GE

რატომ ამოიღო თსუ-მ მისაღებ გამოცდებზე მეოთხე საგანი და ზოგადი უნარები – რექტორის პასუხი თსუ-ში ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს

„ეს უნივერსიტეტის გადაწყვეტილება იყო“, – ასე ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე სიახლეს, რომლის მიხედვითაც წელს, თსუ-ში, სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებზე ზოგადი უნარ-ჩვევები აღარ ბარდება და მეოთხე საგამოცდო საგანი საერთოდ მოიხსნა. შესაბამისად, უკვე 2022 წლის აბიტურიენტებისთვის, ამ საკმაოდ მოთხოვნად სპეციალობებზე მოხვედრა უკვე სამი საგნით არის შესაძლებელი.

თსუ-ის ამ სიახლის შესახებ EDU.ARIS.GE ჯერ კიდევ გამოცდების ცენტრის მიერ 2022 წელს ჩასაბარებელი სავარაუდო პროგრამების გამოქვეყნებამდე წერდა. საკითხმა დიდი ინტერესი და აბიტურიენტებში კითხვები გააჩინა. დიდი ხნის განმავლობაში მათ ცვლილების დაჯერებაც უჭირდათ. აღნიშნულის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE-მ განმარტების მისაღებად თსუ-ის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს მიმართა. დავინტერესდით თუ რამ განაპირობა ეს საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება. რექტორი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი უმაღლესი განათლების ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციით იყო ნაკარნახევი.

გამოქვეყნდა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით

„საქართველოში 70-ზე მეტი უნივერსიტეტი, თუ უმაღლესი სკოლაა. შენ თუ ოთხ გამოცდას დააწესებ და სხვა – სამს, მართალია, ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ არის რისკი და განცდა იმისა, რომ აბიტურიენტი გადაწყვეტილებას მიიღებს არა იმის მიხედვით, თუ რომელი ჯობია, არამედ იმის მიხედვით, რომელიც გარანტირებულია. ანუ, აქ ერთნაირი მიდგომა უნდა იყოს. მთელი სისტემაა შესაცვლელი და პატარ-პატარა ცვლილებებით ფონს ვერ გავალთ“, – განგვიცხადა გიორგი შარვაშიძემ.

EDU.ARIS.GE -სთან მან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეებიც შეაფასა, რომელთა მიხედვითაც გაზარდა მესამე სავალდებულოდ ასარჩევი საგნების ჩამონათვალი და ასევე, შინაარსობრივი ცვლილებები განიცადა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტმა. ამბობს, რომ 2019 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც მესამე სავალდებულოდ ასარჩევი საგნების რაოდენობა ორამდე დავიდა და აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთება მხოლოდ ისტორიასა და მათემატიკას შორის უწევდათ, კრიტიკული მოსაზრებები იმთავითვე ჰქონდათ, რომლებიც სამინისტროსაც გაუზიარეს. სახელდობრ, მისი თქმით, საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე არა მხოლოდ ისტორია, ან მათემატიკა უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, არამედ ის მაპროფილებელი საგნები, რომლებიც ამ მიმართულებებზე ისწავლება – ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია.

რაც შეეხება იმას, იყვნენ თუ არა და რა ფორმით იყვნენ ცვლილებების შემუშავების პროცესში ჩართულები ამჯერად, რექტორი გვპასუხობს:

„ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, დავაფიქსირეთ. რაღაცას ვეთანხმებით, რაღაცას – არ ვეთანხმებით, როგორც ყოველთვის. ფორმატი ასეთი იყო – სამინისტრომ შექმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც, რა თქმა უნდა, თსუ-ის პროფესორებიც იყვენ ჩართულნი, მიმართულებების მიხედვით. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე პროფესორი ვიცი, რომ ჩართული იყო. შემდეგ „დრაფტი“ დაგვირიგდა და ჩვენი შეხედულებები გავგზავნეთ. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. მიმართულებების შინაარსი რომ იცვლება, იცვლება სტანდარტიც და სტანდარტის ცვლილებასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო შემოთავაზება, რომ ვისაც აინტერესებს, ჩაერთოს“, – განმარტა გიორგი შარვაშიძემ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები, განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან, ოქტომბრის ბოლოს გახდა ცნობილი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური