ ერთეულს მოიცავდა. როგორც ვთქვით, წლის განმავლობაში გვაქვს მხოლოდ 3-5 სავალდებულო თემა. საკითხთა მინიმუმი კი მხოლოდ ზოგიერთ საგანშია განსაზღვრული. ისიც უკიდურესად შემცირებული რაოდენობით.
საათობრივ ბადესთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო განათლება არის ერთადერთი საგანი, რომელსაც საათები მოემატა. თუკი საბაზო საფეხურზე იგი მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლებოდა, ახლა მე-7 და მე-8 კლასებშიც სავალდებულო საგანი იქნება.
–რა მიმართულებით ელოდებით ოპონირებას?
–შინაარსობრივი თვალსაზრისით კურიკულუმის განტვირთვამ ამა თუ იმ საგნის პატრიოტ ადამიანებს შეიძლება გაუჩინოს განცდა, რომ ამის გამო მისი საგანი დაკნინდა. თუმცა, ეს არ იქნება სამართლიანი კრიტიკა, ვინაიდან ახალი სასწავლო გეგმა სწორედ ამ საგნების არსებითი კონტურების გამოკვეთისა და მათი მიზნობრივად სწავლა-სწავლებისთვისაა შექმნილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინ არის საშუალო საფეხური, სადაც მოსწავლეს კიდევ ექნება ცოდნის გაღრმავების საშუალება. საბაზო საფეხურზე მოსწავლეების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და კურიკულუმი საუნივერსიტეტო სილაბუსებს არ უნდა დავამსგავსოთ.
ალბათ, ასევე, უნდა ველოდოთ კრიტიკას დიზაინის ცვლილებების გამო, ვინაიდან განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები არსებულ დიზაინს მეტ-ნაკლებად შეჩვეული იყვნენ. თუმცა, აქვე განვმარტავ, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა არავითარ შემთხვევაშიარ არის წინას ალტერნატივა. იგი მისი უშუალო განვითარების შედეგია. აქ უბრალოდ, სტანდარტის სტრუქტურული ერთეულები იმგვარად დალაგდა, რომ უკეთ იძლევა ზემოაღწერილ სამ გამოწვევაზე პასუხის საშუალებას.
შეიძლება, ასევე, გაჩნდეს განცდა, რომ კონკრეტული თემების ფარგლებში სტანდარტის შედეგების რეალიზება არ არის იოლი საქმე. ვინმეს ეს შესაძლოა პედაგოგებზე თავსმოხვეულ ახალ მძიმე ვალდებულებად მოეჩვენოს. რეალურად, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა არ აჩენს ახალ მოთხოვნებს. იგი, უბრალოდ, განსხვავებით პირველი და მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმებისგან, ამ მოთხოვნების რეალიზების სარეკომენდაციო გზასაც გვთავაზობს. წლიური პროგრამები მხოლოდ და მხოლოდ ამ გზების მაჩვენებელია. ზოგადად, სასწავლო გეგმის დანერგვა მაშინ იწყება, როცა ჩნდება შეკითხვა ,,როგორ“. წლიური პროგრამები სწორედ ამ შეკითხვას პასუხობს.
ამავე თემაზე:
შემცირებული გაკვეთილები და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა – 2018-19 სასწავლო წლის ცვლილებები
სკოლაში გაკვეთილების შემცირება საბაზო საფეხურს შეეხება – ინტერვიუ ლია გიგაურთან
მე–10–12 კლასებში მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეიცვლება – ლია გიგაური
„ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ – როდის დაინერგება სკოლებში ახალი ესგ
ესაუბრა ნინო კაპანაძე
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება